ხელისუფლება გამუდმებით გვიმტკიცებს, რომ მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნავს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. წიგნიერების თვალსაზრისით საქართველო აუტსაიდერების რიგებში აღმოჩნდა.
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის ეს შემაშოთებელი ამბავია. ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ უწიგნური მოსახლეობა ხელისუფლებას აწყობს. რაში სჭირდება ხელისუფლებას უწიგნური და ღატაკი ადამიანები, რატომ ვართ ქართველები ყველაზე უბედურ დღეში, რა გამოკითხვა ჩაატარა ვაშინგტონში, ამ საკითხებზე ჯანსუღ ჩარკვიანი “ახალ თაობას" ესაუბრება,
ჯანსუღ ჩარკვიანი: ეს ამბავი სხვა დროსაც მომიყოლია და კიდევ ერთხელ გავიხსენებ. 1990 წელს კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანთან ერთად ვაშინგტონში ვიყავი, სადაც მსოფლიოს პოეზიის საღამო იმართებოდა. უნივერსიტეტის შენობაში რომ შევედით, რამდენიმე სტუდენტი გავაჩერე. მოვიყვანეთ ჩვენი თარჯიმანიც და ამ ბავშვებს პატარა გამოკითხვა ჩავუტარე. დავუსვი მხოლოდ ერთი შეკითხვა, ვინ არის შექსპირი? ექვსი სტუდენტიდან მხოლოდ ერთმა მიპასუხა, მწერალი იყოო. დანარჩენებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს ახალგაზრდები მეორე-მესამე კურსის სტუდენტები იყვნენ.
ჩვენ ყველაფერში ამერიკას ვბაძავთ. იქნებ ამაშიც გვინდა რომ ამერიკას
დავეწიოთ?
- მე არ ვიცი, ახლა ჩვენ ვის ვემსგავსებით. ადრე ჩვენთან წიგნიერება რომ იყო, ამას ლაპარაკი რად უნდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით ყველაზე წიგნიერები. მაშინ წიგნს ყველა კითხულობდა. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ბიჭები ვიყავით, როცა გოგოების ჯინაზე ვკითხულობდით წიგნებს.
გოგონების ჯინაზე რატომ კითხულობდით?
- გოგონებს უფრო უყვართ ხოლმე წიგნების კითხვა. ჩვენ არ გვინდოდა მათ ჩამოვრჩენილიყავით და ჯინაზე ჩვენც ვკითხულობდით. ახლა ასეთი რამე წარმოუდგენელია. წიგნის სიყვარულს მშობლები, ბებიები და ბაბუები გვინერგავდნენ. ლეჩხუმში ყოფნის დროს ბაბუამ გამომიტანა მიხეილ ჯავახიშვილის წიგნი “მართალი აბდულა". მითხრა, წაიკითხე, ოღონდ არავის არ უთხრა, ეს წიგნი ჩვენს სახლში რომ ინახებაო. მაშინ არ ვიცოდი, ჯავახიშვილი დაპატიმრებული რომ იყო. ან საიდან უნდა მცოდნოდა, სულ რაღაც ათი წლის ვიყავი. მეოთხე კლასში ვიყავი, “მთვარის მოტაცება" რომ წამაკითხა ვასასი ბებიამ, ყიფიანის ქალბატონმა. ბავშვებს ბებიამ, ბაბუამ, მშობლებმა უნდა ურჩიონ, წიგნი წაიკითხონ. როგორ შეიძლება უწიგნური კაცი იყო, ამ ქვეყანაზე ცხოვრობდე და ქართველო გერქვას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ახალგაზრდამ არ იცოდეს რუსთაველი ვინ იყო. შეიძლება “ვეფხისტყაოსანი” წაკითხული არ გქონდეს, მაგრამ საქართველოში თუ ცხოვრობ, უნდა იცოდე ვინაა რუსთაველი. ეს ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება.
მიზანმიმართულად რატომ?
- ამ ხელისუფლებას ღატაკი და უწიგნური მოსახლეობა აწყობს. ბავშვებს წიგნის სიყვარულს უკარგავენ. პენსიონერებს კი პენსიას არ უზრდიან.
პენსიის გაზრდას ხომ დაგვპირდნენ?
- რასაც ესენი აპირებენ, ეგ პენსიის გაზრდა არ არის. ესენი აპირებენ ათი ლარის დამატებას. ყველაფერი ისეთი გაძვირებულია, რომ ათ ლარს თუ დაამატებ, ამას პენსიის მომატება არ ჰქვია. თუ გაზრდა უნდათ, მაშინ 10 ლარი კი არ უნდა დაამატონ, არამედ საარსებო მინიმუმამდე გაზარდონ. ამას არ გააკეთებენ იმიტომ, რომ ქვეყანაში ღატაკი და მშიერი ხალხი სჭირდებათ. ასეთი ხალხის მართვა უფრო ადვილია, ისევე, როგორც უწიგნურის. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ უწიგნურები. უწიგნური ყველაფერს დაგიჯერებს, რასაც ზემოდან ჩასძახებ.
ბავშვების უწიგნურობას ხშირად იმით ხსნიან, რომ მშობლებს მათთვის
წიგნის შესაძენი ფული არა აქვთ.
ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. თუმცა უწიგნურობა მარტო ამის ბრალი არ არის. შეიძლება ადამიანი მილიარდერი იყოს, მაგრამ უწიგნური. ეს იმ ამერიკელმა მილიარდელმა დაამტკიცა, რომელმაც თქვა, საქართველო ნომერ პირველია მსოფლიოშიო.
რომელ მილიარდელზე საუბრობთ, დონალდ ტრამპზე?
- კი, ტრამპზე მოგახსენებთ. მან თქვა ის, რაც სააკაშვილმა ჩასძახა. ის წიგნიერი რომ ყოფილიყო, ამას არ იტყოდა. მახსოვს, ერთხელ მე და ნოდარ დუმბაძე მოვდივართ რუსთაველზე. ვხედავთ, ორი ბიჭი მოდის. ნოდარმა ხელი გამკრა და მითხრა, ეს ბიჭი დაუნიაო. მე ვუთხარი, რა დაუნი, იცი რა ინგლისური იცის-თქო. მომიბრუნდა და მითხრა: “ჯანუკა, გადამრევ, ინგლისელი დაუნი არ გაგიგონია"-ო. ახლა იმას ფიქრობენ, ინგლისურს თუ ისწავლი, ყველაფერი ხარ. უცხო ენის სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ იმასაც გააჩნია, რისთვის სწავლობ ამ ინგლისურს. ჩვენთან ინგლისურზე ხელისუფლება ასეთ ყურადღებას ხომ გარკვეული მიზეზით ამახვილებს.
რა მიზეზით?
- ამ ინგლისურით უნდა უარყონ რუსეთი და შეუძვრნენ ამერიკას. რუსეთი რომ დამპყრობელია, ამას მე ვინ მასწავლის, მაგრამ მის ჯინაზე არ შეიძლება ამერიკას შეუძვრე. სხვანაირად უნდა მოიქცე.
სხვანაირად როგორ?
- უნდა ვიყოთ ლოიალური. უნდა ვიმოქმედოთ ჭკუით. ძალით ვერაფერს გავხდებით. იცით როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორც ზღაპრის გმირი, რომელმაც ჭყინტ ყველს წვენი გაადენინა, დევს კი ისე მოაჩვენა, თითქოს ქვას გაადენინა წვენი. საჭიროა დიპლომატია. ჩვენ დიპლომატია გვაკლია. გადავხედოთ რა ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. იმ თხუთმეტი რესპუბლიკიდან მხოლოდ ჩვენ გვეხაზება.
პრობლემები იმ ქვეყნებასაც ხომ ჰქონდათ და აქვთ?
- პრობლემები ყველა ქვეყანას შეიძლება შეექმნას. ჩვენსავით იმ 15 რესპუბლიკიდან არც ერთს არ მოეხაზა. ყველა ჩვენზე კარგად არის. ყველას ჰქონდა პრობლემები, მაგრამ დიპლომატიის გზით შეძლეს მათი მოგვარება. ისინი პრობლემებს აგვარებენ, ვინმეს კი არ უძვრებიან. ჩვენ კი ან ერთს უნდა შევუძვრეთ, ან მეორეს. უნდა ვიყოთ ასე უბედურებაში და ვანგრიოთ ქვეყანა. ქვეყანა არ დაინგრევა თუ ხალხს სამუშაო და სარჩო ექნება. როცა არც სამუშაოა და არც ხელფასი, უბედური ხარ. როცა შენ უბედური ხარ, ხარ მონა. როცა უწიგნური ხარ, მაშინაც იქცევი მონად. მონების ქვეყანა ვართ დღეს. ამ მონების ქვეყანას ხელისუფლება მშვენივრად მართავს. ილია ჭავჭავაძემ თქვა თავის დროზე, ყველა ყრუი და ყველა ცრუიო. აი, ასეთია საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი. ეს არის დიდი უბედურება. რად უნდათ ამათ წიგნი. ბავშვებს კომპიუტერი შეტენეს, მხოლოდ და მხოლოდ წიგნის
მაგივრად.
კომპიუტერით ხომ ბევრი რამის გაგება და სწავლა შეიძლება?
- კომპიუტერით ბევრ რამეს გაიგებ, მაგრამ წიგნიერი არ იქნება. ახლა ჩვენი დედა ენა იქნება იაკობ გოგებაშვილის დედა ენის მიხედვით. შე დამანგრეველო, ყველა რაღაცას აკეთებს, შენ კი აშენებულსაც ანგრევ? ჩვენ ისტორიაში შევალთ, როგორც ძეგლების დამანგრეველი ქვეყანა.
ზემოთ თქვით, რომ ხან ერთთან ვართ შემძვრალები, ხან მეორესთანო. რატომ
ხდება ასეა, რატომ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ?
- ეს ჩვენი უბედურების ბრალია. მთელი ჩვენი ცხოვრება ასე იყო. სულ ვიღაცისანი ვიყავით. მაშინაც კი, როცა დიდგორი მოვიგეთ. უდიდესმა პიროვნებამ, დავით აღმაშენებელმა ქართველთა ლაშქარს ყივჩაღები ჩაუყენა წინ, რათა ქართველი კაცის სისხლი უფრო მეტად არ დაღვრილიყო. ერთი კია, ის ყივჩაღები შემდეგ გაქართველდნენ. სამაგიეროდ, დღეს ქართველებს ეროვნულობა გვაკლია. მე ვთქვი, რომ ეროვნული დღევანდელი გაგებით ნიშნავს, რომ ერი დაყვანილია ნულამდე. სომხეთი არის სომხების, აზერბაიჯანი - აზერბაიჯანელების, ლიტვა - ლიტველების, ესტონეთი - ესტონელების. საქართველო ქართველების აღარ არის. როცა შენ ქართველი ხარ და საქართველო არა გაქვს, მაშინ წიგნიერება რაღად გინდა. ან რა გასაკვირია, თუ კონსტანტინე გამსახურდია მისი შვილიშვილი კოკო ჰგონიათ. ეს რომ ასეა, ჩვენი ბრალიც არის. მათ შორის ჩემიც. არადა, ხმალამოღებული ვიბრძვი ამდენი ხანია. სექტემბერში 80 წელი შემისრულდება, მაგრამ ვერ ჩავაგე ქარქაშში ხმალი. მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძვი, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. როცა უწიგნურობა იქნება, საქართველო ვერ გაიმარჯვებს. ამათ არ უნდათ გამარჯვებული საქართველო.
გამარჯვებული საქართველო ნიშნავს იმას, რომ შენ იყო თავისუფალი. თავისუფლება კი, როგორც დავწერე, ლომთა ხვედრია.
ჩვენ ლომები არა ვართ?
- ჩვენ, სამწუხაროდ, ლომები არა ვართ. ჩვენ ვართ კურდღლები. კურდღლებს კი თავისუფლება არ ექნებათ. ამათ არც არწივი უყვართ და არც ლომი. შევარდენი ხომ არ უყვართ და არ უყვართ.
სამაგიეროდ მისი მეგობარი ჰეიდარ ალიევი უყვართ, თანაც ისე, რომ ძეგლებს
უდგამენ.
- მარტო ძეგლებს უდგამენ? მისი სახელობის ქუჩები, სანაპიროები და უნივერსიტეტები გვაქვს. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ უნდათ, კიდევ დაუდგან ძეგლი. ოღონდ ვისთან ერთადაც გაიმარჯვა, იმას ნუ დატუქსავ. მაგრამ ჩვენ ხომ სხვანაირები ვართ. ერთი კაცის ჯინაზე მეორეს აღმოვაცენებთ. ეს არის ჩვენი უბედურება. ვისაც გვინდა, იმას შევიყვარებთ, ოღონდ კი ქართველი გვძულდეს. მართლა ეგრე არის. მთელს მსოფლიოში ციხე შიგნიდან ტყდება, მაგრამ მხოლოდ ქართველის ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო. ასეთები ვართ და ვაღიაროთ. ილია რომ გყავს
და ილიას მოკლავ, თქვი, ვინა ხარ? მერე გამოდი და იტრაბახე, ილიას მშობელი ერი ვარო. ილიას მკვლელიც რომ ხარ, ესეც უნდა თქვა. ვიდრე ბოროტების წინააღმდეგ დაიწყებ ბრძოლას, უნდა დაფიქრდე. ამ ბრძოლით უარესი ბოროტება არ ჩაიდინო. თუ საჭიროა, უკანაც უნდა დაიხიო. უკან დახევა ვაჟკაცების თვისებაა. ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ შენი მეობა არ დაკარგო. ჩვენ მაშინ უფრო თავისუფლები ვიყავით, როცა იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირში ვიყავით.
რატომ ვიყავით უფრო თავისუფლები?
- სამწუხაროდ, ასეა. მე და ჩემი თაობა იმას ვწერდით, რაც გვინდოდა. წინააღმდეგობები მაშინაც იყო, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. დღეს კი საქართველო ქართველების აღარ არის. ერთმა კაცმა ოქროყანაში მიწები გაყიდა. მე ვკითხე, ვის მიყიდე თუ იცი-თქო. მითხრა, არაბიაო. მე ვუთხარი: შენ არ გაბია, თორემ მაგას კარგად აბია. ჩვენ მართლა არ გვაბია თავი. სხვანაირად შავ ზღვაზე თურქობა არ იქნებოდა. აქეთ გამოვალთ და ჯავაკხია. იმას თურქობა უნდა, იმას სომხობა. ჩვენ ვართ ასე გამოქლიავებულები. სანამ ერთობა არ იქნება, ვერ გავიმარჯვებთ.