ნარმანიაც „ხრუშჩოვკების“ ლაბირინთში შევიდა

ნარმანიაც „ხრუშჩოვკების“ ლაბირინთში შევიდა

„ხრუშოვკების“ დემონტაჟით და მათ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებით დაინტერესებული ჩინური საინვესტიციო ჯგუფი თბილისში აგვისტოში ჩამოვა. ასეთი ენერგიულობით შეუდგა დედაქალაქის ახალი მერი ვადაგასული 5-სართულიანი კორპუსების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით ნარმანიას თქმით, ის მზად არის დაინტერესებულ ინვესტორებთან ამ თემაზე ისაუბროს. ერთ–ერთი ჩინური ჯგუფი, რომელზეც იყო საუბარი აპირებს აგვისტოში ჩამოსვლას და მე, პირადად ძალიან მაინტერესებს ამ ჯგუთან შეხვედრა და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი.

ე.წ. „ხრუშჩოვკების“ თემით მანიპულირება დედაქალაქის სათავეში მოსული ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასე იყო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა და ახალ, როდესაც თბილისს ახლადარჩეული მერი ჰყავს. არც ერთ წინა შემთხვევაში რეალურ ნაბიჯებამდე საქმე არ მისულა. ახლა ნარმანიას ჯერია.

„ჩვენ მთლიანად თბილისის მასშტაბით არსებული მდგომარეობის ანალიზს გავაკეთებთ და განვითარების კონცეფციას დავდებთ, რომლის საფუძველზე სიამოვნებით დავჯდებით ნებისმიერ იმ ინვესტორთან, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა თბილისის ახალმა მერმა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც დაადასტურა, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება და ავარიული კორპუსების რესტავრაცია მოხდება.

„ჩვენი მმართველობის პირობებში დედაქალაქს ექნება თავისი განაშენიანების გეგმა. ეს იქნება ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. ერთიან სივრცეში იქნება წარმოდგენილი მთლიანი ქალაქი, ცალკე გამოიყოფა რეკრეაციული ზონები, სადაც მასობრივი გამწვანება იქნება, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეკლოგიური ფონი დედაქალაქში. ცალეკე გამოიყოფა სამშენებლო, საცხოვრებელი და საოფისე ფართებისთვის შესაბამისი ტერიტორიები.

რაც შეეხება „ხრუშჩოვკების“ პროექტს, აუცილებელია მათი ჩანაცვლება იმიტომ, რომ მათ ექსპლოატაციის ვადა უკვე ამოწურეს. მალე დროს რამდენიმე ათეული „ხრუშჩოვკის“ ჩანაცვლება დაიწყება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ პირველ ეტაპზე რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება დედაქალქში „ხრუშჩოვკების“ და საერთოდ, სახლების და ავარიული კორპუსების განვითარებასთან დაკავშირებული გეგმა. გამოვაცხადებთ ტენდერებს და მოვიზიდავთ დაინტერესებულ პირებს“, - აღნიშნა ნარმანიამ.

დაახლოებით 4-5 თვის წინ „ხრუშჩოვკების“ მასობრივი დემონტაჟის იდეით საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა და რამდენიმე უცხოელ ინვესტორთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. პირველი კომპანია, ვისთან ერთადაც შიხიაშვილი თბილისის „ხრუშჩოვკებისგან“ გათავისუფლების პროექტის დაწყებას აპირებდა, არაბული კომპანია იყო, რომელმაც მემორანდუმით 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, მემორანდუმს არავითარი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

შემდეგ იყო ჩინელებთან და ჩეხებთან გაფორმებული მემორანდუმები, რომლებიც ასევე უშედეგოდ დასრულდა.

რასაკვირველია შიხიაშვილის ინიციატივას „წინასაარჩევნო აფერა“ უწოდეს და ზოგადად „ხრუშჩოვკების“ თემისადმი დამოკიდებულება თბილისელებში უკვე არასერიოზულად აღიქმება.