რუსეთი საქართველოსთან 20 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ფიქრობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, მინერალურ წყლებსა და ღვინოზე დამატებითი საბაჟო გადასახადი დაწესდება. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებას ეხება. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პროექტი უკვე შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან. რუსული „სანქცია“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, კერძოდ კი საქართველოს პარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას უკავშირდება.
რუსეთის ფედერაციიის მიერ ეკონომიკის სამინისტროს პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაწყვეტილების შედეგებზე კონკრეტული მსჯელობა ნაადრევია. ამ საკითხზე ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები დღეს მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შეჩერება ძალიან დიდი ტრაგედია არ არის და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
„შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ძალიან დიდი ტრაგედია არ არის“, - აღნიშნავს პრემიერი, რომლის გუნდის წევრებიც აცხადებენ, რომ საქართველოს საპანიკო არაფერი აქვს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განუცხადა, შეთანხმების შეჩერების თაობაზე დეტალები არ იცის, მაგრამ მიიჩნევს, რომ საპანიკო არაფერია.
„ამ საკითხს სხვანაირად შევხედავდი. ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ რუსეთი საქართველოს იმ ქვეყნების რანგში განიხილავს, რომლებთანაც ვაჭრობის ეს რეჟიმი აქვს. მაგალითად, ბელგიასთან, ან იტალიასთან. თუ ახლა იმაზე საუბარს დავიწყებთ, რა მოხდა და ეს რა გააკეთა, ეს მიუღებელია. ევროპისკენ ნაბიჯი გადავდგით და ფაქტია, რომ უამრავი ასეთი დაბრკოლება გვექნება. მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ევროპისკენ მივდივართ და ასევე მტკიცეთ უნდა შევხვდეთ გამოწვევებს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების შეჩერებით, შესაძლოა, საბაჟო ტარიფი გაძვირდეს, რაც რუსეთში ქართულ პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
„ეს შეთანხმება 2006 წელს არ აღმოჩნდა ბარიერი, როცა რუსეთმა ემბარგო შემოიღო. რეალურად, ამით არაფერი იცვლება. შეიძლება, საბაჟო ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ რამდენად და რა საბაჟო ტარიფი დაწესდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უკეთესს ვერ შემოგვთავაზებენ, მაგრამ ვნახოთ, რა გეგმა აქვთ. არც პოლიტიკური თემებიც მინდა წამოვწიო და არც ტრაგედია მინდა დავინახო.
ბიზნესმენებს ვაფრთხილებდით, რომ სიუპრიზები არ იყო გამორიცხული. დივერსიფიცირების მიმართულებით და ხარისხის ამაღლებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. 500 მლნ ლარიანი ბაზარია ასათვისებელი და ევროპულ სტანდარტებამდე მუხლჩაუხრელი შრომით უნდა მივიდეთ. 2006 წლიდან ემბარგო მძიმე იყო, მაგრამ გაჭივრებამ გამოგვაფხიზლა და ინოვაციური ტექნოლოგიები შემოიტანეს. ქვევრის ღვინის მიმართ დამოკიდებულებაც მაშინ გაცოცხლდა, რამაც „იუნესკო“-ს გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ ეს მოძრავი კულტურის ძეგლად ეღიარებინა“, - აღნიშნავს აგულაშვილი.
ოპონენტების მსგავსად, შეთანხმების შეჩერებაში ტრაგედიას ვერ ხედავს გიორგი კანდელაკიც.
for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ საბედნიეროდ, საქართველო დიდად არ დაზარალდება, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იმ დოზით, რა დოზითაც 2006 წლამდე არსებობდა, ჯერ არ აღმდგარა.
„ეს გადაწყვეტილება ნათლად წარმოაჩენს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ თუ ჩვენ სუვერენიტეტის ნაწილს დავთმობდით, საქართველოში პუტინის ინტერესებს გავატარებდით და რუსეთთან სერიოზულ პრობლეებს მოვაგვარებდით, ტყუილი აღმოჩნდა“, - აღნიშნავს კანდელაკი.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ემზარ ჯგერენაია for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დღეს რუსეთს არც პოლიტიკურად აძლევს ხელს და არც ეკონომიკურად.
„სავაჭრო ბალანსს თუ გადავხედავთ, რუსეთიდან 4-ჯერ მეტი პროდუქტი შემოდის ჩვენთან, ვიდრე ჩვენგან გადის. აქედან გამომდინარე, რუსი მეწარმეების საქონელიც დაიბეგრება საბაჟო გადასახადით. ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების და მინერალური წყლების მიმწოდებლები ვართ, დისტრიბუცია რუსულ მხარეს აქვს და რუს მომხმარებლებს მოუწევთ 10-14%-ით მეტის გადახდა, ეს საქართველოს ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
მოთხოვნა-მიწოდების კანონის თანახმად, იქნება მგრძნობიარე მომენტები, მაგრამ ის საბაჟო გადასახადი არ არის მტკივნეული რუსი მომხმარებლისთვის. საქონელი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით: მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ღვინო, რუსეთში კარგად ბრენდირებულია და საბაჟო გადასახადით გამოწვეული ფასის ზრდა შეუმჩნეველიც კი იქნება მათთვის“,- აცხადებს ემზარ ჯგერენაია და აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის დროს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ის განუჭვრეტელი ქვეყანაა, ამ ეტაპზე საკითხის მეტად გამწვავება და მათგან საქართველოსთვის ემბარგოს დაწესება კი საღი აზრის შედეგი არ იქნება.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე ვარაუდობს, რომ რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას არ გააუქმებს და თუ მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სრული სახით არ აამოქმედებს.
„ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, არ ვიცით, როგორი ფორმა ექნება საბოლოო ჯამში, რუსეთს ალბათ კარგად ესმის, რომ მისთვისვე იქნება საზიანო თუ დღეს საქართველოს ემბარგოს ან ემბარგოს მსგავს შეზღუდვებს დაუწესებს. ამით მისი სოციალური და პოლიტიკური ინტერესები იზარალებს, ამიტომ, ვფიქრობ, თუკი ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაქსიმალურად რბილ ფორმებს გამოიყენებენ, ანუ, შეიძლება იყოს სექტორები, რომლებზეც ის არ გავრცელდება“, - განუცხადა for.ge-ს პაატა შეშელიძემ.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რუსეთი იძულებულიც კი არის დღეს ამგვარი განცხადება გააკეთოს, რადგან ანალოგიური წესები აქვს ევროკავშირთან და მასთან ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან, საქართველოსთვის კი გამონაკლისს არ დაუშვებენ.
„ყოველ შემთხვევაში, შეეცდებიან ითამაშონ ზოგადი წესებით. ამიტომ, რუსეთის განცხადება ლოგიკურია, მაგრამ მისი აღსრულება შეიძლება იყოს სელექციური“, - აცხადებს შეშელიძე.
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საკითხის შეფასებისას განმარტავს, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმზე საქართველოს გადასვლა რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ძნელია, რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაში ეკონომიკური მოტივები მოიძებნოს. აბაშიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაუქმებით რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობას არ აკრძალავს.
„რუსული უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არ ნიშნავს საქართველოსთან ვაჭრობის აკრძალვას, ეს ნიშნავს სატარიფო რეჟიმზე გადასვლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქართული პროდუქციის გაძვირება. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა ხელშეკრულების გაფორმება, რუსეთი საქართველოსთანაც ისევე ივაჭრებს, როგორც სხვა ქვეყნებთან, რომლებთანაც არ მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი“,- აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი არის ევროკავშირი და პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. აბაშიშვილის განცხადებით, რუსეთისგან სიურპრიზები არასდროს არის გამორიცხული, მაგრამ დღეისათვის საქართველოს საექსპორტო სტრუქტურა წინა პერიოდისგან განსხვავებით დივერსიფიცირებულია, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის რუსეთთან ვაჭრობის რამე ფორმით შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება, ან კიდევ ერთხელ ემბარგოს დაწესება მოულოდნელი არ იქნება ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ირაკლი ლექვინაძისთვის. იგი ფიქრობს, რომ ეს არც ქართველ მეწარმეებს გაუკვირდებათ.
„ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება სიურპრიზი არ იქნება ქართველი მეწარმეებისთვის. რისკი არის გააზრებული და მეწარმეები ამისთვისაც არიან მზად. სამწუხაროა, თუ რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებს შეზღუდავს, თუმცა, ვფიქრობ, ეს ქართული ეკონომიკის პარალიზებას არ გამოიწვევს“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე for.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში ვერა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართველი მეწარმეები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე დღეს რუსული ბაზრიდან აქვთ.