პარლამენტი, მთავრობა, მერია და ახლა უკვე საკრებულოს ყველა პოსტი ,,ქართულმა ოცნებამ’‘ დაიკავა. მინისტრთა კაბინეტის შვიდი კადრიც შეიცვალა და როგორც პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, ამით პრემიერმა ღარიბაშვილმა კონკრეტულად, პარტია ,,ოცნების’‘ გუნდი გააძლიერა. მოკლედ, ნაციონალების არ იყოს, ქვეყანაში ყველა თანამდებობა ,,ოცნებამ’‘ დაისაკუთრა, ამ დროს კი გვერდზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები რჩება, როგორიც ეკოლოგიური კატასტროფაა დედაქალაქში, ან აზერბაიჯანის რამდენიმე მილიარდიანი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ვერსიას’‘ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან, სოსო მანჯავიძე ესაუბრება.
- ,,ოცნებამ’‘ ყველა პოსტი ისე დაიკავა, სამ ოპოზიციურ პარტიას პოზიცია არ გქონიათ. რატომ?
- კონსულტაციები არ ყოფილა. ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ ჰქონია. არ სურდათ უმართავი ადამიანები თანამდებობაზე, რადგან შესაძლოა, პრობლემები შექმნოდათ. პოზიცია გვქონდა, უბრალოდ, რამის თქმას აზრი აღარ ჰქონდა. მაშინ ბოიკოტის რეჟიმში უნდა გადავსულიყავით, რაც არაფერს მოგვცემდა. თავად ,,ოცნებაში’‘ ბევრ პარტიას სხვადასხვა აზრი აქვს და ველი, მათი პოზიციები როდის გაიყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკრებულო დაჭაობდება. ჩემი ფუნქცია იქნება, დღის წესრიგში ისეთი საკითხები დავაყენო, რაც დეპუტატთა შორის აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.
- საკრებულოს ოპოზიციაში ნაციონალებიც არიან, მათთან და დანარჩენ ოპოზიციასთან ითანამშრომლებთ?
- გააჩნია საკითხს. უამრავი კონკრეტული თემაა, რაზეც ერთიანობა და თანამშრომლობაა საჭირო. საზოგადოებამ ნელ-ნელა საჭირო და აქტუალური საკითხების გარჩევა უნდა ისწავლოს. ძირითადად, ისეთ თემებზე მსჯელობენ, რომელ თა 90% მეორეხარისხოვანია. დესტრუქციული და ხმაურიანი ოპონირების უკან კი, როგორც წესი, დიდი გარიგებები იმალება ხოლმე.
- ჯერჯერობით, ალეკო ელისაშვილის გარდა, არავინ ხმაურობს...
- ელისაშვილმა, ნაციონალებმა და ბურჯანაძის პარტიამ პრემიების საკითხი დააყენეს. ვეთანხმებოდით, ოღონდ, ამის მოწინააღმდეგე ,,ოცნებაშიც’‘ არავინ ყოფილა. ხმაურიანი გარჩევის დროს კი, რეგლამენტზე არავინ ლაპარაკობდა. მხოლოდ მე წამოვწიე ეს თემა. საკრებულოს რეგლამენტის 67-ე მუხლში გაწერილია, ვის შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა. ამ პუნქტის მიხედვით, საკითხის ინიცირების უფლება თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და დეპუტატებს აქვთ. ასევე, საინიციატივო ჯგუფს, რომელიც პეტიციის ორგანიზებას მოახდენს. იქვე ეწერა, რომ საკრებულოს წევრებმა დანართში უნდა ახსნან, რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება სხვა არსებულ მუხლებზე. საინიციატივო ჯგუფებს ეს არ მოეთხოვებათ. ეს სპეციალურად გაკეთდა, რომ ინიციატივის არმიღების მიზეზად, განმარტების არქონა დასახელებულიყო.
- ანუ მოქალაქეებისთვის საკრებულოს კარის დახურვა სურდათ?
- რა თქმა უნდა. ეს კონსტრუქციულად მივუთითე და მუხლი ჩასწორდა. ამავე პუნქტში ისიც ეწერა, რომ მოქალაქეები პეტიციას ისე ვერ შემოიტანენ, თუ 20 დღეში დაახლოებით 10 000 ხელმოწერას არ შეაგროვებენ და ნოტარულად არ დაამოწმებენ. ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ეს პუნქტიც შევაცვლევინე. თავად განსაჯეთ, ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც ყვირილის გარეშე გაკეთდა, თუ რასაც უშედეგოდ, ბევრი ხმაური მოჰყვა. ყვირილს აზრი უნდა ჰქონდეს. უსაგნო ყვირილი მხოლოდ გიჟებს ახასიათებთ. საყვირალი კი იმდენი იქნება, ენერგია უნდა შევინახო. თანაც, ჩვენი საკრებულო თბილისისთვის პარლამენტზე მნიშვნელოვანია. კონკრეტულ საკითხებს სპეციალისტებთან ერთად დავაყენებ. ერთი მწვავე თემა ისაა, რომ თბილისი ნაგავში იხრჩობა. დედაქალაქის შემოგარენში 30 მლნ ტონა ნაგავია დაგროვილი, რაც ინფექციების წყარო და ეკოლოგიური ბომბია. თბილისი აბინძურებს რეგიონის უმნიშვნელოვანეს მდინარეს, მტკვარს.
- მგონი, პირველი ხართ, ვისაც საკრებულოში მტკვარი გაახსენდა.
- ცოტა ხანში, ამას აზერბაიჯანი გაახსენებს საქართველოს! ეს ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ მრავალმილიარდიან სარჩელს ამზადებს. მთელი ქალაქის ფეკალიები პირდაპირ მტკვარში ჩადის და მინგეჩაურის წყალსაცავში ჩაედინება. ეს სარჩელია იმის შესახებ, რატომ ვაბინძურებთ მტკვარს და ამით, საქართველო არღვევს საერთაშორისო ნორმებს. მტკვარი საერთაშორისო მნიშვნელობის მდინარე და უზარმაზარი არტერიაა. ასევე, უმძიმესი მდგომარეობაა საკანალიზაციო გამოსაკვლევია, რა გავლენას ახდენს მთაწმინდის ჩამონადენი წყალი მეტროს გვირაბებზე...
- მხარს ვინ დაგიჭერთ საკრებულოში, სადაც ამბობენ, რომ პრიორიტეტი მერის პროგრამის განხორციელებაა?
- მთავარია, მხარი საზოგადოებამ დამიჭიროს. სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არ უნდა დავივიწყოთ - უსაფრთხოება, სამოქალაქო თავდაცვა... საქართველოში მძიმე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ვითარებაა. ბალანსი მყიფეა და დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
- განაცხადეთ, ახალი კომპრომატები დაიდება და ვითარება აირევაო. რას გულისხმობდით?
- მმართველი ძალა სიმწიფის სტადიაში შევიდა. ვგულისხმობ, პარტია ,,ოცნების’‘ შემადგენლობასა და ძალოვან ბლოკს, რომელსაც იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე დანარჩენ მინისტრთა კაბინეტს. საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობა შს სამინისტროს აქვს. ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკურ ვერტიკალს წარმოადგენს. სწორედ ეს გუნდი გაძლიერდა, პოლიტიკურ ვითარებაში უკეთ გაერკვევა და მოქმედება გადაწყვიტა. დღეს ისინი ნაციონალების ნეიტრალიზებასა და დანარჩენი ოპოზიციისთვის დეკორატიული ფუნქციის მინიჭებას ცდილობენ. ზოგადად, ღარიბაშვილს მიმართ ნდობა არსებობს, მაგრამ ყველაფერი წარმავალია. შესაძლოა, გაძლიერებულმა გუნდმა მის წინააღმდეგ სხვა ჯგუფების კონსოლიდაცია გამოიწვიოს. ღარიბაშვილს ეს გააზრებული აქვს და აქაც რთულ კომბინაციასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, მინისტრთა ახალი კაბინეტი თავისი ნდობით აღჭურვილი პირებით დააკომპლექტა. ხალხი პასიურია და მისი გააქტიურება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით შეუძლებელია. გადავედით ერთპარტიულ მმართველობაზე, რაც ამ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ სხვა ჯგუფების კონსოლიდაციას გამოიწვევს.
- რომელ ჯგუფებზე საუბრობთ, ან თქვენ თუ აპირებთ რამეს?
- ეს გუნდები კოალიციის შიგნით არსებული სხვა პარტიებია. თუმცა ვითარებას დიდად ვერც მათი შიდადაპირისპირება შეცვლის, თუ პოლიტიკურ სცენაზე უფრო დიდი მოთამაშე არ გამოვიდა.
- და ვინ უნდა იყოს ასეთი?
- საქართველო სიურპრიზების ქვეყანაა. ინტუიცია მკარნახობს, ვიღაც ახალი გამოჩნდება. დღეს მოცემულობა ასეთია - ამ დაჭერებით ,,ოცნების’‘ რეიტინგი ნარჩუნდება. ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მასში გარდატეხა ვერც ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობამ შეიტანა. დიახ, დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობა იყო. მოვლენათა ცვლილებების უფრო დიდი მოლოდინი მაშინ უნდა გვქონოდა, თუ კიწმარიშვილი ტელევიზიის შექმნას მოასწრებდა. ეს არ მოხდა. ვფიქრობ, კიწმარიშვილის საქმეც ისეთივე გაუხსნელი იქნება, როგორიც გამსახურდიას, საჯაიას, სანაიასა და ჟვანიას მკვლელობები.