მთავარია, ფანტაზია და თუკი ფანტაზიას ცოტა გონიერებასაც დაუმატებთ, შეიძლება, ისეთი საშინელება გააკეთოთ, როგორიც, მაგალითად, “კარდონისგან” გამოხდილი ჭაჭის არაყია... აი, ასე: ვისაც გგონიათ, რომ ბაზარში ჭაჭის არაყს ყიდულობთ, როგორც პოლიტიკურად ცხონებული მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად?!.
რამდენიმე კვირის წინ, თელავის აგრარული ბაზრის წინ, გაზეთების ე. წ. სტელაჟთან შევჩერდი და ქართული ბეჭდური მედია გადავათვალიერე... გამყიდველმა ამხედ-ჩამომხედა და მკითხა:
- რამდენი ხანია, „ქართულ სიტყვაში“ თქვენი წერილები აღარ მინახავს...
იმედიანად ვუპასუხე:
- ამის მერე ისევ ნახავთ...
- იცით, თქვენი რომელი სტატია მომეწონა? - საუბარი გამიბა “კრიკუნმა”.
- რომელი? - დავინტერესდი.
- “ღვინო ქვევრისა და ვაზის გარეშე” - აი, რომ წერდით, თუ როგორ მზადდება ღვინო კუსტარულად, ოღონდ გამიკვირდა, ჭაჭის არაყსა და “კარდონზე” რომ არაფერი თქვით...
გაოცებულმა შევხედე...
- ნუთუ, არ იცით?.. ჩინელებმა დაიწყეს ბიზნესი: კარდონისგან არაყს ხდიან, მერე, ცოტა ჭაჭას ამატებენ და თბილისში გასაყიდად მიაქვთ...
აბა, მიიხედ-მოიხედეთ, “კარდონის” კოლოფი ერთი მაღაზიის წინაც აღარ გდია... სანაგვეები სულ ამოტრიალებულებია - სადაც ნაგლეჯს პოულობენ, აგროვებენ და არაყს ხდიან!
ცოტა არ იყოს, მეუცნაურა...
რთულია, დაიჯერო...
იმავე საღამოს, სოფელში, ჩემს ჟამგამოვლილ ნათესავებს დავურეკე და ვიკითხე:
- “კარდონით” არყის გამოხდა შეიძლება?
ყველამ იუარა...
ბოლოს, იმ აზრს შეგუებულმა, რომ გაზეთების გამყიდველმა ტყუილი მითხრა, გამოკითხვას თავი დავანებე, თუმცა...
თურმე, “კრიკუნი” მართალი ყოფილა...
ჩინელები, თურმე, პატარა მათხოვრებთან არიან გარიგებულნი, რომლებიც ხურდის სანაცვლოდ “კარდონს” უგროვებენ...
მერე?
კარგად დამბალ “კარდონს” ცოტა შაქარს აყრიან, საფუარს ამატებენ, “დასამჟავებლად” მზეზე დგამენ. მერე, დამჟავებულ მასას არყის გამოსახდელ ქვაბში ათავსებენ და... ცოტა ხანში არაყიც მზადაა, რომელსაც ვიდრე თბილია, ცოტა ჭაჭას ამატებენ და... ვერავინ იჯერებს, რომ არაყი “კარდონის” “შედევრია”...
ცნობისათვის: ამ რიტუალს ჩვენი „მეგობარი” ჩინელები ქალაქ თელავის გარეთ, ტყეში ატარებენ, სადაც ჯგუფურად, კარვებში ცხოვრობენ...
არ ვიცი, რამდენ თქვენგანს დაულევია ეს არაყი...
არც ის ვიცი, ამ არყით მოიწამლეთ თუ შეგერგოთ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ 30-გრადუსიან ე. წ. ჭაჭის არყად გასაღებული სითხე არც მამაპაპისეული ჭაჭაა და არც - ხილის არაყი...
“კარდონის” არყის” რეცეპტი ჩინელებთან დაახლოებულმა სომეხმა გოგონამ გამიმხილა, თან დაამატა:
- აი, რატომ არ შეუშვეს სომხეთში ჩინელები... ყველაფერს “ახალტურებენ”.
მოკლედ, ასე, ჩემო კარგებო: ისეთი დრო დადგა, რომ მალე შეიძლება, “პლასტმასის“ ღეჭვაც დავიწყოთ!