„ალდაგის“ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ყველა ექიმმა და ექთანმა დატოვა. მათ მთავარი ექიმი ზაზა სინაურიძეც შეუერთდა. ჰოსპიტალურ სექტორს, მართალია, პრობლემები არ აკლია, მაგრამ ასეთი ერთსულოვანი პროტესტი მაინც მოულოდნელი იყო. რამდენიმე თვის წინათ სადაზღვევო კომპანიის მიერ შეძენილი კლინიკა 8 აგვისტოს საერთოდ შეწყვეტს ფუნქციობას.
კლინიკის ხელმძღვანელის მდივანმა მაგდა გოგუაძემ დაადასტურა, რომ მედპერსონალის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად შენობა დატოვა. მედპერსონალის ნაბიჯს მოჰყვა ის, რომ საავადმყოფო პარალიზებული აღმოჩნდა.
დაწესებულების მენეჯერმა დიანა მელქონიანმა აღნიშნული ფაქტი არ გაამხილა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. „ვალდებული არ ვარ, გითხრათ. მე არაფერი ვიცი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კლინიკის დატოვების შესახებ განცხადება მეან-გინეკოლოგებმა, ანესთეზეოლოგებმა და ექთნებმა დაწერეს. „ახალ სიცოცხლეს“ „ავანტე ჯგუფი“ ფლობს, რომელიც კომპანია „ევექსის“ მენეჯმენტს ექვემდებარება და რომელიც, თავის მხრივ, კომპანია „ალდაგის“ მფლობელობაშია.
მოგვიანებით კლინიკის დირექტორმა ზაზა სინაურიძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა, პირდაპირ დაასახელა ის ორგანიზაციები, რომელებიც კლინიკის ექიმების პროტესტის მიზეზად იქცნენ - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და მისი შვილობილი კომპანია „ევექსი“.
მას შემდეგ, რაც „ალდაგმა“ კლინიკა შეისყიდა, ექიმები პაციენტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ და ავადმყოფებს ხარისხიან მომსახურებას ვეღარ სთავაზობენ. პაციენტების სიცოცხლესთან დაკავშრებული შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკის ყველა ექიმმა სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„მათი მმართველობის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ პაციენტების უსაფრთხოება, შესაბამისი სამედიცინო ხარისხი უზრუნველვყოთ, რითაც ეს კლინიკა ცნობილი იყო და გამოირჩეოდა. ჩვენ გვეშინია, რომ რაღაც არასასაიამოვნო ფაქტი მოხდება, პასუხისმგებლობას არავინ მოჰკითხავს „ალდაგს“ და „ევექსს“, პირდაპირ დადგება ჩვენი, ექიმების პირადი პასუხისმგებლობა.
არის პრობლემები ფინანსურ, ლოგისტიკურ ნაწილში, ასევე ადამიანების რესურსების მართვის კუთხით - არცერთი ნაწილი არ მოგვწონს. პაციენტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ კარგად იყავით“, - განუცხადა სინაურიძემ რადიო „კომერსანტს“.
კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ განცხადება კლინიკაში მომუშავე ყველა ექიმმა, 45-მა ადამიანმა, დაწერა. იგი ადასტურებს, რომ ხელმძღვანელობასთან არაერთხელ ჰქონდათ მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა „ალდაგს“ ხისტი პოლიტიკა აღმოაჩნდა და არაფრის შეცვლა ისურვა.
კლინიკა „ახალი სიცოცხლიდან“ ყველა ექიმის სამსახურიდან წასვლის შესახებ, კლინიკის მენეჯმენტში კომენტარს არ აკეთებენ. ისინი დუმილის პოლიტიკას ინარჩუნებენ. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ამ ეტაპზე კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა 8 აგვისტოდან ფუნქციობას შეწყვეტს.