ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის  ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბიოლოგიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმაც.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ბიოლოგიური ნაწილი, DTRA-ს მიერ საქართველოში ბიოუსაფრთხოების სფეროში შემუშავებული დოკუმენტები და ქართულ მხარესთან აღნიშნული ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოლოგიურ კომპონენტს. ბათუმში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ბიოლოგიურ სფეროში სახელმწიფოს ქბრბ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა და ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც აღნიშნულ სფეროში აუცილებელი ყველა ღონისძიება გაიწერება.