როცა მოსამართლე მექოთნეა

როცა მოსამართლე მექოთნეა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მარინა სირაძის თავმჯდომარეობით “ქრონიკის” ჟურნალისტი დარბაზიდან გამომაძევა. ჯერ იყო და, სირაძემ უმოტივოდ, შინაგან რწმენაზე დაყრდნობით, ორჯერ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, გამომეყენებინა კანონით ჩემთვის მონიჭებული უფლება და წარმატებული ჟურნალისტური გამოძიებისათვის აუდიო ფირზე ჩამეწერა პროცესის მიმდინარეობა, შემდეგ კი - არც აცია, არც აცხელა da დარბაზიდან ბურთივით გამომისროლა.

 

სირაძის აგრესია მას შემდეგ გამოვლინდა რაც “ქრონიკამ” დაიწყო სკანდალურად გახმაურებული საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმის დეტალების დეტალური გამოქვეყნება. ჩვენ შევძელით და მოვიპოვეთ ყველა მასალა, რაც ადასტურებს რომ მერაბიშვილის უწყებამ საქართველო ძალით ჩაითრია ნარკოტრანზიტის საქმეში. მედია სივრცეში პირველებმა და უკანასკნელებმა გამოვაქვეყნეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ საქმეში არსებული ნარკოტიკი საქართველოს შს სამინისტროს სინამდვილეში არ ამოუღია.

 

როგორც ჩანს ამ მასალებმა სიმშვიდე დაურღვია ვანო მერაბიშვილის, რამაც სასამართლოზე ბუნებრივი ასახვა ჰპოვა.

 

მოკლედ, რა მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში: პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ დარბაზში მყოფთ შეახსენა, მობილურები გამოერთოთ. როგორც ყველამ, მეც გამოვრთე ტელეფონი. მარინა სირაძე რატომღაც მხოლოდ ჩემმა მოქმედებამ დააინტერესა და მკითხა, რას აკეთებთო. მეც, ვუპასუხე, ტელეფონს ვთიშავ-მეთქი. სირაძემ გააგრძელა “დაკითხვა”: ”მე გითხარით, არ ჩაიწეროთ”.

 

სიმართლე გითხრათ, მეწყინა, რატომ ჩათვალა მოსამართლემ, რომ “ქრონიკის” ჟურნალისტი სასამართლო კოლეგიას პატივს არ სცემდა და აკრძალულ “ხილს” ფარულად “მიირთმევდა” და ვუპასუხე მის დასმულ კითხვას: ”არ ვიწერ, ტელეფონს ვთიშავ”. ”გაბრძანდით გარეთ, წესრიგს არღვევ!” უხმოდ გამოვედი, ან პროტესტს რა აზრი ქონდა? ვუპასუხე - დავარღვიე, არ ვუპასუხებდი - მაინც დარღვევად ჩამეთვლებოდა და მაინც გამომაგდებდნენ დარბაზიდან, სადაც მისი მოთხოვნის შესრულების გამო გამომაძევა, ტელეფონი რომ არ გამომერთო და შემთხვევით ვინმეს რომ დაერეკა, არ არის გამორიცხული, სირაძეს ტერორისტად გამოვეცხადებინე.

 

მოკლედ, ეს ის სიტუაცია იყო როცა მოსამართლე მექოთნეა და რომელი მხრიდანაც უნდა იმ მხრიდან გაუკეთებს ყურს თავის ქოთანს. უკვე დარბაზის გარეთ გამახსენდა, რომ გაეროს განვითარების ფონდმა 80 ათასი დოლარი დახარჯა თრეინინგში, სადაც მოსამართლეებს წაუკითხეს ლექციები თემაზე “როგორ ვეკონტაქტოთ ჟურნალისტებს და როგორ შევუწყოთ ხელი მათ მუშაობაში”...

 

ისიც გამახსენდა, რომ ერთ-ერთი კოორდინატორი იყო ჩემი ძველი ნაცნობი გაზეთ “ახალი თაობიდან” ლადო მკერვალიშვილი. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ამიტომ მასთან დაკავშირება არ გამჭირვებია: “მოსამართლე სირაძე არ ყოფილა თრეინინგზე, ჩვენ მხოლოდ სპიკერ-მოსამართლეებს ჩავუტარეთ თრეინინგი. ისე, ვიცი, რომ ძალიან პატიოსანი მოსამართლეა”, - მითხრა ლადო მკერვალიშვილმა.

 

“არ მაინტერესებს სირაძის ფეხების მდგომარეობა, ლადო, პატიოსნება ამ წუთას კანონის დაცვაა და ის რომ სხვის პროფესიას პატივი სცე. მოსამართლეც და მეც იურისტები ვართ, დღეს სირაძე მოსამართლეა, მე - ჟურნალისტი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი შემიშალოს მუშაობაში? რაში დაიხარჯა ის 80 ათასი, ძალიან მაინტერესებს. ესაა დემოკრატია და რეფორმა?” - ჩემს ამ კითხვებს მკერვალიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: “არ ვიცი”.

 

კარგით, ვიფიქრე - ის, რაც არ იცის მკერვალიშვილმა, შეიძლება იცის სააპელაციო სასამართლოს პიარ-სამსახურმა. ნათია ომანაძეს როცა ვუთხარი, რატომ მიქმნიან სასამართლოში პრობლემებს როცა პირველი არხი ეზოში დგას (ესეც იკრძალება კანონით, ამათ რომ კითხოთ) და კომენტარებს წერს, მიპასუხა - მუდმივად თქვენ რატომ გაქვთ პრობლემა, არ ვიციო. “იმიტომ, რომ ვერ გაკოცეთ სათანადოდ”-მეთქი ვუპასუხე.

 

ყველა თავისი მოსაზრებებით აზროვნებს და როგორც ჩანს ნათიას მოეჩვენა, რომ უზრდელი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, უზრდელი ხარო - მითხრა. ამიტომ, ვფიქრობ ასე: არ ვიცი, ვინ ვის სად აკოცა, მაგრამ მე ცუდი არაფერი მიგულისხმია... მე ამ “ომში” რომ ვიყავი სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს ჩემი სასამართლოზე დასწრების შუამდგომლობა. კანონით ასეა - ერთხელ გაძევებულს სასამართლო “გამოსწორების” შანსს აძლევს. მოსამართლე სირაძემ გადაწყვიტა: “მეფარიშვილი ვერ დაესწრება სხდომას, გაზეთმა სხვა ჟურნალისტი გამოუშვას”.

 

სირაძის გასაგონად ვამბობ: “ალია ჰოლდინგში” იმდენი კვალიფიციური ჟურნალისტია, ძალიანაც რომ მოინდომოს სირაძემ, ამ პროცესის გაშუქებას ვერ დაბლოკავს, სხვებს შეუძლიათ თუ შეუძლიათ წერა, მე იმათ ფონზე დილეტანტი ვარ, მაგრამ თუ სხდომებზე არ დამიშვებს, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ვერ დავწერ. საქმის მასალების 17 ტომი მაქვს წაკითხული და არც ისეთი გონებაჩლუნგი ვარ, ღვთის წყალობით, შავი თეთრისგან ვერ გავარჩიო... სირაძე ამ აკრძალვებით “ქრონიკაში” საერთაშორისო ნარკოტრანზიტის თენმას რომ ვერ დაბლოკავს, ამ წერილითაც ცხადია.

 

მანანა კობახიძე, ადვოკატი:

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს 208-ე მუხლი, რომელიც აწესებს სასამართლოს ქცევას იმ შემთხვევაში თუკი დამსწრეების მიერ დარბაზში დარღვევა ხდება. პირველ რიგში გეტყვით რომ თქვენი ქცევა არ ნიშნავდა წესრიგის დარღვევას, იმიტომ რომ თქვენ დაემორჩილეთ მოსამართლის მოთხოვნას დარბაზში მსხდომებს გამოგერთოთ მობილური. გარდა ამისა, რომც ჩაეთვალა ეს წესრიგის დარღვევად, ისეთი მკაცრი ზომის გამოყენება, როგორიცაა ჟურნალისტის დარბაზიდან გაძევება, არის გადამეტებული. მოსამართლისთვის არასასურველი იყო ჟურნალისტის დარბაზში ყოფნა და იმ ფაქტების დაფიქსირება, რაც იქ ხდება. როცა ისმენს ჟურნალისტი იმას, რაც იქ ხდება და აშუქებს, მოსამართლე ცდილობს თავი დაიცვას ამ გზით. სხვა თემაა, როცა ჟურნალისტი დარბაზშია და პროცესს თვალს ადევნებს და სხვა თემაა, როცა დაუსწრებლად აშუქებს. თქვენ ამ მასალაზე იმდენი იცით, დასწრება საერთოდ არ გჭირდებათ, მაგრამ მოსამართლეს რომ დისკომფორტი შეუქმნა “ქრონიკამ”, ამას ვერ ვუარყოფ. მას ნებისმიერი საბაბი შეეძლო გამოეყენებინა, თქვენ თუ თავს ოდნავ ზედმეტად გაარხევდით მაშინაც გამოგაგდებდათ. “ქრონიკის” ბოლო წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თავი როგორმე უნდა გადაერჩინათ.

 

ანუ, მე ამიკრძალეს ჟურნალისტური გამოძიება?

- დიახ, თქვენი თავისუფალი სიტყვის უფლება შეზღუდეს. კონსტიტუცია და ყველა კანონი სასამართლო საჯაროობას აწესებს, როცა ჟურნალისტს აძევებ დარბაზიდან, ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. ჟურნალისტი თუ ხმაურობს, კი, ბატონო... მაგრამ თქვენ დაემორჩილეთ მის მოთხოვნას და ამის გამო გაგაძევონ... ეს ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა... მოსამართლეს არ სურდა დარბაზში ყოფილიყო ჟურნალისტი...

 

როგორც ვიცი, ქვენ მოითხოვეთ ჩემი დარბაზში დაბრუნება.

- კანონში პირდაპირ წერია - პირი, რომელიც გაძევებული იქნა, შეიძლება სასამართლომ დარბაზში დააბრუნოს. ჩვენ მოვითხოვეთ ეს, თუმცა სასამართლომ ამაზე უარი გვითხრა. ეს იმის დასტურია, რომ სასამართლოს არ უნდა პროცესის გაშუქება მოხდეს და მოსამართლის ქმედების მონიტორინგი დარბაზში განახორციელოთ.

 

სასამართლო სხდომა ისე განვითარებულა ჩემი გაგდების შემდეგ, მოსამართლის ქმედებას ვერც გავამტყუნებ. საქმე ისაა, რომ პროკურორმა ვანო მერაბიშვილი გაყალბებაში დაადანაშაულა და ეს ოქმშიცაა დაფიქსირებული. ამის სესახებ “ქრონიკას” ინფორმაცია ადვოკატმა მოაწოდა.

 

ლალი აფციაური, ადვოკატი:

- ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, საქმეს თან დართვოდა ჩანაწერები, აუდიო დისკი, რომელიც პოლიციის ოფიციალურ საიტზე არის გამოქვეყნებული და ასევე - სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული სიუჟეტები, რომლებიც ეხებოდა ჩხრეკას, მევლუდ სვანიძის ავტომანქანის ჩხრეკას და კახა სვანაძის ჩვენებას. პროკურატურამ უარი განაცხადა ჩანაწერების საქმეზე დართვაზე იმ მოტივით, რომ ეს ჩანაწერები არ ყოფილა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მოპოვებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით ვიკითხეთ, აბა ვისი მოპოვებულია. პროკურორმა განაცხადა: ”არ ვიცი ვისი მოპოვებულია, ალბათ - ჟურნალისტების”. ჩვენ ისევ ვიკითხეთ, როგორ შეიძლება კახა სვანაძესთან რომელიც მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, ნებისმიერი ჟურნალისტი მისულიყო მასთან და ინტერვიუ ჩაეწერა? ფირზე თან ჩანს, რომ ოფიციალური კომენტარებიც და ბრალდებულების ჩვენებებიც შსს-ს ახალ შენობაშია ჩაწერილი. ასევე, როგორ შეიძლება ავტომანქანის დათვალიერების დროს იქ შემთხვევითი ჟურნალისტი აღმოჩენილიყო? გაჩნდა კითხვა - თუ საგამოძიებო სამსახურს არ გადაუღია, მაშინ ვინ გადაიღო და დადო ოფიციალურ საიტზე? პროკურორმა გვიპასუხა, ალბათ შსს-მ მოიტყუა და სხვისი გადაღებული კადრები დადოო...

 

ამ ფონზე ალბათ მოსამართლემ თქვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, არა?

- ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილეს, დანიშნა ლინგვისტური ექსპერტიზა, სადაც ნათქვამია, რომ დაკითხული პოლიციელები ცრუობენ. დააკმაყოფილა გარკვეული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, მევლუდ სვანაძის ავტომანქანის დათვალიერების შუამდგომლობა, სვანაძის ჩხრეკის დროს “ამოღებული” ნარკოტიკული ნივთიერების დათვალიერების შუამდგომლობა და ასევე დაიკითხებიან ფონოსკოპიური ექსპერტები. საუბარია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დისკზე ჩამტარებელ ექსპერტებზე. 12 შუამდგომლობიდან მხოლოდ ეს დაგვიკმაყოფილეს.

 

ადრე არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებდნენ და...

- ეს საქმე ძალიან გახმაურდა და ყველაფერზე უარს ვეღარ იტყოდნენ, ამიტომ... სხვა შუამდგომლობებზე უარი გვითხრეს აპრობირებული მეთოდით – არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. ჩვენთვის გაუგებარია, რა მეთოდით შეარჩია მოსამართლემ დასაკითხი მოწმეები, ჩვენ 10 ადამიანი გვყავდა დასახელებული და მხოლოდ სამის დაკითხვა დაგვიკმაყოფილეს. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ პატიმრების სხდომაზე დასწრება და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ რომ მათ სურთ სასამართლოს ჩვენება მისცენ, მაგრამ ეს შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილეს.

 

და, ბოლოს, “ქრონიკა” უკვე ოფიციალურად მიმართავს სასამართლოს, ჟურნალისტის დარბაზში დასაშვებობის სესახებ, პირადად მე კი სახალხო დამცველის აპარატში შემაქვს განცხადება-საჩივარი.