პირველი და მეცხრე საქმე მიხეილ სააკაშვილისწინააღმდეგ; რა მოხდა 2007 წელს; ერეკლე კოდუასსპეცოპერაცია; სად იცხოვრებს ექსპრეზიდენტიდა სად წყდება მისი ბედი; რა უნდა ბიძინაივანიშვილს?
აღსრულდა! როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურამ დიდი ფიქრისა და შესწავლის, აგრეთვე, ყველა მოსალოდნელი რეაქციის გათვლის შემდეგ, მაინც აღძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
ნიშანდობლივია, რომ აირჩიეს სწორედ “იმედის” ქეისი იმ ცხრა საქმიდან, რომელიც პროკურატურის წარმოებაში იყო, რაც უეჭველად მეტყველებს, რა “ჭკუის ჭყლეტა” ჰქონდათ გამართული თვეების განმავლობაში, რათა “არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური”, რაკი სხვადასხვა და დიამეტრალურად საწინააღმდეგო ინტერესთა გადაკვეთაზე უწევდათ მუშაობა.
“ტელეიმედის” საქმე კი, პირველ რიგში, იმიტომაა მოხერხებული, რომ ძალიან ძნელია, მეტიც, შეუძლებელია, დასავლელი პარტნიორები დაარწმუნო ტელეკომპანიის დარბევის აუცილებლობაში, _ რაც არ უნდა ხდებოდეს “ქუჩაზე” და რასაც არ უნდა აცხადებდნენ ხელისუფალნი ამ ტელევიზიის “პროპაგანდისტული არსის” ან “პროვოკატორობის” შესახებ.
მაგალითად, რა უნდა თქვას ახლა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც (რასაკვირველია, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით) ადრე ხშირად გამოთქვამდა დიპლომატიურ “შეშფოთებას” ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესაძლო აღძვრის გამო? რომ ტელეკომპანიის დარბევა სწორი და გამართლებულია “იმ ვითარებაში”, ხოლო ბადრი პატარკაციშვილი რუსი ოლიგარქი, ფულის ქისა და “მშრომელი ხალხის სისხლით გამძღარი წურბელა” იყო?
რასაკვირველია, არც ამერიკელი და არც ევროპელი დიპლომატები თუ პოლიტიკოსები ამას არ იტყვიან და ვერც იტყვიან, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მათთვის სააკაშვილის გასამართლება. ამდენად, “ტელეიმედის” საქმე დასავლეთს ნაწილობრივ მაინც ართმევს “სათქმელს”.
მით უმეტეს, რომ თვით იმ მოვლენების დროს, დასავლეთმა არცთუ კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავა მიშას რადიკალური გადაწყვეტილებების მიმართ. შეგახსენებთ: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მაშინ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება “არ შეესაბამება ნატო-სკენ სწრაფვასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებს”. ასევე, “შეშფოთებულნი” იყვნენ სხვა დასავლელი ლიდერებიც. პირველ რიგში, რასაკვირველია, ანგელა მერკელი, ვისაც მუდამ მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა, რათა “მეგობარი ვალოდია” არ გაეღიზიანებინა ამ აბეზარი საქართველოს გულისთვის და შემდგომ, ბუქარესტის სამიტზე, სწორედ მიტინგისა და “ტელეიმედის” დარბევის საბაბით(!) გამოვიდა ჩვენთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგ.
სწორედ დასავლეთის იმდროინდელმა რეაქციამ აიძულა მაშინ სააკაშვილი, გადამდგარიყო და აშკარად გაერისკა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით. რისკი იმაში მდგომარეობდა, რომ, თუ გადამდგარი პრეზიდენტი პირველივე ტურში ვერ მოიგებდა (გასაგებია, რომ გრეჩიხა-გაჩეჩილაძე მის ალტერნატივად ვერ გამოდგებოდა) და საქმე მეორე ტურამდე მივიდოდა, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისი, რაც საქართველოში ერთი და იგივე არ არის.
მაგრამ გარისკა და მოიგო სწორედ იმიტომ, რომ ჯერ სცემა, ანუ “ჩხუბში გაიმარჯვა” და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა არჩევნებზე. მას რომ მიტინგის დარბევამდე დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, იანვარში სულ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა. როგორც მინიმუმ პირველ ტურში მაინც ვერ მოიგებდა და ალტერნატივაც სხვა იქნებოდა. მაგრამ სრულიად ზუსტად შენიშნა ვანო მერაბიშვილმა მასთან გამართულ საიდუმლო თათბირზე: “საქართველოში გალახულებს პატივს არ სცემენ”. ასეთია ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია.
“ტელეიმედისა” და ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ექსპრეზიდენტის სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყება ხელისუფლებას, როგორც მინიმუმ, იმის შანსს მაინც აძლევს, დასავლეთის კრიტიკა ნაწილობრივ მაინც აიცილოს თავიდან, თუ სრულად არა.
ეს არ ნიშნავს, თითქოს სააკაშვილი მხოლოდ ამ ერთი საქმით გადარჩება: უეჭველია, რომ დროთა განმავლობაში, რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის შუალედებით, მის წინააღმდეგ ყველა იმ ქეისზეც აღძრავენ საქმეს, რომლებშიც დღემდე მოწმის სახით ფიგურირებდა: “ბოტექსიდან” და პარლამენტის “სექსსიმბოლოთა” საჩუქრებზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ფონდის ხარჯვიდან _ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემამდე სანდრას შეურაცხყოფისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ყველა ამ საქმეზე, ისევე, როგორც პატარკაციშვილი-”იმედის” ქეისზე, პროკურატურის იურიდიული არგუმენტები აშკარად სუსტია. მაგალითად, საიდან იცის პროკურატურამ, რომ სწორედ სააკაშვილმა გასცა ბრძანება სპეცდანის “იმედში” შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის შესახებ?
დიახ, უკანონო იყო, რადგან ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე განხორციელდა, მაგრამ რით მტკიცდება, რომ ვანო მერაბიშვილმა ბრძანება უშუალოდ პრეზიდენტისგან მიიღო? თვით ვანო მერაბიშვილს პროკურატურასთან ჯერჯერობით(!) არ გაუფორმებია საპროცესო შეთანხმება და ეს ჩვენება არ მიუცია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ, ხოლო “აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა” და “ეს ხომ ისედაც ყველამ იცის” _ სამართლებრივი არგუმენტი არ არის.
რაც შეეხება მიტინგის დარბევასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ისევ და ისევ იურიდიული თვალსაზრისით, თავისთავად დანაშაული არ არის, მით უმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილებას “წნეხად” არ აწევს ისეთი პოლიტიკური არგუმენტი, როგორიცაა ადამიანთა სიკვდილი. ნუ დავივიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს: განსხვავებით 26 მაისის დარბევისგან, 7 ნოემბრის დარბევისას არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. და ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი მართლა ამბობდა პირდაპირ _ “მიტინგების მიზანი არა პროტესტის გამოხატვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა”.
პროკურატურის განცხადებაზე განსაკუთრებით ნიშანდობლივი და ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის რეაქცია, რომელმაც გაღიზიანება ვერ დამალა იმის გამო, რომ საქმე აღიძრა არა 26 მაისი დარბევის (როცა თვითონ უკვე ოპოზიციაში იყო), არამედ სწორედ 7 ნოემბრის მოვლენებზე, როდესაც თავად ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ბძანდებოდა და მმართველ პარტიას “დემოკრატიის გამარჯვებას” ულოცავდა _ მიტინგისა და “ტელეიმედის” დარბევის შედეგად და შემდეგ გამართული რიგგარეშე არჩევნებში წარმატების გამო.
სხვათა შორის, ზოგიერთი ჯიუტი ცნობით, პროკურატურას ქალბატონთანაც ჰქონდა და აქვს “კითხვები” 7 ნოემბრის თაობაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება თვით 2007 წლის მოვლენებს, დღევანდელი ხელისუფლებაც (ყოფილი ოპოზიცია) და დღევანდელი ოპოზიციაც (ყოფილი მმართველი პარტია) ერთდროულად რამდენიმე ცრუ მითის დამკვიდრებას ცდილობენ, რაკი მოსახლეობისადმი მათი დამოკიდებულებაც იდენტურია და მიაჩნიათ, რომ ხალხი (“ბრბო”) ყველაფერს მიირთმევს.
პირველ რიგში, უნდა თქვას, რომ მტკნარი სიცრუეა, თითქოს 2007 წლის სექტემბერ-ნოემბრის სულისჩამდგმელი და ცენტრალური ფიგურა ბადრი პატარკაციშვილი იყო. იმ პროცესებში წამყვანი როლი არათუ ბადრის, არამედ ირაკლი ოქრუაშვილსაც არ ჰქონდა, რომელმაც მისთვის ჩვეული ეშმაკობით (ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამ ახალგაზრდა კაცის ჭკუას, ეშმაკობას, ალღოსა და მოხერხებას ჩვენში მაინც არასათანადოდ აფასებენ), ზუსტად შეარჩია დრო, რათა მიშასთვის მაშინ “დაერტყა”, როცა მისი პირადი ინტერესები ოპოზიციურ ლიდერთა ინტერესებს დაემთხვეოდა.
გასაგებია, რომ ყოფილი ხელისუფლება ოსტატურად ცდილობდა სწორედ ბადრი ექცია მთავარ ძალად, რათა ამით აეხსნა “ტელეიმედის” ოპოზიციურობა, რაც კიდევ ერთი მტკნარი სიცრუე და პოლიტიკური მოტივით შექმნილი მითია: არავითარი “ბადრის მარიონეტები” “ტელეიმედის” სახეები, ანუ გიორგი თარგამაძე და მისი ამბიციური გუნდი არ იყვნენ: როგორც შემდეგ დადასტურდა, ისინი საკუთარ თამაშს თამაშობდნენ და საკუთარი ინტერესები ჰქონდათ.
ბადრის მათი “გაჩერება” შეეძლო მხოლოდ ერთი მეთოდით: საერთოდ გაერეკა ისინი ტელევიზიიდან, ან ჯერ კიდევ 2006 წელს მიეყიდა “იმედი” ხელისუფლებისთვის, რომელიც შეცვლიდა მენეჯმენტს, ხოლო მენეჯმენტი შეცვლიდა ჟურნალისტურ კორპუსს.
სხვათა შორის, პატარკაციშვილი ამისთვისაც მზად იყო, თუმცა, როგორც ერთხელ თქვა, “იმედის” სანაცვლოდ ის ხელისუფლებისგან 200 მილიონ დოლარს ითხოვდა და არა, უბრალოდ, რკინიგზის კონცესიას, რასაც სთავაზობდნენ. რკინიგზის მართვაში გადაცემა ბადრის ბევრს ვერაფერს მოუტანდა: უდიდეს ინვესტიციებს მოითხოვდა და უამრავი პრობლემის გადაჭრას საჭიროებდა, სანამ ეს საწარმო მისთვის და ბორის ბერეზოვსკისთვის მომგებიანი გახდებოდა.
გადაეხადათ 200 მილიონი დოლარი “ქეში” (ვიმეორებ: დაასახელა კიდეც ეს თანხა ერთ-ერთ ინტერვიუში) და “ტელეიმედს” ნამდვილად დათმობდა, თუმცა მიშასა და მის გუნდს ცოცხალი ფულის გადახდა არ აწყობდათ.
რაც შეხება რკინიგზას, ამ პრობლემური საწარმოს სანაცვლოდ, რომელიც, ამასთანავე, მთლიანად მთავრობაზე იქნებოდა მაინც დამოკიდებული, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, “ტელეიმედის” გასხვისება პატარკაციშვილს არაფერში აწყობდა, უსამართლო და საშიშ გეშეფტად მიაჩნდა.
ასეც თქვა: რომც გამეცვალა “ტელეიმედი” თქვენთვის რკინიგზაში, ტელევიზიის გარეშე მერე იმასაც იოლად წამართმევდითო. ხოლო თარგამაძის გუნდის ისე, არაფრის სანაცვლოდ და არაფრის გულისთვის ტელევიზიიდან “გაშვება” პატარკაციშვილს, უბრალოდ, ჩიხში მოაქცევდა და მისთვის წამგებიანი იყო.
არავითარი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი პატარკაციშვილი არ ყოფილა მაშინ. მიშას გუნდმა ის იმიტომ შეარჩია ამ როლზე, რომ “მოხერხებული მტერი” იყო და მის წინააღმდეგ უამრავი “სათქმელი” ჰქონდათ: “რუსი ოლიგარქი პუტინს ჩვენს ხარჯზე ევაჭრება”, “ოპოზიციას აფინანსებს” და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . .
მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელმა ნორჩმა (თუმცა უკვე ნაპროკურორალმა) ადვოკატმა, სწორედ ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით და “ვანო მერაბიშვილის დაძინების” შესახებ მისი ფრაზით ახსნა მიტინგის დარბევაც 7 ნოემბერს და “ტელეიმედში” შეჭრაც.
როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს ყველანი უმეხსიერებო იდიოტებად მივაჩნივართ. “ხალხის” მიმართ ამგვარი განწყობა ზოგადად მიშას ახალგაზრდული გუნდისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც თავი “კიტრად” მოაქვთ და რატომღაც მიაჩნიათ, მათ ეშმაკობებს ვერავინ ხვდება. არადა, ერთი მოარული კითხვისა არ იყოს: “ასეთი ჭკვიანები თუ ხართ, საბოლოოდ რატომ დამარცხდით?”
სინამდვილეში, ვანო-ს “დაძინების” შესახებ ფრაზა და სოდ-ის უფროს ერეკლე კოდუასთან შეხვედრა შედგა ბევრად გვიან, ვიდრე 7 ნოემბრის დარბევა და “ტელეიმედში” სპეცდანის შევარდნა. ამდენად, ეს ფრაზა და პატარკაციშვილის მიერ ვითომდაც გადატრიალების მზადება ბევრად გვიან იყო, ბევრად “შემდეგ” და არა “მანამდე”, ვიდრე ოპოზიცია (ოქტომბრის დასაწყისიდან) რუსთაველზე მიტინგებს მოაწყობდა.
პატარკაციშვილის ყბადაღებული განცხადებაც (“ყველაფერს გავაკეთებ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დასამხობადო”) _ “იმედის” ეთერში გაისმა არა “მანამდე”, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიტინგი რუსთაველზე უკვე დაარბიეს, ხოლო სპეცდანი რიყისკენ დაიძრა მეორე სერიის მოსაწყობად.
რეალურად, “ტელეიმედის” საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია არა ეს ინსინუაციები, არამედ ის, თუ რა უსინდისოდ მოექცა ბადრის ხსენებული ტელევიზიის მრავალი “სახე”. როგორ გაიპარნენ თუ გადაიპარნენ ისინი “მიშას არხებზე”, როგორ აიღეს კრედიტები “ოჯახური პრობლემების გადასაწყვეტად” და გაიყიდნენ მაშინვე, როგორც კი ხელისუფლებამ მათი ფასი დაადგინა: არც ისე ძვირი რეალურად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საგანგებოდ აღსანიშნავია ერეკლე კოდუას როლი, რომელმაც ბრწყინვალედ განახორციელა სპეცოპერაცია: ჯერ იპოვა, რუსული ჟარგონით, “ხოდი” ვალერი გელაშვილთან, შეუჩნდა მას, რომ სურს, დაეხმაროს ბადრის ხელისუფლების დამხობაში, ეს უკანასკნელიც უცნაური სიიოლით წამოეგო ამ აშკარა ანკესს და, შეიძლება ითქვას, პატარკაციშვილის სიკვდილიც სწორედ ამან გამოიწვია საბოლოოდ, რაკი იმ საუბარში, რომელიც კოდუამ ფეხსაცმლის ქუსლში პირიმზის ერთი ხელოსნის მიერ ჩამონტაჟებული მოწყობილობით ჩაიწერა, ბადრიმ თავის პარტნიორ ბერეზოვსკიზე თქვა ზოგი რამ საწყენი. ისიც მივიდა მასთან სახლში და უსიამოვნო საუბრიდან ერთ საათში ბადრიც გარდაიცვალა. რეალურად, ბადრის საკუთარი ფული არც ისე ბევრი ჰქონდა _ ბერეზოვსკის ფულს უფრო ინახავდა.
თუმცა დავუბრუნდეთ დღევანდელობას, რაკი ეს ყოველივე უკვე წარსულია: მაშ ასე, საქმე აღიძრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიშაზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. ძნელად წარმოსადგენია, ამერიკელებმა ის საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცენ. თუმცა, ეს სიტუაცია მაინც ორმხრივად უსიამოვნოა: ამერიკას საქართველო ჯერ არ გამოუცხადებია დიქტატორულ რეჟიმად. პირიქით, “პარტნიორს” უწოდებს და ამ დროს ძებნილ ექსპრეზიდენტს “კითხვებს” არ უსვამს, ანუ საქმის აღძვრას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მაგრამ ვაშინგტონს ამგვარი პრობლემების გადაწყვეტის დიდი გამოცდილება დაუგროვდა: სააკაშვილს, უკიდურეს შემთხვევაში, ურჩევენ იმ ქვეყნებში გადასახლდეს, რომელთაც ზესახელმწიფოებრიობის ან გლობალური გავლენის პრეტენზია არა აქვთ. მაგალითად, ნიდერლანდში ან იმავე უკრაინაში.
სწორედ უკრაინაში წყდება დღეს მიშას ბედი! როგორც სჩვევია, სააკაშვილი თამაშობს “ნულოვანი რეზულტატის თამაშს” და მიდის რისკზე, რაკი პუტინის სასტიკი მარცხი უკრაინაში უეჭველად იმასაც ნიშნავს, რომ მიშა არათუ დაპატიმრებას გადაურჩება, არამედ, დროთა განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში ტრიუმფალური დაბრუნების შანსსაც მოიპოვებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხოლო მეორე მხარის აშკარა ტყუილია, თითქოს “სამართლიანობის აღდგენის” მწველი სურვილი ამოძრავებთ. სინამდვილეში, ხელისუფლებას აქვს ინტენცია, პირწმინდად გაანადგუროს მიშა და მისი გუნდი, როგორც პოლიტიკური ძალა, რაკი სხვაგვარად ვერაფრით მოსპო, ვერ დაჯაბნა დემაგოგიაში, პოლიტიკურ ინტრიგებსა თუ “პი-არ” ტექნოლოგიებში.
ამდენად, “დაჭერების” მეთოდს იყენებენ და საკმაოდ შედეგიანადაც: რაც უფრო გაძლიერდება რეპრესიები, მით უფრო ხშირად გადაიღებს ყოფილი მინისტრი ხაჩიძე “სელფებს” ამჟამინდელ ჩინოსნებთან და საერთოდ, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობა ორი მესამედი ყოფილი ჩინოსნებისგან შედგება, ხოლო ყოფილი ჩინოსნების მიმართ “კითხვების” მოფიქრებას რა უნდა პროკურატურისთვის “რამე რომ იყოს?” არც არაფერი!
ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, საპარლამენტო უმრავლესობა, ისევ და ისევ “რამე რომ იყოს”, მათთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას არ დაუჭერს მხარს. ჰოდა, დარჩებიან ჩიორა თაქთაქიშვილისა და ირმა ნადირაშვილის ამარა!
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გაურკვეველი მაინც ისაა, რა პროექტის ფარგლებში ხორციელდება ეს ყოველივე? ანუ, რა უნდა “ბოლოს და ბოლოს” ბიძინა ივანიშვილს?
დიქტატორობა ამ კაცს აშკარად არ სურს, ავტორიტარიზმი (ასევე, ცხადია) არ შეუძლია, რაკი ავტორიტარული მოდელი კომუნიკაციის სხვა დონეს მოითხოვს, ვიდრე ტოქშოუების წაყვანაა მეოთხეხარისხოვან ტელეარხზე; ეკონომიკა მართლა ვერ ვითარდება, ინვესტიციები მცირდება, ბიზნესი პოლიტიკური გაურკვევლობითაა დაშინებული... ამდენად ქვეყანა თითქმის გაჩერებულია, რუსეთთან ურთიერთობაც ჰაერშია გამოკიდებული: რაკი ნატო-სკენ კურსს არ ვცვლით, როგორც კი უკრაინაში მოიმთავრებს საქმეს (როგორც არ უნდა დამთავრდეს), პუტინი ჩვენ “მოგვიბრუნდება”, _ თუნდაც იქ დამარცხების გამო კომპენსირებისთვის, როგორც ყოველთვის.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირებას არანაირი სწრაფი ეკონომიკური დივიდენდი არ მოჰყვება: იმ მცირედზეც კი, რისი ექსპორტიც შეგვიძლია, ევროპა საგანგებო ბაჟს გვიწესებს _ “ბაზარზე წვდომის გადასახადი” რომ ჰქვია; აფხაზეთში ქართველების დეპასპორტიზაცია მიმდინარეობს, ხოლო კოკოითი “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს _ “აღმოსავლეთ ოსეთის”, ესე იგი თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის დასაპყრობად.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ მზარდი რიგის გაგრძელება ახლავე შეიძლება. ასეთ ვითარებაში ყოფილი ჩინოსნების, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და თუნდაც ყველა “მოხელთებულის” გალიებში გამოკეტვა არ შეიძლება იყოს ის “საერთო-ნაციონალური პროექტი”, რომელიც ხელისუფლების არა მოკლევადიან, არამედ ხანგრძლივვადიან პოლიტიკურ ლეგიტიმურობას განაპირობებს.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ ამ “დაჭერებს” სხვა რამეც არ მოჰყვა _ ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის მიერ რეალური შვების, ანუ “ამოსუნთქვის” თვალსაზრისით, _ მაშინ, რამდენი და ვინც არ უნდა “დაიჭირონ”, ეს ხელისუფლება იმაზე ცუდად დაამთავრებს, ვიდრე მიშამ და მისმა გუნდმა დაასრულა თავისი 9-წლიანი მოღვაწეობა.