ვაზიანის პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება „ვაზიანი 2014“ გაიმართა. საჩვენებელ წვრთნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ვაზიანის პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოების წარმომადგენლები და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ გამგეობის წევრები.
ტაქტიკურ სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობდა. მან მოწვეულ სტუმრებს წვრთნის მიზანი და ამოცანა, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.
„ვაზიანი 2014“ თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
სწავლება მასშტაბური ხასიათის იყო და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების მარნეულის საავიაციო ბრიგადამ, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და სამედიცინო ჯგუფმა, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა, ასევე, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა. „ვაზიანი 2014“-ში 661 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ორი ერთეული Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ორი ერთეული L-39 სასწავლო მოიერიშე თვითმფრინავი, სამი ერთეული UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენი, IV მექანიზირებული ბრიგადის 45-ე ბატალიონის T-72 ტიპის 17 ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა 2-S1 თვითმავალი ჰაუბიცა და სხვა საარტილერიო სისტემები იყო ჩართული.
„ვაზიანი 2014“-ის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მართვის პუნქტი დაათვალიერეს და პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით ჩატარება მიულოცეს.
დღესვე, ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში „მაილსის“ ლაზერული სისტემების გამოყენებით პირველი წვრთნა გაიმართა. CUBIC-ის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის) მიერ ორგანიზებული სწავლების მიზანი ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში „მაილსის“ ლაზერული სისტემების დანერგვა იყო. ოცეულის დონის ერთკვირიან წვრთნაში ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში მიზიდული იყო ოთხი ერთეული T-72 ტიპის ტანკი.