„ათასჯერ ვიტყვი: მათ სულს ამოვხდი, ვისაც მაშინ მივმართავდი“

„ათასჯერ ვიტყვი: მათ სულს ამოვხდი, ვისაც მაშინ მივმართავდი“

ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე ტრადიციისამებრ, ჩვეულ ამპლუაშია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლანძღავს, ოპონენტებს კი, კვლავ „სულის ამოხდით“ ემუქრება. კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ თავისი ვალი შეასრულა, რადგან ქვეყანა რუსი ოლიგარქისა და ე.წ. კანონიერი ქურდების სახელმწიფო გადატრიალებისგან გადაარჩინა“.

7 წლის შემდეგ, 7 ნოემბრის თაობაზე რას ფიქრობს გივი თარგამაძე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს. ელოდით?

- რა შეფასება უნდა გავაკეთო? - ისე გიჟურად იქცევიან, როგორც სჩვევიათ. ფარსი გაათამაშეს, გიული ალასანიას უწყისი ჩააბარეს და ეს ადამიანი ამერიკიდან ასე მოკლე ხანში, როგორ ჩამოვიდოდა? ამას რომ თავი დავანებოთ, ორ საათში ეს მოწმობა ბრალდებად გადაიქცა. ეს ყველაფერი ისე საზიზღრად გააკეთეს, რომ საკუთარ თავსაც დააზიანებენ და ქვეყანასაც. პროცედურები დაიცვეს? - ადამიანს მოწმედ რომ დაიბარებ, შემდეგ გაფრთხილება უნდა გააკეთო და ეს პროცესი თავის თავში, რამდენიმედღიან პროცედურას გულისხმობს, მაგრამ ამასაც გადაახტნენ. ფაქტია, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება იგეგმებოდა, მაგრამ ეს პროცესი ერთი ადამიანის - ივანიშვილის ისტერიკის გამო დაჩქარდა. როგორც ჩანს, თავკერძა ივანიშვილმა იმ საცოდაობას უყურა, რასაც პარლამენტში მთავრობის გამოსვლა ერქვა. ეს იყო არა პოლიტიკური დებატები, არამედ ღარიბაშვილის მანჭვა-ღრეჭვა და სრული უსუსურობა და უნიათობა. როგორც ჩანს, ივანიშვილის მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობა ამ დღემ შეარყია და მან ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება მოითხოვა.

ადამიანს ბრალი წაუყენეს, მაგრამ პროკურატურაში ადვოკატები მიდიან და მათ ეუბნებიან, რომ საქმე ჯერ არ აქვთ მომზადებული. სინამდვილეში არანაირი 80 ტომი არ არის გამზადებული, ახლა სხედან და წერენ. ნახავთ, რაც იქნება. ბრალის წაყენება ასე ხდება? „ასავალ-დასავალის“ მორიგი სტატიაა? როცა ამხელა ნაბიჯს დგამ, ფაქტობრივად, ქვეყნის რეპუტაციას თავხედურად ფეხქვეშ თელავ იმის გამო, რომ ხარ უნიათო, პატრონი გყავს ავადმყოფი და ფსიქიურად შეშლილი. თუ მსგავს სვლაზე მიდიხარ, პროცესი მაინც უნდა დაალაგო.

სხვათა შორის, სააკაშვილი დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს, ხოლო პირველად, მას დისტანციური დაკითხვაც შესთავაზეს, მაგრამ თავად თქვა უარი...

- სასწაულად, ათ საქმეზე ერთად დაიბარეს. მაშინ, დასავლეთმა თავის შეკავება მოითხოვა, ამათაც თავი შეიკავეს და ახლა, რა შეიცვალა? - არჩევნებზე ნახეს, რომ ნაციონალები ექვს პროცენტიანები კი არ ვართ, არამედ შედეგი გავაუმჯობესეთ. დარწუნებული ვარ, სააკაშვილის პროკურატურაში მეორედ დაბარება პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

ბატონო გივი, პოლიტიკურ მხარეზე აპელირებთ, მაგრამ 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ყოფილმმა ხელისუფლებამ პასუხი არ უნდა აგოს? - შეგახსენებთ, რომ ამ დღეს, ათასობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდით...

- თავად ის ადამიანები როგორ სცემდნენ სამართალდამცავებს, ის არ გახსოვთ ხომ? ისე ნუ დახატავთ, რომ თითქოს აქციაზე საწყლები იდგენენ და პოლიციამ სცემა. ეს მთელი პროცესი იყო. როცა ხალხმრავალი მიტინგები იყო, მაშინ ისინი არავის დაურბევია. როცა ხალხმა გზა გადაკეტა, მათთან პოლიცია მივიდა, მათ აგრესიულად ექცეოდნენ, შემდეგ კი, ეს შეტაკებაში გადაიზარდა. გაირკვა, რომ ყველაფერი დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობდა. როცა გაირკვა, რომ ადამიანი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ამაში მთელი სიმძლავრეები ჩაერთო. ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ და ბოდიშსაც მხოლოდ იმ ადამიანებს მოვუხდი, რომლებიც ამ პროცესში შემთხვევით მოხვდნენ. მათ შორის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც „იმედში“ მუშაობდნენ და არ იცოდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა.

ჩვენ ჩვენი ვალი შევასრულეთ და ქვეყანა რუსი ოლიგარქისა და ე.წ. კანონიერი ქურდების სახელმწიფო გადატრიალებისგან გადავარჩინეთ. თურმე, კოდუა-პატარკაციშვილის ჩანაწერი ფალსიფიცირებული იყო. ამას ვერ დაამტკიცებენ, რადგან უწყვეტი ფირი არსებობს. არჩევნების ფალსიფიკაციის გზით, ხელისუფლების უზურპაციაზე იყო საუბარი. რა არის საბოდიშო, რომ ეს არ შესრულდა?! „იმედში“ შესვლით, ყველაზე მძიმე დარტყმა ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და ქვეყანამ მიიღო, მაგრამ ესეც გარდაუვალი იყო, რადგან იმ წუთებში, რასაც „იმედი“ აკეთებდა, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. არაფერს ვამბობ იმაზე, „იმედის“ მონაწილეობით ეს ყველაფერი რამდენი ხანი იგეგმებოდა. გავიწყდებათ, რომ ჟურნალისტი იმის ანონსირებას აკეთებდა, რომ ხელისუფლება სამების ტაძრის დარბევას აპირებდა?!

სავარაუდოდ, ნათია მიქიაშვილის ჩართვას გულისხმობთ, მაგრამ ეს შესაძლებელია, ჟურნალისტის ემოციური ფონი იყო, რომელიც ეპიცენტრის ადგილზე უყურებდა იმას - თუ როგორ სასტიკად სცემდნენ ადამიანებს...

- დიახ, მიქიაშვილის ჩართვას ვგულისხმობ, მაგრამ მას ყურზე პროდიუსერი ეჯდა. პარლამენტში „იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში მწერდა, მას ყურში პროდიუსერი უყვიროდა, რომ შენ ხარ მხარე და მიაწექიო. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, მაგრამ თუნდაც შემთხვევითი რომ ყოფილიყო, ერთი ჟურნალისტის ინიციატივას არ შეეძლო კატასტროფა გამოეწვია? - ადგილზე ათიათასობით ადამიანი მივარდებოდა. ეს კი სროლას გამოიწვევვდა. გახსოვთ ალბათ, რომ ბადრი იძახდა არ გამისვრია ჯერო. გასროლა კი, გარდაუვალი გახდებოდა. ეს არავის უხაროდა. მძიმე მოქმედებებით ქვეყანაც დავაზარალეთ, მაგრამ რთულ კატასტროფას გადავარჩინეთ. გავიწყდებათ, რომ ამ დღის შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ და პრეზიდენტი გადადგა.

როგორც არჩევნების შედეგმა აჩვენა, არც ისე ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ არასწორად მოვიქეცით. პოლიციური გადაცდომის შემთხვევები კი ნამდვილად იყო.

ამ გადაცდომებისთვის, რატომ არავინ დასაჯეთ და სპეცნაზის წევრებს, პირიქით, პრემიები რატომ ჩაურიცხეთ?

- შეუძლებელია, სპეცნაზმა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში მიიღო მონაწილეობა ჯილდო არ მისცე. მაშინ, ისინი ამაში მონაწილებას მეორედ აღარ მიიღებდნენ. რაც შეეხება დასჯას, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ლოდებს და ბარდიურის ქვებს რომ ესროდნენ, არც ისინი დასჯილან სასტიკად, რადგან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ოპოზიციასთან შეთანხმების საგანიც იყო.

კონკრეტულად, რა შეთანხმებას გულისხმობთ?

- პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კრიზისი არ გაგვემწვავებინა და ისე არ მოვქცეულიყავით, როგორც ახლა ესენი იქცევიან. პოლიტიკოსებს არ ვიჭერდით იმიტომ, რომ ეს საზიანო ქვეყნისთვის იყო. 26 მაისის შემთხვევაშიც ასე მოხდა. გთხოვთ, ბათიაშვილი არ მიხსენოთ.

თუ რიგით ადამიანებს უსწორდებოდით მწარედ, მათ ხან სცემდით და აპატიმრებდით?... პოლიტიკოსობა იმუნიტეტია?

- ასეთი გზით იქ მიხვალ, სადაც ესენი მიდიან. ანუ, ოპოზიცია უნდა გაანადგურო.

თუმცა, ოპოზიციას მაინც ანადგურებდით მანამ, სანამ პოლიტიკაში ივანიშვილი არ მოვიდა...

- ჩვენს დროს ოპოზიცია აგრესიული იყო. ჩაქუჩებით დარბოდნენ და ქვებს ისროდნენ. მათი დაკავების საბაბი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ამაზე არ მივდიოდით იმიტომ, რომ მთლიანი პროცესი და ქვეყნის იმიჯი არ დაგვეზიანებინა. თქვენ საუბარი გიოლდებათ, მაგრამ წარმოგიდგენიათ, საუბარი რაზე იყო? - სახელმწიფო გადატრიალებაზე.

თქვენ აქცენტირებთ სახელმწიფო გადატრიალებაზე, თქვენი ოპონენტები კი 4 ნოემბრის თათბირზე აპელირებენ, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის. როგორც ირკვევა, ვანო მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები - „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“. ანუ, აქციის დარბევა წინასწარ გქონდათ გამიზნული?

- მაღლაფერიძე ყველაფერს იწერდა? როგორ დეტალურად აქვს მონაყოლი. ეს ყველაფერი იდიოტიზმია. არანაირი თათბირი არ ყოფილა და მაღლაფერიძის ნათქვამი ლეგიტიმურ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. თუ თათბირი 4 ნოემბერს იყო, აქცია 7 ნოემბერს დაარბიეს? იქ არის საუბარი, რომ რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები უნდა ეცემათ და დაეჩმორებინათ, მაგრამ ეს ხალხი, მერე რა იქნა? თუნდაც ამ თათბირზე, მიტინგის დარბევა სად ჩანს? მაღლაფერიძის ამბავი გამოგონილია, მაგრამ დარბევაზე არც ის საუბრობს.

თუმცა, საუბრობს იმაზე, რომ გუბერნატორებს დაევალათ განსხვავებული აზრის დევნა...

- 7 ნოემბრის დარბევა არ იგეგმებოდა და ეს სასამართლოზეც გაბათილდება. პროკურატურაში „ასავალ-დასავალი“ არ გვეყო, რომ ახლა, მასალებს პირადი დღიურებით ავსებენ? ივანიშვილის ხუშტურის გამო, ისეც არ ქნეს, რომ თავის ჩამოყვანილ სპეციალისტებთან შეეთანხმებინათ ეს საკითხი. ყველაფერი ჰაერზე მოუნდათ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაინტერესებულ მხარეებს მტკიცებულებები მიეწოდებათ, რომელიც არის მყარი...

- რომელ პრემიერზე მელაპარაკებით? იმბეცილ და ბიძინას მონაზე? ღარიბაშვილს ერთადერთი მანჭვა და გრეხვა შეუძლია. ბესელიამაც კი ყველაფერს გადააბიჯა და როგორც მბრალდებელი ისე ლაპარაკობს. რატომ ლაპარაკობენ ასე? - ცდილობენ, რომ ივანიშვილს თავი მოაწონონ.

ოთარ კახიძის ინფორმაციით, პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს. იქედან გამომდინარე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, რამდენად შესაძლებელია, მისი ექსტრადირება?

- მით უარესი ამათთვის. თავის თავს ავტორიტარული რეჟიმის რანგში საბოლოოდ ჩაიყენებენ. კეზერაშვილიც დააკავეს, მაგრამ საქართველოს არ გადასცეს. მიშა სააკაშვილს შეზღუდვას ვერცერთ ქვეყანაში ვერ დაუწესებენ, მაგრამ რატომ ცდილობენ შეზღუდვების დაწესებას? - პუტინს რომ ასიამოვნონ. ეს არის ნაწილი მთელი მაამებლური პოლიტიკისა. წინა დღეს, რუსულმა მედიამ საიდან იცოდა, რომ სააკაშვილს ბრალს წაუყენებდნენ? - ალბათ, ვოლსკი და ზაქარეიშვილი გადაურეკავდნენ. იზოლაციაში მოექცევიან. ივანიშვილმა შანტაჟისტობა პირველივე დღიდან დაიწყო, როცა ევრაზიის კავშირზე დაიწყო საუბარი. პრემიერს ამერიკაში რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ პოლიტიკურ დევნას თავი დაანებეთო, მაგრამ მესამედ განსაკუთრებული იდეოტებისთვის კიდევ დააკონკრეტეს. ამას ლიმიტი აქვს, რომელიც ამოიწურება და ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა. ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ? - ქართული მხარე ცდილობს, რომ რუსეთისკენაც გზა შეინარჩუნონ, მაგრამ როგორც კი იქით სვლას დაიწყებენ, იმ საბურავებს მიიღებენ, რომლის თაობაზე თურმე პრევენციულად საუბრობდნენ.

ბატონო გივი, 7 ნოემბრის მოვლენებში საზოგადოებას განსაკუთრებით თქვენ დაამახსოვრდით. თქვენ ოპონენტებს მიმართეთ - „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“. რიგგარეშე სხდომაზე თეა წულუკიანმა ეს ფრაზა გაგახსენათ და თქვა, რომსული ვერ ამოხადეთ და ვერც ამოხდით“...

- ამაზე საუბარი მომბეზრდა, მაგრამ ათასჯერ ვიტყვით, რომ საბოლო ჯამში, მათ სულს ამოვხდი, ვისაც მაშინ მივმართავდი. ახლაც ზუსტად იგივე განწყობით ვარ. ჩემი საქციელი არცერთხელ არ მინანია. ამ ფრაზაც ახლაც ხელს ვაწერ. მაშინ ვთქვი, რომ „ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, რუსთაველზე რუსული დროშების ფრიალს და დავიცავთ ქვეყანას“. ვისაც რევანში უნდა, მათ მიმართ ახლაც ასე ვარ განწყობილი. ნუ დაისვენებენ და ნუ ამოისუნთქავენ, რადგან მათ არ მოვეშვები და ვეცდები, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. განსაკუთრებული დებილებისთვის ვიტყვი, რომ ფიზიკურად სულის ამოხდაზე არ ვსაუბრობ.

და ბოლოს, კახი კალაძემ კითხვით მოგმართათ - ვინ არის ბეგლარ ხაბაძე?

- თვითონ თქვა და მე რას მეკითხება?!

მან თქვა, რომ ბეგლარ ხაბაძე .. კანონიერი ქურდია, რომელიც თქვენი ოჯახის წევრია...

- დააკონკრეტოს ხოლმე. ნახევრად თქმა არ მესმის. იმედია, დამიფასებთ, რომ პირდაპირ ვამბობ ყველაფერს. თუ ე.წ. კანონიერი ქურდია და ქალაქში დადის, კალაძემ მე კი არა, ჭიკაიძეს უნდა მიმართოს.

ბეგლარ ხაბაძე, თქვენი ოჯახის წევრია?

- ჩემი ოჯახი მეუღლისგან და შვილისგან შედგება.