ფინანსური სექტორის მოგება იზრდება, პარალელურად მატულობს პრობლემური სესხების რაოდენობა. ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას. ამ საკითხზე ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა საუბარი, მაგრამ გამოსავალი მოძებნისთვის თავს მაინც და მაინც არავინ იწუხებს.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხებით დავალიანების მოცულობამ წლის პირველ ნახევარში 1.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44.3%–ით არის გაზრდილი. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა ერთ წელში 54.2%–ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 11.1%–ით.
აღსანიშნავია, რომ საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე 2014 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 27.1%–ია, რაც 2013 წლის 1-ელ ივლისთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო გრძელვადიან სესხებზე კი 17.6%–ს შეადგენს.
დაკრედიტების ზრდასთან ერთად, საკმაოდ სწრაფად მატულობს პრობლემური სესხების მოცულობაც. მოუხედავად იმისა, რომ ფინანსური სექტორი სესხის გაცემისას ძალიან ფრთხილობს, დაუბრუნებელი ვალდებულებების რაოდენობა მაინც იზრდება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ დასაკუთრებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემური სესხების საკითხი, როგორც ბანკების მმართველების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, დიდ ყურადღებას იქცევს.
2008 წელს არსებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ პრობლემური სესხები იყო (ამერიკაში კომერციული ბანკების მიერ დიდი ოდენობის „სუბ-პრაიმის“ (მაღალი რისკის მქონე კლიენტები) სესხების გაცემამ წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება გამოიწვია, რამაც შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაუდო სათავე).
„საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია, რის მიხედვითაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო 124 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა (ეს მაჩვენებელი საშუალოზე ოდნავ უკეთესია).
პრობლემური სესხების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა მსესხებლის სესხის გადაუხდელობის გამო სახლის დაკარგვის და უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევებია. ბოლო წლების განმავლობაში მთლიან სესხებში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი გაიზარდა, შესაბამისად, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას. 2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის) შემდეგ, როგორც კომერციული ბანკების ისე სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გაყიდული უზრუნველყოფილი საკუთრების ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, არსებული მონაცემები ასეთია: ამ პერიოდში სულ 952 უძრავი ქონებაა რეალიზებული. კომერციული ბანკების სასარგებლოდ 172 გაიყიდა, რაც მთლიანი ოდენობის 18,07%-ია. მიკროსაფინანსოების სასარგებლოდ 157 უძრავი ქონებაა (16.49%) რეალიზებული, ხოლო დანარჩენი 623 (65.44%) კი კერძო პირების, ანუ მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. ამ მონაცემებიდან აშკარაა, რომ აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან მოცულობაში კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას ყველაზე დიდი წილი უკავია, რაც შემაშფოთებელი ფაქტია“, - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში.
პარალელურ რეჟიმში თვალსა და ხელს შუა იზრდება ბანკების მოგება. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ იანვარ–ივნისში 192.4 მილიონი ლარი შეადგინა და 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 25.8%–ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 22.7%-ით გაიზარდა და იანვარ–ივნისში 18.3 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5%–ია.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც მსესხებლების ასევე კრედიტორების ფინანსური განათლების დონის ამაღლება; რისკების მენეჯმენტის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა; შემოსავლებისა და ვალდებულებების თანაფარდობის კოეფიციენტების დახვეწა; ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა, რომლებიც ბანკებს პრობლემური სესხების მართვაში დაეხმარებიან; კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება; ფინანსური კანონმდებლობის მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება; ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება.