რუსეთის წინააღმდეგ მესამე ეტაპის სანქციების ამოქმედება იწყება. „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ მესამე სიჩქარეს ჩართავენ, ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. ამერიკელი სენატორები დაუფარავად აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა უნდა დააჩოქონ. „ჩვენ რუსეთის საფონდო ბაზრის ჩამოშლის მომსწრეები უნდა გავხდეთ“, - აცხადებენ სენატორები.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე შეწყვიტა რუსული საინვესტიციო პროექტების დამტკიცება. ევრობანკის დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ბანკს აღარ შეუძლია საინვესტიციო პროექტების დაფინანსება რუსეთში.
„ეს მითითებები მოჰყვა გასულ კვირას ევროკავშირის განცხადებას წევრი-ქვეყნების ბანკების დირექტორთა კოორდინირებული ქმედებების შესახებ“, - ნათქვამია რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესრელიზში.
მანამდე ევრობანკმა უკმაყოფილება გამოთქვა დასავლური სანქციების მიმართ იმ რუსულ ბანკებთან და კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან უკრაინის კრიზისის მონაწილე, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში პოლიტიკა ეკონომიკაზე ძლიერი აღმოჩნდა.
ამერიკელი კანონმდებლები, როგორც რესპუბლიკელები ასევე დემოკრატები, აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინიაში მიმდინარე მოვლენების გამო უნდა ზღოს, მაგრამ ეს ფასი მხოლოდ და მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განისაზღვროს. სენატორი დენ კოუტსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „პათოლოგიური დაურწმუნებლობა“ და „იმპერიული ამბიციები“ ამოძრავებს. ამიტომ ის უნდა აიძულო უკრაინაში ინტერვენცია შეწყვიტოს.
„მიმაჩნია, რომ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკა დავაჩოქოთ. ჩვენ რუსეთის საფონდო ბაზრის ჩამოშლის მომსწრეები უნდა გავხდეთ. უნდა გავხდეთ მოწმეები ნებისმიერი რუსული საქონლისა და ექსპორტის მხარდაჭერის შემცირებისა“, - აცხადებს სენატორი.
იმისათვის, რომ მომავალში სანქციები ეფექტური იყოს აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდნენ, - დასძენს კრის მერფი.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი დაბალია და ამ ეტაპზე იქ მოკლევადიანი ინვესტიციების განხორციელება კარგი ვარიანტი არ არის“, - ამბობს „ბლუმბერგთან“ საუბრისას „დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსი პოლ სმიტი, რომელმაც რუსეთს დეფოლტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში უწინასწარმეტყველა. მაშინ სმიტის პროგნოზი გამართლდა და 1998 წელს ჩრილოელი მეზობელი მართლაც სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და ეკონომიკაც ღრმა კრიზისში აღმოჩნდა.
აქციების ფასის ვარდნის პარალელურად, რუსეთიდან გადის უცხოური ინვესტიციებიც. გასული კვირის განმავლობაში უცხოელმა ინვესტორებმია რუსეთიდან 47 მლრდ დოლარი გაიტანეს, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მარტი-ივნისის პერიოდში 15 მლრდ დოლარით შემცირდა რუსეთის სავალუტო რეზერვები.
სანქციების მესამე ეტაპი, წესით და რიგით, დღე-დღეზე უნდა ამოქმედდეს. მანამდე კი უკრაინამაც გამოიღო ხელი. კიევი, როგორც იქნა, ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს. იგი გავრცელდება იმ ჩინოვნიკებსა და კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მეამბოხეებს,
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის თქმით, მთავრობაში შეიქმნება კომიტეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისთვის. იქ შევლენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.
„უკრაინა შემოიღებს სანქციებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტი და მხარს უჭერს ტერორისტებს და სეპარატისტებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სანქციები გავრცელდება იმ რუსულ კომპანიებზეც, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აფინანსებენ ტერორისტებს და სეპარატისტებს და მხარს უჭერენ ყირიმის ანექსიას.