თბილისის მერი დავით ნარმანია საკუთარ მოადგილეებს სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს.
ამ დრომდე, ოფიციალურად უცნობი რჩება იმ ხუთი პირის ვინაობა, ვინც ნარმანიას მოადგილის პოსტს დაიკავებს, თუმცა, როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, დედაქალაქის მერის ერთ-ერთი მოადგილე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი იქნება.
წყაროს ცნობით, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაზე ნარმანიამ სწორედ მარგიშვილი გაგზავნა, როგორც მისი მოადგილე.
რაც შეეხება კიდევ სხვა მოადგილეებს, ასევე უმრავლესობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კიდევ ერთი მოადგილის პოსტი გივი ჭიჭინაძემ დაიკავოს, რომელიც 15 ივლისის არჩევნებში ვეძისში იყრიდა კენჭს.
უმრავლესობის ცნობით, ჭიჭინაძის თაობაზე კონსულტაციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახდა, რომელსაც მეორე ტურში ნიკა მელია დაამარცხა.