,,ოცნების მონოპოლია’‘ თბილისის საკრებულოში

,,ოცნების მონოპოლია’‘ თბილისის საკრებულოში

რამდენი ფრაქცია შეიქმნა და ვინ დაიკავა მთავარი პოსტები დედაქალაქის მუნიციპალიტეტში

21 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე და საოცრად მონოტონური სხდომა გაიმართა. ,,ოცნება’‘ ,,ოცნებას’‘ ირჩევდა, არც ერთ კანდიდატს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა, კითხვები და შენიშვნებიც არავის ჰქონია! ერთადერთი, რაც განსხვავებული იყო, სხდომა დაწყებამდე ნაციონალებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დემონსტრაციულად. ამის მიზეზად უმცირესობის დეპუტატებმა მათი თანაპარტიელისა და საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, ლევან მხეიძის დაკითხვაზე დაბარება დაასახელეს. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს თხოვნით მიმართეს, თუ რაიმე ბერკეტი არსებობს, საგამოძიებო უწყებების მიმართ, გამოიყენეთ, რათა სხვა დროს დეპუტატებს სხდომა დაკითხვის გამო არ გააცდენინონო. მართლაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნაციონალი გამგებლები - თორნიკე ხუციშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, ასევე საკრებულოს წევრი ლევან მხეიძე და თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე დაიბარეს, თუმცა, როგორც ,,ოცნების’‘ რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომის თარიღი მათთვისაც ბოლო მომენტამდე უცნობი იყო და საგამოძიებო ორგანოები ამის გამო ვერავის დაელოდებოდნენ. 

რაც შეეხება უშუალოდ სხდომას - თბილისის საკრებულოს, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი პოსტი ასარჩევი ჰქონდა. კენჭისყრამ სულ რიხინ- რიხინით ჩაიარა და აბსოლუტურად ყველა პოსტს ,,ოცნების’‘ ნაცნობ- უცნობი ლიდერები დაეპატრონნენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ არსებული 13 კომისიიდან, 11-ღა დარჩა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიები გაერთიანდა ისევე, როგორც ერთმანეთს შეერწყა ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიები. ამის შემდეგ, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რადგან ,,ოცნებამ’‘ დედაქალაქის პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო, ჩემი მოადგილეებიც ,,ოცნებიდან’‘ უნდა დავასახელოო და გიორგი ტყემალაძის მერე, რომელიც ასევე კოალიციის წევრია, მოადგილედ კიდევ ორი ,,ოცნებელი’‘ - გიორგი ახვლედიანი და მალხაზ მჭედლიშვილი აირჩია. 11-ვე კომისიის თავმჯდომარეც ,,ოცნების’‘ კოალიციაში შემავალ პარტიათა წევრები გახდნენ: სარევიზიო კომისიას ნუგზარ მალაღურაძე უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა კომისიას თევდორე კობახიძე ჩაუდგება სათავეში, ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიას ჯაბა სამუშია დაეპატრონა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია გოჩა ბაბუნაშვილს ერგო. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია ირაკლი ფავლენიშვილმა ჩაიბარა. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას ლევან დარახველიძე მიხედავს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას სათავეში ქეთევან ჯოხაძე ჩაუდგება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიას გულიკო ზუმბაძე უხელმძღვანელებს; გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ შორენა ბუხრაშვილი მოგვევლინა; განათლებისა და კულტურის კომისიის თავი თამარ ტალიაშვილი გახდა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კი ლია ჯახველაძეს შეხვდა. იმავე სხდომაზე საკრებულოში 9 ფრაქცია ჩამოყალიბდა და ფრაქციის თავმჯდომარეებიც დამტკიცდა: „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“, ხათუნა სამნიძით სათავეში; ,,ქართული ოცნება - საქართველოსთვის“ - რამინა ბერაძით სათავეში; ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების’‘ ლიდერი ნინო გოგუაძე იქნება; ,,ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმისა“ - ავთანდილ დავითაძე. ,,ქართული ოცნება - მრეწველების’‘ ფრაქციას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს; ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი გიორგი მუსხელიშვილი გახდა. რაც შეეხება ნაციონალებს, ისინი ორ სხვადასხვა ფრაქციად გაიყვნენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისის ლიდერი ირაკლი აბესაძე გახდა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სევდია უგრეხელიძემ ჩაიბარა. ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობა’‘ ზაზა ვეკუამ ჩაიბარა. ერთი სიტყვით, ,,ოცნებაც’‘ ზუსტად იმ გზას დაადგა, რაზეც ნაციონალებს წლების განმავლობაში უკიჟინებდნენ - საკრებულოში წარმოდგენილი სამი ოპოზიციური პარტიიდან არც ერთ წევრს არც ერთი პოსტი არ ერგო. არადა ეს მაშინ, როცა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე ნაციონალების დროსაც ზაალ სამადაშვილის მოადგილე იყო. მოკლედ ასე - საკრებულოში უსამართლობამ იზეიმა და ,,ვერსიამ’‘ ვინ იცის უკვე მერამდენედ აღშფოთებული ალექსანდრე ელისაშვილი ჩაწერა: ,,ქართული ოცნება ძალიან ცუდ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. ეს ცუდია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის, პარტიებისა და თავად ,,ოცნებისთვის’‘. ძალიან სევდიანი რამ მოხდა - ხელისუფლებამ არც ერთი პოსტი არავის დაუთმო, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები 100%- ით ნამდვილად არ მოუგია. დღეს თავი ცუდად წარმოაჩინეს, რადგან ყველგან მარტო საკუთარი ხალხი დანიშნეს. ეს ,,ოცნებას’‘ ძალიან ცუდად მოუტრიალდება და იმ პრობლემასთან მიიყვანს, რასთანაც ნაციონალები მივიდნენ. გამოდის, ხელისუფლება ოპოზიციაში პრობლემას ხედავს და სწორედ ასე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმაც!’‘