საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე ბრალდებების საგნად იქცა მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, რომელსაც 300-მდე მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურია რუსეთის დანაშაულებრივი ქმედების შეფასებისას, რითაც ემიჯნება საერთაშორისო მოკავშირეებს. რა რეაქცია ჰქონდა თბილისს დონეცკელი სეპარატისტების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე, რამდენად ჰმართებს მას უფრო მწვავე რეაქცია?
„ნაციონალური მოძრაობა“ არასაკმარისად და რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს მთავრობის რეაქციას აღმოსავლეთ უკრაინაში ”რუსი დივერსანტების მიერ მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით”. ამ თემაზე სალაპარაკოდ 22 ივლისს სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა:
“ამ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციაც კი არ უარყოფს თვითმფრინავის გარე ზემოქმედების შედეგად ჩამოგდების ფაქტს, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად საუბრობს თვითმფრინავის „ჩამოვარდნაზე“ და „კატასტროფაზე“. მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ დიამეტრულ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს მოკავშირეების პოზიციასთან და, უბრალოდ, მარტივ ჭეშმარიტებასთან, არამედ ჯიუტად თავს არიდებენ რუსეთის ფედერაციის საერთოდ ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში”.
გიორგი კანდელაკი ასევე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ემიჯნება პარტნიორების პოზიციას, მაშინ როცა ”მთელი ცივილიზებული სამყარო, მათ შორის საქართველოს მოკავშირეები ხელს ადებენ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციას და, პირველ რიგში, ვლადიმირ პუტინს”.
მსოფლიოს ლიდერები რუსეთს, უკრაინაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების ფონზე, მართლაც ხშირად ახსენებენ და ძირითადად არცთუ სახარბიელო კონტექსტში. ისმის მოსაზრებები, ვერსიები, ეჭვები, სერიოზულ ბრალდებათა შემცველი ვარაუდები, მაგრამ ვიდრე დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარდება და ის თავის სიტყვას არ იტყვის, საბოლოო დასკვნების გამოტანისა და რუსეთთან ღია დაპირისპირებისგან მაინც ყველა თავს იკავებს. მსოფლიო დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს, რასაც ჯერ ისევ ეწინააღმდეგებიან სეპარატისტები. სწორედ სამართლიანი და საფუძვლიანი გამოძიების დაწყებას უჭერს მხარს გაეროს უშიშროების საბჭო. ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც გმობს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, საბჭო მოუწოდებს შეიარაღებულ დაჯგუფებებს, უზრუნველყონ სპეციალისტების „უსაფრთხო, სრულყოფილი და დაუბრკოლებელი დაშვება“ შემთხვევის ადგილზე.
ვიდრე დამოუკიდებელი გამოძიება თავის სიტყვას არ იტყვის, თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის პირდაპირ დადანაშაულებას ამ ეტაპზე შეერთებული შტატებიც ერიდება. თუმცა, ვაშინგტონის განცხადებით, ჩნდება სერიოზული შეკითხვები და სერიოზული ეჭვები, მათ შორის იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავი სეპარატისტებმა სწორედ რუსების მიერ მიწოდებული იარაღით ჩამოაგდეს. როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა 21 ივლისს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რომლებზეც დიდი ზეგავლენა აქვს რუსეთს, კვლავაც აბრკოლებენ გამოძიების პროცესის წარმართვას. ამ ზეგავლენის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ობამა ფიქრობს, რომ რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს მინიმუმ იმის პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ სეპარატისტები აიძულონ ხელი არ შეუშალონ გამოძიებას.
ამავე თემაზე ლაპარაკობდა ტელეკომპანია ”სიბიესის” (CBS) გადაცემა ”ფეის დი ნეიშენშის” (Face the Nation) ეთერში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი: 298 ადამიანის სიცოცხლე სეპარატისტების ხელით მოისპო, თუმცა ამ ძალას რუსეთი ყველანაირად უდგას მხარშიო:
”ვიცით, რომ სეპარატისტთა ლიდერებს შორის არიან რუსები... ყველა არა, - ზოგიერთი... ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა შეაიარაღეს სეპარატისტები, გაწვრთნეს სეპარატისტები, მხარს უჭერდნენ სეპარატისტებს და არ მოუწოდებენ მათ საჯაროდ, რომ შეწყვიტონ ბრძოლა და მონაწილეობა მიიღონ ვითარების დარეგულირებაში”.
ამის მიუხედავად, ვაშინგტონს, როგორც ჩანს, ჯერ ისევ აქვს რუსეთთან თანამშრომლობის იმედი. ამავე ინტერვიუში ჯონ კერიმ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი პუტინი შეუერთდება საერთო ქმედებებს სეპარატისტების შესაჩერებლად, მათ დასაბრუნებლად უკრაინის პოლიტიკაში და უკრაინის განვითარების ხელშესაწყობად. არაერთგვაროვანია ევროპის ქვეყნების პოზიციაც და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებისკენ მათ შეერთებული შტატებიც მოუწოდებს. თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი გაწბილებულია საერთაშორისო თანამეგობრობის ნელი და თითქოსდა რბილი რეაქციებით, მეორე ნაწილისთვის ცხადია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერასოდეს იმოქმედებს ისე, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში რუსეთი კადრულობს.
ამ ვითარებაში პოლიტოლოგ ირაკლი მჭედლიშვილისთვის სრულიად საკმარისია საქართველოს პოზიცია. ის ფიქრობს, რომ ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანად არ ჩამოყალიბდება, საქართველოს უფრო მწვავე რეაქცია არ მოეთხოვება:
”არ ვიცი, საქართველომ კიდევ რა პოზიცია უნდა დააფიქსიროს. საქართველოს მხარეც არის მოლოდინის რეჟიმში: თუ იქნება საერთაშორისო მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ საჭიროა დავირაზმოთ და მოვახდინოთ რუსეთზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, შეუერთდება საქართველოც. მაგრამ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში საქართველოს მხრიდან, ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთების გამოკვეთილი საჭიროება არ ჩანს”.
გავიხსენოთ, რომ ამ თემაზე პოზიცია გამოხატა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის: პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა. 17-18 ივლისს გამოქვეყნებულ თუ გახმოვანებულ განცხადებებში ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო აუცილებელი საერთაშორისო სამართლიანი გამოძიების შედეგებს დაელოდება. ამ განცხადებებში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია.