ქრისტიან-დემოკრატები ნინო ბურჯანაძეს სასამართლოში უჩივიან. ვინ რამდენ მილიონად გაყიდა პარტია

ქრისტიან-დემოკრატები ნინო ბურჯანაძეს სასამართლოში უჩივიან. ვინ რამდენ მილიონად გაყიდა პარტია

პავლე კიკალიშვილი, გია ჩალიჩავა, მიხეილ  ლეჟავა, თამაზ დოხაძე, ლიკა მჟავანაძე, ლაშა ბერაია, კახა სარია, ავთანდილ ტუნაძე, შოთა ჩიხრაძე, რომანოზ გირლიანი, მამუკა მგელიაშვილი, ჯემალ მასხარაშვილი, ლია ჩოგური, მადონა ქურხული - ეს იმ  ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ცნობილ პოლიტიკოს გოჩა ჯოჯუასთან ერთად, პარტია ქრისტიან-დემოკრატების (ქდმ) დაბრუნებას აპირებენ. მეტიც, როგორც ,,ვერსიას’‘ თავად ჯოჯუამ განუცხადა, მზადდება კოლექტიური სარჩელი ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ და .. ძველ ქდმ-ელებს გაყიდული პარტიის დაბრუნება სურთ. მართალია, ახლა უკვე გვიანია და კაცმა არ იცის, სინამდვილეში ვინ რამდენი აიღო და ვინ განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობს, მაგრამ ფაქტი ერთია - ორადგახლეჩილიქდმდეტალებსსასამართლოშიგაარკვევსდაბოლოსდაბოლოს, ჩვენცგავიგებთ, ვისდარჩებაპარტია, ბურჯანაძე-ვეფხვაძეს თუ ჯოჯუასა და ,,გადაგდებულებს’‘. ,,ვერსიას’‘ გოჩა ჯოჯუა საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა და ის საბუთებიც მოგვიტანა, რომლის მიხედვით, 6 ივნისს შემდგარი გაერთიანების არალეგიტიმურობის დამტკიცებას აპირებს.

- წინასაარჩევნოდ, ყველამ ვიფიქრეთ, რომ ქდმ- და ბურჯანაძემ საარჩევნო ბლოკი გააკეთეს. რა მოხდა სინამდვილეში და როგორ გახდა ბურჯანაძე თქვენი პარტიის თავმჯდომარე?                 
- თავის დროზე, ბურჯანაძემ მოლაპარაკებები მხოლოდ ქრისტიან- დემოკრატებთან (ქდმ) კი არა, მთელ ოპოზიციურ ძალებთან დაიწყო. მოლაპარაკების მიზანი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა იყო, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ბურჯანაძე უნდა ყოფილიყო. გაერთიანება არ შედგა და ბოლოს დარჩნენ ჯონდი ბაღათურია, უბრალოდ, მხარდამჭერის როლში და დიმა ლორთქიფანიძე, რომელმაც კენჭი სწორედ ქდმ-დან იყარა. სინამდვილეში, ეს იყო პოლიტიკური ფარსი, რომელიც ყველამ ერთად გავითამაშეთ! მაშინ ბურჯანაძე ქმნიდა ილუზიას, რომ იყო მეორე ოპოზიციური ძალა საქართველოში, რომელიც ნაციონალებზე მეტ შედეგს დადებდა, შექმნიდა პოლიტიკურ კრიზისს, მოითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამის ხელშეშლა კი პოლიტიკურ დანაშაულად ჩაგვეთვლებოდა. ხელი რომ შეგვეშალა და პროცესი ჩაგვეშალა, ქართველი მოსახლეობა ვერ გაიგებდა. ბურჯანაძეს არც თავისი პარტია დაუშლია და ყრილობაც დარღვევით ჩატარდა. არ უნდოდა, ამოტივტივებულიყო, რომ იგი ქდმ-ს თავმჯდომარეობას აპირებდა. მეც და პარტაქტივის დიდი ნაწილიც ერთიან ოპოზიციურ ბლოკზე თანახმა ვიყავით, თუმცა ამ შერწყმაზე არა.   
                
- რა დარღვევებზე საუბრობთ?               
- როცა უკანონობასა და უსამართლობას ერთად სჩადი, ყველანაირ ზღვარს ცდები. ბურჯანაძეს მორალური სახე მაინც უნდა შეენარჩუნებინა ქდმ-ს იმ წევრების მიმართ, ვინც არათუ ,,გადააგდო’‘, არამედ საერთოდ გონზე არ იყვნენ, რა ხდებოდა.   
          
- სულ ბურჯანაძეზე რატომ საუბრობთ, პრეტენზიები თქვენი პარტიის ლიდერების მიმართ რატომ არ გაქვთ?            
- გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან წავიდა და მას პარტიულ საქმიანობაში ჩარევის უფლება აღარ ჰქონდა. პასუხისმგებლობა იმ პირებს ეკისრებოდა, ვინც პარტიაში დარჩა, თუმცა მათაც არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლება, პარტიის ყრილობის ჩატარებამდე. მათთან ურთიერთობა მას მერე დავამთავრე, რაც გაერთიანება არ შედგა და ვთქვი, ვიდრე ყრილობა არ ჩატარდება, მონაწილეობას არაფერში მივიღებ- მეთქი. როცა ყრილობის გარეშე პარტია ბლოკში მიდის, ეს უკვე საკუთარი წევრებისა და წესების იგნორირებაა.  
             
- პარტიის ყრილობა ხომ ჩატარდა 6 ივნისს?               
- 6 ივნისიც ფარსი იყო. ყრილობა ჩატარდა ორთაჭალის რომელიღაც რესტორანში, ქელეხის დარბაზში. მოვიდა ბურჯანაძე, ქრისტიან- დემოკრატებს ქელეხი გადაუხადა, ,,სულთა თანა’‘ უმღერა და დაამთავრა. საქმე ისაა, რომ ვინც ამ ყრილობას ესწრებოდა, დელეგატის სტატუსი არ ჰქონდა, ანუ არაუფლებამოსილი პირი იყო. პარტიის შიდაგანაწესით, ყრილობას 360 კაცი უნდა დასწრებოდა და ოქმში სულ 260 კაცი ჰყავთ მითითებული. სინამდვილეში, ქდმ-დან სულ 15-20 კაცი იყო და მათ ეს პირადად ჩემთან აღიარეს. გარდა ამისა, დოკუმენტაცია ცესკო- სა და საჯარო რეესტრშიც დარღვევებით შეიტანეს.    
         
- და ამ დარღვევებზე საარჩევნო კომისიამ და საჯარო რეესტრმა თვალი იმიტომ დახუჭა, რომ ბურჯანაძის გეგმები არ ჩაეშალათ?                
- ამაზე ყურადღება რომ გაემახვილებინათ, გამოდიოდა, ბურჯანაძის გეგმებს ცესკო ჩაშლიდა. მიუხედავად ამ ,,თვალდახუჭვისა’‘, ბურჯანაძემ 10%-მე მეტი ვერ აიღო. ცესკო- ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიმართ პრეტენზიები ბევრი იყო, თუმცა მისიც მესმის - ნომრის მინიჭებიდან დაწყებული, პარტიების რეგისტრაციით დამთავრებული, ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.               
- გამოდის, მთელი არჩევნები ფარსი იყო, რადგან ყველამ ყველაფერზე თვალი დახუჭა, მათ შორის თქვენც...              
- სხვანაირად, ქართველი ხალხი ვერ გაგვიგებდა. ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და იდგება. რაღაცებს პოლიტიკური მნიშვნელი აქვს, რაც კანონზე მაღლაც დგას.       
      
- კანონზე მაღლა ბურჯანაძე და ვერავინ დადგება!                
- აბა, რატომ ვაცხადებთ მორატორიუმებს? პოლიტიკა, სინამდვილეში ადამიანის უფლებებსა და კანონზე მაღლაც დგას. მსოფლიოში ასეა.  
              
- ასე ფიქრობს ,,გადაგდებული’‘ პარტაქტივიც?               
- ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი პარტიიდან მიიღო. ის სიკეთეები, გამართული სტრუქტურები, კვალიფიციურის სტატუსი თუ საეთერო დრო მან უკვე მიიღო, ყველამ ერთად ვუფეშქაშეთ. ამის მერე საბრძოლველიც აღარაფერი უნდა იყოს - ყრილობას ჩავატარებთ და პარტიას დავიბრუნებთ, ნინო ბურჯანაძემ კი მადლობა უნდა გადაგვიხადოს, რომ გამოგვიყენა.  
               
- გამოგიყენათ რის ფასად - რა მიიღო ქდმ-?              
- არ ვიცი, რადგან მოლაპარაკებებში არ ჩამრთეს. საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება მქონდეს, რომ სულელი არავინაა და სანაცვლოდ ვიღაცამ რაღაც მიიღო. კანონმდებლობით, ორი პარტიის თავმჯდომარე ერთდროულად ვერ იქნები. ბურჯანაძე ქდმ-ს თავმჯდომარე ისე გახდა, რომ ამ პარტიას არც ახსენებს და ყველგან თავისი პარტიის სახელით ჩნდება. იურიდიულად სხვას ამბობს, ვერბალურად - სხვას. მას რცხვენია ქდმ-ს თავმჯდომარეობის. ერთი წელი ქდმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი და ჩვენს წევრებთან ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მათ ვერ ვუღალატებ. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ოფისების თავმჯდომარეებმაც მითხრეს, ბრძოლას ვაპირებთო.   
              
- სად არიან ქდმ- სხვა ლიდერები და მათი პოზიცია როგორია?                  
- ლევან ვეფხვაძე ხელს საარჩევნო დოკუმენტაციას ბოლომდე აწერდა. არ ვიცი, რა გარიგებაშია ბურჯანაძესთან. როცა თარგამაძემ განაცხადა პოლიტიკიდან მივდივარო, პარტია ორად გაიყო - ნაწილი ამბობდა, თავმჯდომარედ ვეფხვაძე ავირჩიოთო, ნაწილი - ახვლედიანს ემხრობოდა. ბოლოს კი თავმჯდომარე ბურჯანაძე გახდა და თანაც, კანონდარღვევით. არჩევნები დამთავრდა და პარტიის დაბრუნება გვინდა.  
              
- ეგ პროცედურულად და სამართლებრივად როგორ უნდა გააკეთოთ?                
- სამართლებრივი გზა ასეთია: უნდა ჩატარდეს ყრილობა და მანამდე 6 ივნისის ყრილობის დელეგიტიმაცია მოხდეს. ალბათ, ჯერ განაცხადი საჯარო რეესტრში უნდა შევიდეს და მერე სარჩელი სასამართლოში. საჯარო რეესტრს შეუძლია, საქმე სასამართლომდე არც მიიყვანოს, მაგრამ ალბათ, ამას არ იზამს, პოლიტიკური გადაწყვეტილება რატომ უნდა მივიღოო და საქმეს საქალაქო სასამართლოს გადასცემს. სასამართლოს დაველოდოთ - თუ ამ ოქმს არ გააუქმებენ, ესე იგი, ბურჯანაძე და ,,ოცნება’‘ გარიგებულები არიან. ჩვენ კოლექტიურ სარჩელს შევიტანთ, მერე ახალ ყრილობას ჩავატარებთ და ახალ თავმჯდომარესაც ავირჩევთ. ქდმ თავის სიკეთეებიანად აღდგება და მორალურადაც მართალი იქნება! როგორც ყოველთვის, ,,ვერსია’‘ ამჯერადაც დაინტერესდა მეორე მხარის არგუმენტებით. დავუკავშირდით ნინო ბურჯანაძის პარტიის პრესმდივანს, ბაკურ ბაკურაძეს და მისი მეშვეობით, კომენტარი გიორგი ახვლედიანმა გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქდმ-ს თავმჯდომარედ მოიაზრებოდა: ,,ჯერ ერთი, ქდმ-ს 80% არის იქ, სადაც მოხდა ეს გაერთიანება. დღეს მათი დიდი ნაწილი საკრებულოში შევიდა. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც დიდი ხანია, ქდმ-ს წევრები აღარ არიან, მაგრამ მათ რა უნდათ, არ მესმის. არ მესმის ასევე, რა სურს გოჩა ჯოჯუას, რომელიც ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, ქრისტიან- დემოკრატიულ მოძრაობას ვტოვებ, რადგან ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელიაო. მირჩევნია, კოალიცია სერგო ჯავახიძესთან, ბაჩუკი ქარდავასა და პაატა დავითაიასთან გაიმართოსო. ჩვენი პრინციპული უარის გამო კი ეს გაერთიანება არ შედგა და ნინო ბურჯანაძესთან კოალიცია ჩვენი პარტიის განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პარტიას მთავარი კომიტეტი ჰყავს, რომლის 100%-იანი შემადგენლობა პროცესში მონაწილეობდა. ეს განაწყენებული ადმიანები იყვნენ პარტიის წევრები, მაგრამ ვინც ამ პროცესს დიდი ხნის წინ გაემიჯნა, ახლა რას ცდილობს?! ყველაფერი ლეგიტმურად, კანონიერად ჩატარდა და დღეს ასეთია მოცემულობა - ნინო ბურჯანაძე პარტიის თავმჯდომარეა, ლევან ვეფხვაძეც აქ არის, საარჩევნო პროცესებში ჩართული იყო, უბრალოდ ახლა, ერთ თვეში გაემგზავრება გლაზგოში, სადაც უნივერსიტეტში ჩააბარა, 1 წელში აიღებს ენერგეტიკის მაგისტრის დიპლომს და, როცა დაბრუნდება, პოლიტიკურად ისევ გააქტიურდება. მაგდა ანიკაშვილი და ნიკა ლალიაშვილი კი პოლიტიკური ტაიმ აუტის რეჟიმში არიან’‘.