საპარლამენტო უმრავლესობა ხელფასის გაზრდის საჭიროებას ხედავს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, დეპუტატის გასამრჯელო ადეკვატური არ არის, ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე- სპიკერებს, დეპუტატებს. საკითხი რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვისას დადგა. პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, არის თუ არა გათვალისწინებული პარლამენტის წევრის ხელფასის ზრდა 2015 წლის ბიუჯეტით. მისი თქმით, საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც უსამართლობაა. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს უფრო მაღალი სახელფასო დანამატი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრის ხელფასია.
ქუცნაშვილის პოზიცია გაიზიარა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულებისკენ მიდის, შესაძლოა დარჩეს რეზერვი, რაც „სხვა მიმართულებით გადანაწილების საშუალებას იძლევა“. ონოფრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტარის ხელფასი 2000 ლარია, დეპუტატი ხელზე იღებს 1600-ს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან არ გაცემულა. თინა ხიდაშელი ონოფრიშვილს არ დაეთანხმა, პარლამენტის დეპუტატების ანაზღაურება არც ისე დაბალი _ ყოველთვიურად 3000 ლარზე მეტიაო: „უნდა განისაზღვროს სისტემა. პარლამენტარს დაბალი ხელფასი აქვს. თუ კანონს სიღრმისეულად გავყვებით, 1600 ლარი გვაქვს ხელფასი, მაგრამ მოსახლეობას ეს ხომ არ აინტერესებს?! დეპუტატის ანაზღაურება ორნაწილიანია: 1600 ლარი ხელფასი და დაახლოებით ამდენივე, დამატებით თანხა, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის. ჯამში, 3000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის.
თანამდებობის პირებს კი ხელფასი უფრო მეტი აქვთ. ეს ნორმალური ანაზღაურებაა. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ 1600 ლარი აქვს ხელფასი, ესე იგი, სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს და ექვითება სანქციებისთვის. სანამ დეპუტატის ხელფასის მომატებაზე ვისაუბრებთ, დეპუტატებმა უფლებამოსილების შესრულება დაიწყონ, სხდომებზე იარონ...’‘ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დავით ონოფრიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს: „ვინმეს სჯერა, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ 1600 ლარს იღებენ? ეს უბრალოდ ტყუილია! დღეს დამერიცხა პარლამენტის წევრის ხელფასი, სულ 3444 ლარი. ასე იყო შარშანაც. რა არის დასამალი?!’‘. „ვერსიასთან“ საუბრისას ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ხელფასის გაზრდაზე მოსაუბრე საპარლამენტო ძალის წარმომადგენლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ და ამის გამო, ხალხმა მათ მომავალ არჩევნებზე პასუხი უნდა გასცეს: „ხელფასის მომატება კი არა, რაც არის, ისიც არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სოციალურ- ეკონომიკურ ფონს. წარმოიდგინეთ, თითქმის 5 ათას ლარამდე ანაზღაურებაზეა საუბარი და ამ დროს, ქვეყანაში პენსიების ოდენობა 150 ლარია, სხვა დახმარებები იმდენად მიზერულია, სათქმელადაც არ ღირს. საუბარი, თითქოს ხელფასები უნდა გაიზარდოს, ნიშნავს, რომ ამ საკითხის დამყენებელი ძალის წარმომადგენლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ და ხალხმა მათ არჩევნებზე პასუხი უნდა გასცეს“.