პროცედურული ომი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის

პროცედურული ომი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის

უზენაეს სასამართლოში ორი ვაკანსია კვლავ თავისუფალია, რადგან საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. თუმცა, მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა და მათ ორივე კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღეს. უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის დასამტკიცევლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს 27-მა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევისას პრეზიდენტმა პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რაც სასამართლო ხელისუფლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

for.ge-ს ინფორმაციით, საკითხზე კოალიციაში აზრი ორად გაიყო. აღნიშნულ პირებს მხარი უმეტესად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს, მომხრეებს შორის კი „რესპუბლიკელები“ და „ნაციონალებიც“ იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურებს ნდობა არ გამოუცხადეს - ეკა ბესელიამ, გია ვოლსკიმ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ივანე კიღურაძემ, მანანა კობახიძემ, თედო ჯაფარიძემ და კიდევ რამდენიმე ლიდერმა, ხოლო მომხრეებს შორის ვახტანგ ხმალაძეც იყო.

უმცირესობა უმრავლესობის გადაწყვეტილებას პრემიერ-პრეზიდენტს შორის არსებული კონფლიქტით ხსნის, თავად პრეზიდენტი კი გაკვირვებულია.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეების კანდიდატურები რატომ ჩააგდო პარლამენტმა.

„თუ კოორდინაციაზე ვსაუბრობთ, კომიტეტები ადეკვატური ადგილია კოორდინაციისთვის. ასეთი კოორდინაცია გავლილი იყო. შესაბამისად, გულწრფელად მიკვირს, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეები დღეს პარლამენტმა რატომ ჩამიგდო?!“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ნაციონალებში თვლიან, რომ გადაწყვეტილება მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

მარიამ საჯაიას შეფასებით, მომხდარი იმაზე მიუთითებს, თუ როგორ პატივს სცემს უმრავლესობა პრეზიდენტს.

„გუნდს მარგველაშვილის მიმართ პატივისცემა არ აქვს, რაც სამწუხაროა“, - ამბობს დეპუტატი, რომლის თანაგუნდელმა სერგო რატიანმა კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

კანონმდებელის თქმით, წარდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფიებს გაეცნო, რის გამოც მათ ნდობა გამოუცხადა.

„შიგნით რა ბრძოლებია გაურკვეველია, მაგრამ კანდიდატურები დადებითად შევაფასე“, - აღნიშნავს რატიანი.

სამართლის ექსპერტის კახი კახიშვილის განცხადებით, ორი ახალი წევრის დანიშვნით, უზენაეს სასამართლოში დაირღვეოდა ის მიკრო კლიმატი, რომელიც კუბლაშვილს აქვს შექმნილი.

„ცოტა უცნაურია პარლამენტის გადაწყვეტილება, როდესაც იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეებს თანხმობა განუცხადა. ყველამ კარგად ვიცით, რა მძიმე ვითარებაა სასამართლოებში და განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში.

თუ სხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები კიდევ მერყეობენ და ცდილობენ კუბლაშვილის გავლენიდან განთავისუფლდნენ, გაუგებარია რატომ ვერ მოახდინეს ორ ვაკანსიაზე მოსამართლეების დანიშვნა. ყველას კარგად ესმის, რომ უზენაეს სასამართლოში ორი ახალი წევრის დანიშვნით ის მიკრო კლიმატი რომელიც კუბლაშვილს აქვს შექმნილი, ბუნებრივია დაირღვეოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები, პროფესიონალები და მიუკერძოებლები არიან. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და მას შეუძლია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ან დაეთანხმოს, ან - არა.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი აპირებს, რომ პარლამენტის წინაშე ხელმეორედ ისევ აღნიშნული კანდიდატებით წარდგეს. 

„ძალიან კარგად ვიცნობ ამ კანდიდატურებს, ესენი არიან პროფესიონალები, კარგი იურისტები, არიან მიუკერძოებელი ადამიანები, რაც სასამართლოსთვის უმთავრესად მნიშვნელოვანია. ცხადია, გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და მას შეუძლია პრეზიდენტის არჩევანს ან დაეთანხმოს, ან არა, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი აპირებს, რომ ისევ იგივე კანდიდატურებით წარდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს პარლამენტის გადაწყვეტილებაში. მისი თქმით, აღნშნული კანდიდატურები ნდობას იმსახურებენ, თუმცა შესაჯერებელია რამდენიმე საკითხი და ამას პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება.

„დამატებითი კონსულტაცეიბი გახდა საჭირო, რათა კანდიდატურებთან დაკავშირებით ყოფილიყო თანხმობა, ეს ფარული კენჭისყრა იყო და, როგორც აღმოჩნდა, ხმები არ იყო საკმარისი. რაღაც დამატებითი საკითხებია, რომლებსაც საჭიროებდა დაზუსტებას, ამიტომ კონსულტაციებისთვის ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. მე ამ დეტალებს არ დავაკონკრეტებ. ჩვენ ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით“, - განაცხადა ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კახიშვილისთვის გაუგებარია რატომ ვერ შედგა ამდენი ხნის განმავლობაში კონსულტაციები.

„სიმართლე, რომ გითხრათ, უცნაურია განცხადება, რომ კონსულტაციებს საჭიროებენ, მაშინ როდესაც იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეებს თანხმობა განუცხადა. როდესაც საუბარია, რომ კონსულტაციებია საჭირო, რა უფრო დიდი მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული პარლამენტი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შედგა კონსულტაციები, რა უფრო მეტად სჭირდება დღეს საქართველოს? - რა თქმა უნდა, სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიოსანი და მიუკერძოებელი მოსამართლეებით.

ძალიან მნიშვნელოვანია თუ ძალიან მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას და ღირსეულ კანდიდატებს წარადგენენ ვაკანტურ თანამდებობაზე. მე არა მჯერა, რომ აქ საუბარია კონსულტაციებზე პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, აქ ალბათ, საუბარია კონსულტაციებზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებთან“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

სამართლის ექსპერტის ლევან ალაფიშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არ იზიარებს პრეზიდენტის პოზიცას, მხარს არ უჭერს და პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მისი თქმით, პარლამეტს ჰქონდა საშუალება, რომ კონსულტაციები გამართულიყო პრეზიდენტთან, მითუმეტეს, რომ საკომიტეტო სხდომაზე მხარდაჭერა მიღებული აქვს ორივე კანდიდატს.

„პრეზიდენტის ინიციატივის იგნორირება მოხდა საჯაროდ. ძალიან სახიფათო პროცესში გადავა ეს ყველაფერი. როდესაც პრეზიდენტი დადგება კონსტიტუციის სადაროჯოზე და პროცედურულ ომს პრეზიდენტი დააგვირგვინებს ვეტოებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებით, ეს უკვე იქნება პოლიტიკურ ვერტიკალს შორის სახელმწიფოს მართვაში დაპირისპირება, რომელიც გაგარძელდება 2016 წლამდე.

ყველა უნდა დაფიქრდეს. მინდა იმედი მქონდეს, რომ პრეზიდენტი ჯეროვნად მიუდგება ამ საკითხს, განსახვავებით მისი კოლეგა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, სასაცილოდ არ გახდის ქვეყნის იმიჯს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ როგორც ეს თავად თქვა, კონსტიტუციურად ამუშავდეს ყველა ინსტიტუტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევალ ალაფიშვილმა.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ზრუნავს მართლმსაჯულების გამტკიცებაზე და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა. მისი თქმით, არც ერთი დღეს მოქმედი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში არაა წარდგენილ კანდიდატებზე უკეთესი.

„როდესაც სასამართლო ხელისუფლებას ასე უჭირს, როდესაც ამდენი კრიტიკა არის სასამართლო სისტემის მიმართ და ორი ვაკანსია თავისუფალია უზენაეს სასამართლოში, არ დაამტკიცო კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი წუნის დადების საბაბიც კი, ეს სრულიად აუხსნელია.

აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ პრეზიდენტს ანგარიშს არ უწევდა, ეგ ვიცოდით, ახლა გავიგეთ, რომ აღარც საკანონმდებლო ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს, რაც ძალიან სამარცხვინოა, ანგრევს ამ ქვეყანას და მის კონსტიტუციურ წყობას. როდესაც კარგი კანდიდატებია წარდგენილი, წუნი არ დაედებათ და მაინც არ ამტკიცებს პარლამენტს, აქ მე ვხედავ პარლამენტის ჟესტს პრეზიდენტის მიმართ, რომ ის მის კანდიდატურებს პატივს არ სცემს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

კენჭისყრაზე ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურების ჩავარდნა არასწორ კოორდინაციას უკავშირდება, თუ პრეზიდენტის არჩევანს, ეს შემოდგომაზე გაირკვევა, მაგრამ მანამდე ის უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციისამებრ, კომიტეტებზე მოწონებულ კანდიდატებს პლენარულ სხდომებზე უპრობლემოდ ამტკიცებენ.

***

ნინო ბაქაქურს იურისტად მუშაობის 16-წლიანი და მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. 1998–2004 წლებში მუშაობდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტად და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიულ მრჩევლად. 2004–2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე. 2008 წლიდან დღემდე იგი მუშაობს იურიდიულ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ და წარმოადგენს მის ერთ-ერთ პარტნიორს. 

ბაქაქურმა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2002-2003 წლებში იყო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის მკვლევარი. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო და ადვოკატურის გამოცდები, აგრეთვე, ნიუ–იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა.

რაც შეეხება ზურაბ ძლიერიშვილს, ის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი, სხვადასხვა იურიდიული კომპანიების კონსულტანტი 2001 წლიდან დღემდე; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი, არის მრავალი კვლევის, ნაშრომისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფია დატვირთული არაა უკანონო განაჩენებით.