მიხეილ გიორგაძე მანანა ბერიკაშვილს კულტურის სამინისტროში აბრუნებს

მიხეილ გიორგაძე მანანა ბერიკაშვილს კულტურის სამინისტროში აბრუნებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილს აბრუნებენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ახალი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, პოსტიდან გათავისუფლდა. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მიხეილ გიორგაძე მოადგილის თანანმდებობაზე მანანა ბერიკაშვილს ხვალ წარადგენს.

მმართველ გუნდში არ კონკრეტდება, კულტურის ახლად დამტკიცებულმა მინისტრმა თუ რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ იმაზე მიუთითებენ, რომ მანანა ბერიკაშვილი გივი ბერიკაშვილის შვილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დიდ პატივს სცემს.

მიხეილ გიორგაძემ მოადგილეები - მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი თანამდებობებიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. მოადგილეები აცხადებდნენ, რომ მათთვის მიზეზები უცნობი იყო.

როგორც აღმოჩნდა, ბერიკაშვილი მინისტრის გადაწყვეტილებას „გაგებით მოეკიდა“, რადგან ის აცხადებდა, რომ ახალი მინისტრის პოზიცია მისთვის გასაგები იყო, რადგან ის სამინისტროში ახალ გუნდთან ერთად უნდა მისულიყო.

„აუცილებლად თავის გუნდთან ერთად უნდა მოვიდეს. მეც ასე მოვიქცეოდი იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება საყრდენი, ის ადამიანები, ვის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ ეპარება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - აღნიშნავდა ბერიკაშვილი, რომლისგან განსხვავებით, პოსტს ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი საბოლოოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი მინისტრის მოადგილედ 2013 წლის 22 მარტს დაინიშნა. ხოლო, მანანა ბერიკაშვილი პოსტს 2013 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე, ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა, თუმცა, ის „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილთან დამარცხდა.