ირაკლი ღარიბაშვილს მიზნის მისაღწევად ვერაფერი შეაჩერებს! მინისტრებო, ვისაც ღარიბაშვილი „ბამბანერკა“ გეგონათ, ხელში შეგრჩათ ბომბი და ილოცეთ, რომ ეს ბომბი არ აფეთქდეს, ღარიბაშვილის განწყობა პირდაპირპროპორციულია ხალხის განწყობისა, შესაბამისად, ხალხისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პრემიერის ეს ნაბიჯი, რაც იყო დროული და ადეკვატური. ხოლო მათ, ვისაც აწუხებთ კითხვა, რატომ გადადგა ღრიბაშვილმა ეს ნაბიჯი არჩევნებისა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, გიპასუხებთ, რომ პრემიერი გაბრაზებული და უკმაყოფილო იყო საკუთარი გუნდის ზოგიერთი წევრის არაეფექტური მუშაობით, ღარიბაშვილმა მინისტრებს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ისინი წარმატებულები, ინოვაციურნი, რეფორმებსა და შედეგებზე ორიენტირებულები ყოფილიყვნენ, თუმცა მინისტრთა დიდი ნაწილი საკუთარი სავარძლის მონად იქცა და შესასრულებელი დაპირებების ტემპს ისე ჩამორჩა, როგორც ბრაზილია გერმანიას.
ტყუილია, როცა ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ მინისტრებს ინიციატივის აღების უფლება წართმეული აქვთ, ამ ლოგიკით ექსპერტები ღია კარს თავით ამტვრევენ და იცით, რატომ? მაგალითად, თუკი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კვირა არ გავა, ახალი ინიციატივით არ გამოვიდეს, სხვებს რატომ ჩამოეძინათ სავარძლებზე?! გამოდის, პრობლემა იმ მინისტრებშია, ვისაც უნახავის სინდრომი შეეყარა, ქვეყანა დაიკიდა და უსაქმურობაში აღებული პრემიების დათვლით გაერთო, აქაც საინტერესო რამ ხდება, თუკი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმემ უარი თქვა პრემიებზე, მათ შორის, დავით სერგეენკომ, კახი კალაძემ და თეა წულუკიანმა, სხვებს რატომ დაემართათ გაუმაძღრობის სინდრომი?! თუნდაც ამერიკელების გულის „ბროშკას“ „თავისუფალი საქართველოს“ დე ფაქტო ლიდერსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომელმაც 80 000-ლარიანი პრემია ჩაიხუტა. რაო, ირაკლი, აფხაზეთი დავიბნრუნეთ, თუ ცხინვალი ავიღეთ? აქაც პიროვნების მენტალობის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორც ღორი ნეხვის ჭამას ვერ დაიშლის, ასევე ზოგიერთი ფულომანი მინისტრი ფულის თვლას ვერ დაიშლის. ისე კი, კოსმოსში გატყორცნილო წონადაკარგულო „ვარსკვლავებო“, როცა კი იფიქრებთ, ღმერთი მწყალობს და ეშმაკი ვერაფერს დამაკლებსო, ფრთხილად იყავით, ღმერთი არ გაგიწყრეთ და მიწაზე არ დაენარცხოთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მინისტრთცვენის გაგრძელება იქნება!
ვინც ირაკლი ღარიბაშვილს პირადად იცნობთ და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ, ვისთან გაქვთ საქმე, შეგახსენებთ, - იჩქარე ნელა და იყავი ფრთხილად, თუ გაინტერესებთ, რა ტაქტიკით იხელმძღვანელა პრემიერმა 7 მინისტრის მოხსნისას, სანდო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ღარიბაშვილი მისთვის ჩვეული ტაქტიკით მოქმედებს: ყველა მინისტრი მიუშვა ბოლომდე, მისცა თავისუფლება და... შეცდომების კასკადიც დააყენა, ბევრი მინისტრი ახალგაზრდა პრემიერისგან შენიშვნებს არ იღებდა, ბევრს მიაჩნდა, რომ მის ზურგს უკან პატრონი იდგა და ხელშეუხებელი იქნებოდა, ზოგიერთი მის მის კონკურენტად აღიქვამდა თავს და დამოუკიდებელ თამაშში გადაეშვა, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ღარიბაშვილი თამაშის წესებს თვითონ ადგენს!
და მაინც, საინტერესოა, რატომ იყო მოულოდნელი საკადრო წმენდა პრეზიდენტისთვის და ზოგიერთი მინისტრისთვის, მაშინ როცა, პრემიერი ღიადაც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ის არ იყო არსებული შედეგებით კმაყოფილი?
„ალია“ არჩევნებამდე წერდა, რომ ღარიბაშვილი დიდ საკადრო წმენდას იწყებდა არჩევნების შემდეგ და მინისტრების მოხსნამდე ორი დღით ადრე, პრემიერმა ისინი საქმის კურსში ჩააყენა. სააკაშვილის მსგავსად მას არც ერთი მინისტრი ჰაერში არ მოუხსნია, როგორც ეს ექსპრეზიდენტმა თედო ჯაფარიძის შემთხვევაში გააკეთა, როცა ის ჰაერში მოხსნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. თუკი პრეზიდენტი მარგველაშვილი ამქვეყნიურია, მისთვის ეს წმენდა, სწორედაც, რომ მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს „მოღალატე მინისტრების“ თემას მისი, მარგველაშვილის მეგობარი და საგარეო საკითხებში ყოფილი მრჩეველი ივანე მაჭავარიანი აანონსებდა.
ღარიბაშვილი საკადრო წმენდას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რომ გაატარებდა ამას ელოდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და გაურკვეველია, რატომ იყო ეს მოულოდნელი პრეზიდენტისთვის? ადგილობრივ არჩევნებამდე ასეთი ნაბიჯის გადადგმა რომ პოლიტიკური სიგიჟე იყო, ამას ყველა ხვდება და თქვენ რატომ ვერ ხვდებით? მართალი გითხრათ, ძალიან არ მომწონს, როცა იჩაგრებით, მაგრამ პრობლემა თქვენში უნდა ეძებოთ, მეგობრის ღალატს რომ სიკვდილი სჯობს, არ იცით, პრეზიდენტო?!
და მაინც, 7 მინისტრის შეცვლით პრემიერმა დანარჩენებს რა გზავნილი გაუგზავნა? ეს იყო პირდაპირი და საჯარო გაფრთხილება, რომ მინისტრთა ცვლა არ დასრულდება და შემდეგი ისინი იქნებიან, თუ თავდაუზოგავად არ იმუშავებენ. პრემიერმა ამ პრეცედენტით ძალის დემონსტრირება მოახდინა, რომ მთავრობის განახლებით არ ერიდება პოლიტიკურ „სიურპრიზებს“, პარლამენტში მთავრობის ხელახლა დამტკიცებასა და მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში. ამ ნაბიჯით ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ის არის მთავარი მოთამაშე, თავად ადგენს თამაშის წესებს და ხალხს საქმით აჩვენებს, რომ სპეკულაციები „მოღალატე მინისტრების“ გადადგომის თაობაზე არის მხოლოდ მითი და უსაფუძვლო. ღარიბაშვილს აქვს ამბიცია, რომ საბოლოოდ შეკრას ისეთი გუნდი, რომელიც გამორიცხავს „მოღალატე მინისტრების“ ცნებას. საკადრო წმენდის პირველი ტალღა დასრულებულია აღმასრულებელ რგოლში, თუმცა, ღარიბაშვილი წმენდას ადგილობრივ მმართველობაშიც ახორციელებდა და ყველა მერი, გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე უშუალოდ ღარიბაშვილის ვიზირებით შეირჩა, რითაც სრულ პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას იღებს ხელში. საკადრო წმენდა ამით არ სრულდება, ჩვენ კიდევ ვიხილავთ გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობისას ღარიბაშვილმა სამჯერ ჩაატარა საკადრო წმენდა, იყო ბევრი გადაადგილება, რაც იმის ნიშანია, რომ ის არ ეგუება ისეთ გუნდს, სადაც თუნდაც ერთი რგოლი სუსტია და ვიდრე შევეიცარიული საათის მექანიზმივით არ გამართავს სისტემას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ცვლილებების მომსწრენი გავხდებით!
წინასწარ გეტყვით, პრემიერის რადიკალურ ნაბიჯს ამ ეტაპზე არ მოჰყვება პოლიტიკური გართულება. მის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრებს ვერც პრეზიდენტი შეუქმნის საფრთხეს და ვერც უმრავლესობა, მთავრობა დამტკიცდება. აი, რაც შეეხება მეორე ტალღას, როცა პრემიერს აღარ დასჭირდება პრეზიდენტის ვიზირება და პარლამენტის თანხმობა, იმ მინისტრების ჯერი მაშინ დადგება, ვის მოხსნასაც ხალხი ელოდა. პრემიერმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარადგინა, ერთადერთი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გურამ ოდიშარიას პოსტი რჩება ვაკანტური. ამ სფეროში პრემიერი არ აჩქარდა და ახალი მინისტრის ვინაობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელს გელა დუმბაძე ჩაიბარებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით შავლიაშვილი დასახელდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე - ოთარ დანელია. რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს სოზარ სუბარი ჩაიბარებს, ხოლო, გარემოს დაცვის სამინისტროს - ელგუჯა ხოკრიშვილი.
დრონი მეფობენ, მინისტრებო, გაემზადეთ, მეორე რაუნდიც მალე იქნება!