ღარიბაშვილის „სიურპრიზი“

ღარიბაშვილის „სიურპრიზი“

„გამიხარდებოდა, რომ ყოფილიყო“, „ალბათ, არ ეცალა“, „დასწრების განსაკუთრებული აუცილებლობა არ იყო“, „მე მას ველოდი“ - ეს ფრაზები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენელ პირებს ეკუთვნით და უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარების დროს ითქვა. 1-ელ აგვისტოს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უშიშროების საბჭო პირველად შეიკრიბა. მიზანი - უელსის სამიტის მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი რომ სხდომას არ დაესწრებოდა, ამის შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე ორიოდე წუთით ადრე გახდა ცნობილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარიდან. მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ პრემიერმა უელსის სამიტის მომზადების კუთხით ყველაფერი გააკეთა და შესაბამისი ინფორმაციის პრეზიდენტისთვის მიწოდებას მინისტრებიც შეძლებდნენ.

„საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააკეთა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რათა ამ სამიტზე დაფიქსირებულიყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დღესვე ვართ მზად ნატო-ს წევრობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ნატო-ს წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რაც შეიძლება მალე. ჩვენ სამუშაო დონეზე ყველა უწყებამ - საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნატოს სამიტს ღირსეულად შევხვედროდით“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო ჯერ კიდევ ძველი ფორმატის პირობებში იკრიბება, სექტემბრიდან კი ეს წესი შეიცვლება.

„პრემიერი არ ესწრება სხდომას იმის გამო, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაო უკვე ჩაატარა და ჩვენ პრეზიდენტს ინფორმაციას მივაწვდით ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერის ხელმძღვანელობით გადაწყდა, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. ეს საბჭო, რომელიც ახლა ტარდება არის ჯერ კიდევ ძველი კონსტიტუციით არსებული ფორმატი, რომელიც სექტემბერში უნდა შეიცვალოს და მას სხვა სახე ექნება, ამას მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობს ჩვეულებრივი სამუშაო კომუნიკაცია და ეს არანაირი სპეკულაციის საბაბი არ უნდა გახდეს. არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა, ყველაფერი მიმდინარეობს სამუშაო ვითარებაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებამ უშიშროების საბჭოს მთავარი თემა თითქმის სრულად გადაფარა. გაჩნდა კითხვები, რა იცვლება სექტემბრიდან და გადადის თუ არა პრეზიდენტისთვის შემორჩენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრის კომპეტანციაში.

„მე გამიხარდებოდა, რომ ყოფილიყო“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა რეაქცია ჰქონდა, რომ გაიგო, პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდიოდა.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა იგეგმება სექტემბერში და რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით. იგი დღეს მხოლოდ საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხის შეფასებით იფარგლება.

„ეს იყო უაღრესად საქმიანი შეხვედრა. საქართველოს წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა, ეს არის უელსის სამიტი, სადაც საქართველო მიდის ძალიან მომზადებული... ჩვენ ვართ კმაყოფილი შეხვედრით, კმაყოფილი ანალიზით და კმაყოფილი მომავალი თანამშრომლობისა და კოორდინაციის იმ გეგმებით, რომელიც დავსახეთ უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

უშიშროების საბჭოს სდომაზე პრემიერი დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს მთელ იმ პროცესებს, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ნატო-ს სამიტზე მონაწილეობისთვის მზადებას ეხება.

„ის ყველა დეტალზე საქმის კურსშია. მისი დავალებით მივაწოდეთ პრეზიდენტს ინფორმაცია არსებული პროცესის მზადებისა და მიმდინარეობის შესახებ. განსაკუთრებული აუცილებლობა მისი ამ შეხვედრაზე დასწრების არ იყო. პრეზიდენტს და პრემიერს აქვთ ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობები და ყოველგვარი ფორმატების გარეშე აქვთ კომუნიკაცია ნატოსთან დაკავშირებულ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილის უშიშროების საბჭოზე მიუსვლელობაში პრობლემას სხვა მიზეზის გამოც ვერ ხედავს. მისი განცხადებით, სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა.

„შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, პრემიერი დასწრების აუცილებლობა არც იყო. სამოქმედო გეგმა ჩვენ, მინისტრებმა გავაცანით პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი იყოს სრულად ინფორმირებული ყველა იმ მიმართულებაზე, რასაც მთავრობა ახორციელებს საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების ძალისხმევის კუთხით“, - განმარტა ირაკლი ალსანიამ.

საკუთარ შფასებაში პრემიერის გადატვირთულ სამუშაო რეჟიმზე აკეთებს აქცენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„აქ რომ მოვედი, მაშინ შევიტყვე, რომ ვერ ახერხებდა მოსვლას. როგორც ჩანს, არ ეცალა, დაკავებულია. პრემიერი, ზოგადად, ის თანამდებობის პირია, რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს თავისუფალი. ალბათ, ასეა. მეორე მხრივ, შესაბამისი მიმართულებების მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები და ყველამ თავის სფეროში წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია. მე მგონია, რომ ამით დღევანდელ უშიშროების საბჭოს თავის შინაარსობრივი მხარით არაფერი დაკლებია და არც ზედმეტი ყოფილა რამე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიუსვლელობა ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის. ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მას პირადად დაუდასტურა, რომ სხდომას დაესწრებოდა.

„პრემიერ-მინისტრთან მე პირადად მქონდა კონსულტაციები უშიშროების საბჭოს სხდომის დროსა და ადგილთან დაკავშირებით. მან დამიდასტურა თავისი მონაწილეობა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. შესაბამისად, მე მას ველოდი პირადად. შესაძლოა, მან ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ პრემიერი დაესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომას“, - განმარტა იმერლიშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით „ძველი კონსტიტუცია“ ახსენა და სექტემბრისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

„კონსტიტუცია არის ახალი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფიცი დადო. ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის რედაქცია, რომლის თანახმადაც, უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. ვიდრე ეს კონსტიტუცია არის ძალაში, უშიშროების საბჭო იქნება პრეზიდენტის ხელმძღვანელობით“, - აცხადებს ირინე იმერლიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო კომისია მსგავსი ტიპის ცვლილებებზე ჯერ არ მსჯელობს, კონსტიტუციის გადასინჯვა კი საკმაოდ რთული პროცედურაა და მოქმედი კონსტიტუციით ამისთვის ორი წელი მაინც არის საჭირო.

იმერლიშვილი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში შესაძლოა ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა იგულისხმებოდეს, რადგან, სწორედ, ორგანული კანონის თანახმად არის პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასწრების საკითხზე მოგვიანებით განცხადება მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრს უშიშროების საბჭოს მდივნისთვის სხდომაზე დასწრების შესახებ საბოლოო დასტური არ მიუცია და, შესაბამისად, ეს არც მთავრობის ადმინისტრაციას დაუდასტურებია.