ყველა კონფლიქტი ადრე თუ გვიან სრულდება და დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უსხდებიან. თბილისი აფხაზების და ოსების შემორიგებას ახალი „სახელმწიფო სტრატეგიით“ აპირებს. პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა რამდენად განხორციელებადია, საკითხავი აი ეს არის.
ხელისუფლებამ დოკუმენტის პრეზენტაცია დასავლეთში უკვე მოახდინა. სამოქმედო პროგრამის სულისკვეთებამ მათში მოწონება დაიმსახურა. ავტორიტეტულმა ევროატლანტიკურმა სტრუქტურებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სტრატეგიის განხორციელებაში საქართველოს მთავრობას დაეხმარონ. პასუხად ხელისუფლება გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას და მათ რეალურ ამოქმედებას მოითხოვს.
ხელისუფლება ცდილობს არსებული რეალობების გათვალისწინებით იმოქმედოს. აგვისტოს ომისშემდგომი სტატუს–ქვო კი ჩვენთვის აშკარად არასახარბიელოა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს ოკუპირებული აქვს და მათგან იმპერიული ბრჭყალების აღებას არც აპირებს. მარიონეტების „საერთაშორისო აღიარების“ პროცესმა კი გაგრძელება ვერ ჰპოვა, რადგან კოკოითის „დამოუკიდებლობა“ ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფი ნაურუს შემდეგ არავის უღიარებია.
ამ ფონზე საქართველოს მთავრობამ „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გემა“ ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთავრობის მიერ შემუშავებულია შვიდი ინსტრუმენტი, რომლის სისრულეში მოყვანაზე სახელმწიფო მუშაობას იწყებს.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილია: ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა; ნეიტრალური მოწმობისა და სამოგზაურო დოკუმენტების გაცემა. შეიქმნება ასევე ნდობისა და ერთობლივი საინვესტიციო ფონდები. დაგეგმილია ასევე თანამშრომლობის სააგენტოს შექმნა. როგორც იაკობაშვილი აცხადებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის შექმნა. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლების მიერ შეიქმნება ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი, სავაჭრო და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო პროექტების სიცოცხლეში გატარებას.
თემურ იაკობაშვილის განმარტებით, ყველა ეს ინსტრუმენტი მოემსახურება და უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმაში ასახული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას და ეფუძნება ადგილზე არსებულ რეალურ საჭიროებებს და ადგილობრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის პრინციპს.
„ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ექსპერტთა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა ქვეყნის მთავრობები და მთავრობათაშორისი ორგანიზაციები.
საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, ახლებურ მიდგომას საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი, საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, ხელისუფლების მიზანია გამყოფ ხაზებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან დაახლოება, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების, იზოლაციის შემცირების, პიროვნების და რეგიონული უსაფრთხოების დაცვისთვის.
შეგახსენებთ, რომ სამოქმედო გეგმა მრავალმხრივი დოკუმენტია და მოიცავს ოთხ განზომილებას – ჰუმანიტარულს, ადამიანურს, სოციალურსა და ეკონომიკურს. ყველა ეს განზომილება ორიენტირებულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
სამოქმედო გეგმის თანახმად, შესაძლებელია ისეთი ზომების გატარება, რათა გაუმჯობესდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პირობები, ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათ შორის, გადაუდებელ შემთხევაში სასწრაფო ტრანსპორტირებით. გათვალისწინებულია მრავალი ინიციატივა საგანმანათლებლო სფეროში. შერეული ოჯახების, ნათესავების, კოლეგების, მეზობლების შეხვედრები. საფლავების, სალოცავების მონახულება, ომში დაღუპული მეომრების გადმოსვენება. გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება. ვაჭრობისთვის საჭირო ახალი შესაძლებლობის, ეკონომიკური ურთიერთობების, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების შექმნა, არსებული სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და გააუმჯობესების მიზნით. დაბალტარიფიანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფა.
საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერჯერობით დუმილით ან ნეიტრალური განცხადებებით პასუხობენ. თუმცა იქაური „სახელისუფლებო“ დერეფნებიდან გამოჟონილი ინფორმაციებით, ისინი დოკუმენტს დიდი ყურადღებით სწავლობენ. თუმცა პროგრამის განხორციელების საბოლოო ბედს დასავლეთის მოსკოვზე ზეწოლა და მისთვის იმპერიული ხელების დამოკლება განსაზღვრავს.