რამდენიმე დღის წინ, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ სიტყვა ე.წ. ელიავას ბაზრობის ქალაქიდან გადატანაზე ჩამოაგდო. ნარმანიას თქმით, “ელიავას ბაზრობის” ანტისანიტარია მოსახლეობისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. ამიტომ, უპრიანი იქნება, რომ “ელიავა”, რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდეს. მართალია, ამ თემაზე ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ “ნაციონალების” მმართველობისას იდეა იდეად დარჩა. როგორ შეხვდნენ ნარმანიას ინიციატივას “ელიავას ბაზრობის” მოვაჭრეები და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა? - ამის გასაგებად “ქართული სიტყვა” “ელიავას ბაზრობას” ეწვია.
ქალაქში საშინელი სიცხეა, ყველაფერს ოხშივარი ასდის. ბაზრობის შესასვლელში ქალბატონები შეკრებილან და რაღაცაზე ცხარედ საუბრობენ. მივაყურადე - ბაზრობის გადატანა-არდაგადატანაზე მსჯელობენ. ერთ-ერთს გამოველაპარაკე. თავი ციცო ნებიერიძედ გამაცნო:
- ამ გადაწყვეტილებით, მხოლოდ მე კი არა, მთელი სამეზობლო კმაყოფილია. “ელიავას ბაზრობის” გადატანას წლებია, ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა.
- ქალბატონო ციცო, მოსახლეებს ანტისანიტარია უფრო გაწუხებთ თუ ხმაური?
- 12 წელზე მეტია, ყველაფერი გვაწუხებს - ვიბრაცია, ტოკსიკური სუნი და ხმაური. ზოგიერთი კორპუსის პირველ სართულზე ვულკანიზაციაა განთავსებული, ზოგან კი, - მეორადი საბურავებისა და ავტომობილების ტექნიკური მოწყობილობის საწყობები. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ხომ ხალხი ვართ, ბავშვები გვყავს და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა სანატრელი გაგვიხდა?! ბაზრობის ხალხი მუშაობას დილის 7 საათზე იწყებს - ჩართავენ მანქანის შემკეთებელ მოწყობილობებს და ისეთი ვიბრაციაა, გეგონებათ, 5-ბალიანი მიწისძვრააო.
სხვათა შორის, ამას წინათ, გარემოს დაცვის სამინისტროდან მოვიდნენ, გაზომეს და ხმაურის, ასევე, ვიბრაციის დონემ ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა. ამის თაობაზე სამინისტროდან წერილობით დასკვნას ველოდებით. “ელიავას ბაზრობა” უკვე ბავშვებისთვის მოწყობილ სკვერშიც “შეიჭრა” - იქ მეორადი საბურავების ნაგავსაყრელია მოწყობილი.
- ქალბატონო ციცო, “ელიავას ბაზრობის” გადატანით თქვენი პრობლემა კი მოგვარდება, მაგრამ ბევრს ულუკმაპუროდ დატოვებს...
- ეს საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია - მოვაჭრეებს შესაფარისი ადგილი მოუნახოს და ქალაქგარეთ გაიყვანოს.
ქალბატონ ციცოს გამოვემშვიდობე და გზა განვაგრძე. მოვაჭრეების უმეტესობას სახეზე აწერია, რომ კლიენტის ნაკლებობას განიცდის. შევეცადე, რამდენიმეს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ რომ გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი, თავი შორს დაიჭირა, არავინ არაფერს გვეკითხება და მთავრობას ჩვენი ბედი არ აღელვებსო... ამასობაში, მოვაჭრეებს შუახნის მამაკაცი გამოეყო, ხელი გამომიწოდა, ავთო მქვიაო და იმის თქმაც არ დავიწყებია, რომ პარკეტით ვაჭრობს:
- თვალი ჯერ სააკაშვილის ხალხმა დაგვადგა და ჩვენი აქედან აყრა უნდოდა, მაგრამ მაშინ როგორღაც გადავრჩით. ახლა კი, ნარმანიას ვერ გადავურჩებით. იმის ნაცვლად, რომ ხალხი დაასაქმონ, უმუშევრად გვტოვებენ! მთავრობაში ხალხი ფულის საკეთებლად მოდის, თორემ ჩვენი ჯავრი ვის აქვს?!
ფინანსთა მინისტრი რომაა, ნოდარ ხადური, იმან შემოიღო ჩეკების მონიტორინგი - საგადასახადო სამსახურიდან აგენტები მოდიან, რაღაცას განგებ ყიდულობენ და თუ ჩეკის ამორტყმა დაგავიწყდა, ჯარიმას წერენ. გაიძახიან, ბიუჯეტი გარღვეულიაო, თვითონ პრემიას პრემიაზე იღებენ და ბიუჯეტის შევსება ჩვენისთანა საცოდავი ხალხისგან უნდათ?!
ზაფხულია, ხალხი ქალაქიდანაა გასული, ვაჭრობა არ არის და ამხელა ჯარიმები საიდან გადავიხადოთ? ნუთუ, არავის ვეცოდებით?
- ბატონო ავთო, “ელიავას ბაზრობა” რუსთავში რომ გადავიდეს, იქ სამუშაოდ წახვალთ?
- რას ამბობ, გენაცვალე, ყოველ დღე იქით-აქეთ სიარულში, 80 კილომეტრამდე უნდა გავიარო, მოგებული თანხა თუ გზაში დავხარჯე, ეს რაღა მუშაობა გამოვა? აქ ბევრია ისეთი, ვისაც ჯიხური აქვს ნაყიდი, ამ ფულს ვინმე აუნაზღაურებს? სანამ არჩევნები იქნებოდა, ხალხთან დარბოდნენ და პირობების გაუმჯობესებას გვპირდებოდნენ, ახლა თავისი გაინაღდეს და ვის რაში ვჭირდებით?
მეორე საკითხია, რუსთავში ვინ ივლის, აღარც მოვაჭრე იქნება და აღარც - მყიდველი. თუ ბაზრობა იმის გამო გადააქვთ, რომ აქ მოსახლეობას ანტისანიტარია აწუხებს, გადაეტანათ მუხიანში, გლდანში, ან თბილისის სხვა გარეუბანში, რაღა რუსთავში გადაგვყარეს? ვაი, ჩვენს პატრონს!.. ჩვენს გაბითურებას არავის შევარჩენთ. ყველა მოვაჭრე გამწარებულია. გაჩერებას არ ვაპირებთ, გამოვალთ და მერიაში შევიჭრებით, საპროტესტო გამოსვლებს მოვაწყობთ. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და რა ვქნათ, სული შიმშილით ამოგვძვრეს?
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 20%, ანუ დაახლოებით, 350 ათასი ადამიანია უმუშევარი, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მაღალია - მოსახლეობის მესამედს სამუშაო არ აქვს, დანარჩენი კი, უცხოეთშია გადახვეწილი და ოჯახებს ასე არჩენს. ნოდარ ხადურის სიტყვებს თუ ვენდობით, 2013 წლის სამი კვარტლის განმავლობაში, 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, ხადური გვარწმუნებს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, უმუშევრობის რიცხვი მცირდებაო. თუკი “ელიავას ბაზრობა” ფუნქციონირებას შეწყვეტს, უმუშევრობის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება...