„იმ ნაბიჯებიდან, რაც პუტინმა უკვე გადადგა, ცალსახად ჰააგის ტრიბუნალის კანდიდატია“

„იმ ნაბიჯებიდან, რაც პუტინმა უკვე გადადგა, ცალსახად ჰააგის ტრიბუნალის კანდიდატია“

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უკვე შეათანხმეს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვა აუკრძალა, ენერგეტიკის დარგის მოდერნიზებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი დაბლოკა, რომელიც კონკრეტულად ნავთობის სფეროს ეხება. გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალვა დააწესა ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც რუსეთში იარაღის, ელექტონიკისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს, რომლებიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.

სანქციები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, 31 ივლისიდან.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი მიიჩნევდა, რომ დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები შესაძლოა რუსული ეკონომიკისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ამას რუსეთის მთავრობა ვარუდობს. კუდრინი თვლიდა, რომ სანქციების მხოლოდ პირველ ტალღას 2014 წელს ეკონომიკის ზრდის შეფერხება და ვითარების შემდეგომი გართულებები მოყვებოდა. ზარალი კი წელიწადში სულ მცირე 200 მილიარდი იქნებოდა.

რას ნიშნავს სანქციების ახალი ტალღა რუსეთის ეკონომიკისთვის და რა გზები რჩება პუტინს ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად, ამ თემაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომან გოცირიძე გვესაუბრება.

ბატონო რომან, ამ ახალი სანქციებით რამდენად სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის ეკონომიკას?

- რეალური სანქციები რუსეთს დაუწესდა მხოლოდ ახლა. ის, რასაც პირველი და მეორე რიგის სანქციებად მოიხსენიებდნენ, რუსეთისთვის, მისი ეკონომიკსთვის ფაქტიობრივად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ეს იყო ცალკეული ჩინოვნიკებისთვის შეურაცხმყოფელი და კომფორტის შემზღუდველი და მათთვის ძირითადად, ევროპის, ამერიკისა და კანადის ვიზებზე უარის თქმაში გამოიხატებოდა.

იმ ამოცანაზე ხელის აღება, რაც რუსეთს უკრაინაში ჰქონდა დაგეგმილი, ამგვარი წვრილმანი სანქციებით შეუძლებელი იყო.

ახალი სანქციების დაწესება ეს არის ათასობით ადამიანის დახოცვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება - ძალზე დაგვიანებული. ეს სანქციები რომ დაწესებულიყო მაშინვე, როდესაც რუსეთი ყირიმში შევიდა, დღეს არ იქნებოდა ის უბედურება, რაც ტრიალებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

ფაქტობრივად, ადამიანების მსხვერპლის ფასად მოხდა ევროპელი, ანგარებიანი ლიდერების გამოფხიზლება. რა თქმა უნდა, ეს სანქციები დააჩქარა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ.

რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს - პირველი ნაბიჯი გადადგეს ამერიკელებმა, როდესაც სახელმწიფო საწარმოებისა და ფინანსური კომპანიებისათვის გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. ეს სანქციებიც არ არის მთლად მკაცრი.

რუსეთისთვის მტკივნეულია ორი რამ - მათ ეზღუდებათ ფინანსურ ბაზრებზე სესხის აღება. აქ არ არის საუბარი აქტივების გაყინვაზე, ანგარიშსწორების შეჩერებაზე და ა.შ. - ელემენტარულად, ფულს ვერ ისესხებენ ევროპასა და ამერიკაში.

რუსეთისათვის ესეც კი ძალზე მტკივნეული შეზღუდვაა, რადგან ეს გავრცელდა არა ერთსა და ორ ბანკზე, არამედ მრავალ მსხვილ რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე, როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო, იგივე, ენერგეტიკის სექტორში.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის კომპანიები იძულებული გახდებიან, თავიანთი საფინანსო რესურსები შეივსონ მწირ, რუსულ საფინანსო ბაზარზე. ისინი უკვე ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ, რომლებმაც უნდა იშოვონ ფული ან რუსული სახელმწიფოსგან, ან გაკოტრდნენ. ფულის შოვნას შეძლებენ სახელმწიფოსთან უფრო მეტად დაახლოებული კომპანიები, ან ისინი, სახელმწიფო ვის საქმიანობასაც უფრო პრიორიტეტულად ჩათვლის. ანუ, ისედაც მწირი საკრდიტო რესურსები, რომელიც რუსეთს გააჩნია, ფაქტობრივად, გახდა გასანაწილებელი უამრავ, საბანკო და ინდუსტრიულ სექტორში.

ანუ ეს არის უკვე სერიოზული დარტყმა რუსული ეკონომიკისათვის?

- რა თქმა უნდა. მარტო მიმდინარე წელს, რუსეთის კომპანიებს უცხოური საბანკო ინსტიტუტებისადმი 90-მილიარდ დოლარამდე აქვთ ვალი გასასტუმრებელი. მათ არა მხოლოდ ვალები აქვსთ გასასტუმრებელი, არამედ ახალი ვალები აქვთ ასაღები თავიანთი საინვესტიციო პრიორიტეტების განსახორციელებლად. მხოლოდ ეს რიცხვიც კარგად გვიჩვენებს, რამდენად არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ ბაზარზე რუსული ბიზნესი.

გარდა ამისა, არის უკვე ძალზე სერიოზული შეზღუდვები ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისითაც. საუბარია ნავთობ და გაზმომპოვებელ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სამხედრო დანიშნულების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო მოხმარებისთვის გამოიყენება.

ეს პატარა, მაგრამ რეალური სანქცია, შეიძლება ძალიან ძნელად გადასატანი აღმოჩნდეს ისეთი სუსტი და მხოლოდ ენერგომატარებლებზე მიბმული ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთია.

არის თუ არა ეს იმ ტიპის სანქციები, რომ რუსეთი რეალურად დადგეს არჩევანის წინაშე, ქვეყნის დეფოლტი თუ საგარეო პოლიტიკური ამბიციები?

- არის, მაგრამ, არის არა ზუსტად ეს სანქცია, არამედ ტენდენცია თუ როგორ შეიცვალა რუსეთის დასჯის ფორმა. თავისთავად, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამას შეიძლება უკვე მოჰყვეს სხვა სანქციები. ევროპული ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ თბილ ურთიერთობაში იყვნენ რუსეთთან, პოზიციას იცვლიან. დაახლოებით ერთი თვის წინ ავსტრიის ბიზნესორგანიზაციაში შეხვედრისას ავსტრიის პრეზიდენტი პუტინს მხარზე ხელს უსვამდა და ღიმილით ამშვიდებდა, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდა, იგივე, გაზსადენებთან დაკავშირებით.

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ევროპაში განწყობა რადიკალურად იცვლება, მომავალი ნაბიჯების გადადგმა უკვე გაიოლდა - ავიღოთ ერთი, თითქოს ელემენტარული რამ - ევროპის სატრანპორტო სისტემიდან ყირიმში ვერც ერთი თვითმფრინავი და გემი ვერ შევა - ამას დაარქვეს ემბარგო ყირიმის საზღვაო პორტებზე.

ცოტა ხნის წინ ქერჩში, საიდანაც რამდენიმე ბორანი მოძრაობდა და მუდმივად რიგები იდგა, დაიქირავეს ბერძნული და იტალიური კომპანიების ბორნები. ამ სანქციის შემდეგ ასეთ ბორნებსაც კი ვეღარ დაიქირავებს რუსეთი - ნებისმიერ ევროპულ კომპანიას აეკრძალება პორტში შესვლა.

ეს ყველაფერი ჯაჭვური რაქციით ებმება ერთმანეთს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ რუსეთის საფონდო ბაზარი უძიმეს მდგომარეობაში აღმნოჩნდება, ასევე, სავალუტო ბაზარიც.

რაც მთავარია, დღეს უკვე, რუსეთში მოქმედი თითქმის ყველა საავტომობილო ქარხნების მუშები ორკვირიან შვებულებაში გაუშვეს - ანუ ბიზნესები ჩერდება, სამუშაო ადგილები მცირდება.

პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთოთ, ანუ რუსეთს სხვა გზა არ რჩება გარდა უკანდახევისა, უკრაინასთან დაკავშირებით?

- რუსეთს დარჩა მხოლოდ ორი გზა, ან საომარ ვითარებაში ღიად ჩართვა უკრაინაში, რაც საბოლოოდ, უმძიმესი იქნება როგორც უკრაინისთვის ასევე რუსეთისთვის, მაგრამ დამთავრდება ძალზე კატასტროფული შედეგით რუსეთისთვის, რადგან ის ოკუპირებულ უკრაინას ვერ მოუვლის.

და მეორე - რუსეთი იძულებული გახდება, ამ პროცესიდან დამარცხებული გამოვიდეს. სხვა, მესამე გზა აქ არ არსებობს. რაც მთავარია, ისე, როგორც არასდროს, უკვე ხდება რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია მთელი მსოფლიოს მხრიდან. რაც ნელ-ნელა გავლენას მოახდენს უკვე რუსეთის თითოეული მოქალაქის მატერიალურ მდგომარეობაზე.

როგორც ამბობენ, რუსები მოითმენენ შიმშილს, ოღონდ მათი ქვეყანა იყოს უძლეველი...

- საერთოდ, ძალიან მცდარი თეზისია, რომ ადამიანები ყველაფერს ითმენენ, თუ მათ ატყუებენ იდეოლოგიურად. იდეოლოგიურად იყვნენ მოტყუებული ადამიანები და სიმღერებს რომ უმღროდნენ ჩაუშესკუს, ერთ მშვენიერ დღეს კი იგივე ადამიანებს გადაუტრიალდათ ტვინი და ბოძზე ჩამოკიდეს. ხანდახან ადამიანების გამოფხიზლება ძალიან სწრაფად ხდება და შესაძლოა კატალიზატორი აღმოჩნდეს ძალიან მარტივი შემთხვევითობა. დღეს პუტინის რეიტინგი თითქმის 80%-ია, მაგრამ როდესაც საკუთარ ტყავზე იგრძნობს რუსეთის მოსახლეობა შედეგებს, ეს ასე აღარ იქნება.

გარდა ამისა, იმ ნაბიჯებიდან, რაც უკვე პუტინმა გადადგა, ის ცალსახად არის ჰააგის ტრიბუნალის კანდიდატი. განსაკუთრებით იმ საზენიტო დანადგარისთვის, რომლითაც ტერორისტებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ბუნებრივია, ამ თემის წამოწევა დღეს არავის არ აწყობს მსოფლიოში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ქმედება რუსეთის მხრიდან. ამიტომ როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება, შესაძლოა, უკვე მერე გაიხსენონ ყველაფერი - ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან დაიწყება პუტინის ბევრი ქმედების გახსენება - დღეს ფაქტობრივად, არავინ არ იცის რა ხდება ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რა დანაშაულებია ჩადენილი.

ვრცელდება ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ რუსეთის მიმართ სანქციები იქნება ძალიან მკაცრი, ეს გამოიწვევს მის გაღიზიანებას და არ არის გამორიცხული, ფრონტი გადაიტანოს საქართველოსა და მოლდოვაში. ასეთი სანქციების შედეგად, ეყოფა რუსეთს რესურსები იმისთვის, რომ რამდენიმე ადგილას ერთდროულად აწარმოოს საომარი მოქმედებები?

- არაპროგნოზირებადია, ამ შემთხვევაში არა რუსეთი, არამედ პუტინი. ეს პერსონალური საკითხია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ არის რუსეთი საომრად განწყობილი ქვეყანა და როგორიც არ უნდა იყოს რუსი მოსახლეობის ცდუნება ყირიმის შემოერთებისაკენ, ეს არის პუტინის, ერთი ადამიანის ახირება.

მას კი ამისი არანაირი რესურსი, არც პოლიტიკური და არც ეკონმიკური, არ აქვს. ყირიმიც კი რომელიც მას ზურგზე აწევს, არის გაკოტრების პირას. ქერჩიდან ხიდის გაყვანისა თუ სხვა ყველა დიდი პროექტი მოკვდა.

უფრო მეტიც, რუსეთს ფული არ ყოფნის და საპენსიო დანაზოგებიც კი გაყინა იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ასაკობრივად პენსიის მიღების რიგმა მოუწია და რუსეთმა განაცხადა, რომ ეს არის ყირიმის შემოერთების საფასური.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმს 80% წყლისა და ელექტროენერგიისა მიეწოდება უკრაინიდან და მისი შეფერხების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, საკუთარ თავზე აიღოს ეს ხარჯები, წარმოიდგინეთ რა ზარალზეა საუბარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთს ყირიმისთვისაც ვერ მოუვლია. რაც შეეხება ყირიმის დოტაციას უკრაინას ის უჯდებოდა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მხოლოდ „იუკოსისთვის“ გადასახდელი ფული, რაც საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს ხადარკოვსკის გაკოტრებისთვის დააკისრა - 50 მილიარდი დოლარი, ეს არის 25 წლის განმავლობაში რუსეთისთვის ყირიმის შენახვის ხარჯები. შესაძლოა რუსეთმა ეს არ გადაიხადოს, მაგრამ დაიწყება სახელმწიფო ფასეულობების და სახელმწიფო საკუთრების დაყადაღება.

რუსეთი უამრავ სხვადასხვა ქსელში იხლართება და პრობლემას პრობლემა ემატება. ამიტომ, მას, რა თქმა უნდა, არ აქვს საქართველოში, მოლდოვასა და კიდევ სხვა ქვეყნებში ფრონტების გახსნის ძალა. მისი ერთადერთი ოცნება არის, როგორმე აღმოსავლეთ უკრაინაში დროულად დამარცხდნენ აჯანყებულები, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი შეუშვა თავის დროზე, რომ გამოსვლის მექანიზმი არ არსებობს. იძულებულია, მაინც დაეხმაროს რადგან მათი განადგურება რუსეთში ძალიან დიდ უკურეაქციას გამოიწვევს, ხოლო უკრაინაში ომის ყოველი დღე რუსეთისთვის ახალი მსხვერპლია. ჩიხშია მოქცეული პუტინი და მისი მიზანი ამ ეტაპზე, სწორედ ჩიხიდან გამოსვლაა და არა საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩაგდება.