განათლების ექსმინისტრ ხატია დეკანოიძეს პროკურატურაში დაიბარებენ?

განათლების ექსმინისტრ ხატია დეკანოიძეს პროკურატურაში დაიბარებენ?

დარღვევები სასკოლო ინვენტარის შესყიდვაში და უკანონოდ ჩატარებული ტენდერები განათლების სისტემაში

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის ფინანსური აუდიტი განახორციელა. სამინისტროს მიერ 2012 წელს განხორციელებული ელექტრონული შესყიდვების ანალიზი ჩატარდა და სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს’‘ განხორციელებული მაღალრისკიანი ტენდერები გამოვლინდა. კერძოდ, სააგენტოს მიერ სასკოლო ინვენტარის შესყიდვის დროს სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესყიდვების პროცედურებში კონკურენცია იზღუდებოდა. ეს ტენდერები ერთი კონკრეტული კომპანიისთვის - შპს ,,ინსტა ჯორჯიასთვის’‘ უპირატესობის მინიჭებას ისახავდა მიზნად და სხვათა შორის, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის, ხატია დეკანოიძის ბრძანებებიც უწყობდა ხელს. აღნიშნული დასკვნა და ელექტრონული შესყიდვების ფინანსური ანგარიში, რომელიც ,,ვერსიამ’‘ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ექსკლუზიურად მოიპოვა, უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი. გამორიცხული არ არის, ამ მასალების გამო, მთავარ პროკურატურაში განათლების ექსმინისტრი ხატია დეკანოიძეც დაიბარონ.

ლაბორატორიული, ოპტიკური და ზუსტი ხელსაწყოების შესყიდვა
შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში პირველად 2011 წლის 10 იანვარს, ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს’‘ მიერ გამოცხადებულ ტენდერში დარეგისტრირდა. ტენდერი - შPA110000329, 150 კომპლექტი სამეცნიერო ლაბორატორიის შესყიდვას ეხებოდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 070 000 ლარი იყო, ანუ ერთეული კომპლექტის ფასი 13 800 ლარს შეადგენდა. ტენდერში გამარჯვებულად უკონკურენტო პრეტენდენტი შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ გამოაცხადეს, რომელსაც 2 070 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. 2011 წლის თებერვალსა და აპრილში კომპანიის მიერ შესყიდული ლაბორატორიული მოწყობილობის ერთეულის ღირებულებამ, საქონლის მიწოდების პირობით - ,,EXჭ ანკარა’‘, 8 870 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლაბორატორიის შესყიდვის საერთო ფასად 1 330 500 ლარი დაფიქსირდა, რაც რეალიზებული ლაბორატორიის ფასზე 35%-ით ნაკლები იყო. 2011 წლის 3 ივნისს, სააგენტომ კვლავ გამოაცხადა ტენდერი - შPA110015027, 150 კომპლექტი სამეცნიერო ლაბორატორიის შესყიდვაზე, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა. მათ შორის, შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘, შპს ,,ჯეო დეკორი’‘ და ი/მ ,,იური გაგნიძე’‘. ტენდერის სავარაუდო ღირებულება კვლავ 2 070 000 ლარი იყო, რომლიდანაც ინდმეწარმე ,,იური გაგნიძეს’‘, ნიმუშის წარუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. შედეგად, სატენდერო კომისიამ შესყიდვის პროცედურები შეწყვიტა. 2011 წლის 30 ივნისს, მთავრობის ნებართვის საფუძველზე, სააგენტომ გამარტივებული ტენდერი - შPA110017427 გამოაცხადა, რომელიც ისევ 150 კომპლექტი სამეცნიერო ლაბორატორიის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 055 000 ლარით განისაზღვრა, რომელშიც მხოლოდ შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ მონაწილეობდა და რა თქმა უნდა, გამარჯვებულადაც ეს კომპანია გამოაცხადეს. 2011 წლის ივლისსა და აგვისტოში, შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ მიერ შესყიდული ლაბორატორიული მოწყობილობის ერთეულის ღირებულებამ, საქონლის მიწოდების პირობით - ,,EXჭ ანკარა’‘ (100 კომპლექტი) და ,,FჩA ანკარა’‘ (50 კომპლექტი), 8 656 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლაბორატორიის შესყიდვის საერთო ფასად 1 298 400 ლარი დაფიქსირდა, რაც 756 600 ლარით, ანუ 37%-ით ნაკლები იყო რეალიზებული ლაბორატორიის ფასზე. 2011 წლის 26 დეკემბერს სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი - შPA110032589, რომელიც 250 კომპლექტი სამეცნიერო ლაბორატორიის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 425 000 ლარი იყო და ამ ტენდერშიც მხოლოდ შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ მონაწილეობდა, რომელიც გამარჯვებულად გამოაცხადეს. 2012 წლის თებერვალსა და მარტში, კომპანიამ იმპორტირებული ლაბორატორიული მოწყობილობა მიაწოდა სააგენტოს, რომლის ერთეულის ღირებულებად საქონლის მიწოდების პირობით - ,,ჩIP თბილისი’‘, 9 422 ლარი დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიის საერთო ღირებულებად 2 355 500 ლარი დაფიქსირდა, რაც 1 069 500 ლარით ნაკლები იყო რეალიზებული ლაბორატორიის ფასზე. ,,ინსტა ჯორჯიას’‘ ფასნამატმა 1 069 500 ლარი ანუ 32% შეადგინა, მათ შორის, საბაჟო გადასახადი 423 990 ლარი იყო. თანხის გადახდის შემდეგ, შპს ,,ინსტა ჯორჯიამ’‘ 645 510 ლარი მიიღო, რაც კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულების 19%-ია. გაირკვა, რომ, როდესაც ,,ინსტა ჯორჯია’‘ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში პირველად მონაწილეობდა, შესყიდვების კომისიამ მისგან სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვა. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი არც 2011 წლის 3 ივნისის, ანუ მეორე ტენდერზეც არ მოუთხოვიათ, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა და რომელიც ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც შესყიდვების კომისიამ აღმოაჩინა, რომ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ტენდერში სხვა პრეტენდენტებიც მონაწილეობდნენ, მომდევნო ანუ 2011 წლის 30 ივნისს გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერზე, კომისიამ ლაბორატორიული ხელსაწყოების მიწოდების შესახებ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა. მიწოდების ოდენობა კი არანაკლებ 1 000 000 ლარი უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესყიდვების კომისიამ ზუსტად ისეთი მოთხოვნა წაუყენა პრეტენდენტებს, რაც მხოლოდ შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ შეიძლება ჰქონოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ტენდერში კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა და მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. მეტიც, სატენდერო კომისია სარეკომენდაციო წერილსაც ითხოვდა, რომლითაც კომპანიის მიერ სასკოლო ინვენტარის მიწოდების ვალდებულება კეთილსინდისიერად სრულდებოდა. შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილი თავად სააგენტომ გასცა, ანუ ამ უკანასკნელმა საკუთარ თავს შეატყობინა, რომ შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ ვალდებულებას ასრულებდა.  
     
დარღვევები მერხებისა და სკამების შესყიდვაში 
2011 წლის 7 აპრილს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი - შPA110010113, რომელიც 9 090 ცალი მერხისა და სკამის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 000 000 ლარით განისაზღვრა, რომელშიც ხუთი კომპანია მონაწილეობდა - შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘, დახურული სააქციო საზოგადოება (დსს) ,,მინიოს ბალდაი’‘, შპს ,,ექსიმ ტრაფიკი’‘, ს/ს ,,სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა’‘ და შპს ,,მსმ გროუპი’‘. ტექნიკური დოკუმენტების შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ დაბალფასიან პრეტენდენტებს - შპს ,,მსმ გროუპსა’‘ და ს/ს ,,სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას’‘ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შემდეგ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ შესყიდვის პროცედურები შეწყვიტა, მაგრამ კომისიის სხდომის ოქმებში ჩამოყალიბებული და განმარტებული არ არის, თუ რა ინტერესის დაცვის გამო შეწყვიტეს ტენდერი. 2011 წლის 30 მაისს, სააგენტომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი - შPA110014465, რომელიც კვლავ 9 090 მერხის შესყიდვას ეხებოდა. წინა ტენდერის მსგავსად, ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 1 000 000 ლარი განისაზღვრა, რომელშიც რვა კომპანია მონაწილეობდა: შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘, დსს ,,მინიონ ბალდაი’‘, შპს ,,ექსიმ პარკეტი’‘, ი/მ ,,ირმა მებურიშვილი’‘, შპს ,,მსმ გროუპი’‘, შპს ,,ვერტექს მანუფაქტურინგი’‘, შპს ,,ხარება 2000’‘ და შპს ,,მაკაგონი’‘. ნიმუშის შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ ,,მსმ გროუპსა’‘ და ,,ვერტექს მანუფაქტურინგს’‘ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. მართალია, ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიის, ,,მინიოს ბალდაის’‘ მონაცემები შემსყიდველის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, მაგრამ სატენდერო კომისიამ კომპანიას მერხის ნიმუშის წარდგენა სამი დღის ვადაში მოსთხოვა. ,,მინიოს ბალდაის’‘ მიერ ნიმუშის წარდგენის ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტომ შესყიდვის პროცედურები ისე შეწყვიტა, ნიმუში არც კი უნახავს. მეტიც, სატენდერო კომისიას არც ამ შემთხვევაში განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა სახელმწიფო ინტერესი. არადა, ,,მინიოს ბალდაის’‘ მიერ შემოთავაზებული ერთეული საქონლის ფასი 74 ლარი იყო, რაც 36 ლარით ნაკლებია შემდგომ პერიოდში, ანუ 2011 წლის 30 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ ფასზე. 2011 წლის 30 ივნისს, მთავრობის ნებართვის საფუძველზე, სააგენტომ ისევ გამოაცხადა ტენდერი - შPA110017441, რომელიც 10 000 ცალი მერხისა და სკამის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 100 000 ლარით განისაზღვრა, რომელშიც ორი კომპანია - შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ და დსს ,,მინიოს ბალდაი’‘ მონაწილეობდნენ. ,,მინიოს ბალდაის’‘, როგორც დაბალფასიან პრეტენდენტს, სატენდერო კომისიამ 2011 წლის 4 ივლისს სთხოვა, ორი დღის ვადაში ნიმუში წარედგინა. 2011 წლის 7 ივლისს, სატენდერო კომისიამ ,,მინიოს ბალდაის’‘ ნიმუშის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა და ტენდერში გამარჯვებულად ,,ინსტა ჯორჯია’‘ გამოაცხადა. ამ კომპანიას სააგენტომ 1 110 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, ანუ ერთეული საქონლის ღირებულება 110 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტორები კი ასკვნიან, რომ ორდღიანი ვადის განსაზღვრა, რათა კომპანიას ნიმუში წარედგინა, მხოლოდ ფიქციური პირობა იყო, რადგან ეს საკმაოდ მცირე დრო იყო იმისთვის, კომპანიას ნიმუშის იმპორტირება განეხორციელებინა. 2012 წლის 10 თებერვალს, სააგენტომ ისევ გამოაცხადა ტენდერი - შPA120005032, რომელიც 30 000 ცალი მერხისა და სკამის შესყიდვას ეხებოდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4 000 000 ლარით განისაზღვრა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია, შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ მონაწილეობდა. კონკურენციის არარსებობის გამო, გამარჯვებულად ,,ინსტა ჯორჯია’‘ გამოაცხადეს და ხელშეკრულებაც გაუფორმეს. წინა ტენდერებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ იცოდა, ერთეული სასკოლო მერხისა და სკამის ღირებულება 110 ლარი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, სააგენტომ მისი ფასი 110-დან 133 ლარამდე უსაფუძვლოდ გაზარდა. 2012 წლის მარტი- ივნისის პერიოდში, ,,ინსტა ჯორჯიას’‘ მიერ იმპორტირებული მერხების ერთეულის ღირებულებამ, საქონლის მიწოდების პირობით - ,,ჩIP თბილისი’‘, 78 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მერხებისა და სკამების საერთო ფასად 2 340 000 ლარი დაფიქსირდა, რაც 1 660 000 ლარით, ანუ 41%-ით ნაკლები იყო რეალიზებული მერხების ფასზე. კომპანიამ პროდუქციის განბაჟებაში 426 600 ლარი გადაიხადა და 1 233 400 ლარი დარჩა, რაც მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულების 30%-ია. 2012 წლის 29 მაისს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სააგენტომ 22 500 მერხის შესყიდვაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარით განისაზღვრა, რომელშიც სამი - ორი არარეზიდენტი და ერთი რეზიდენტი კომპანია მონაწილეობდა. კერძოდ, შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘, თურქული კომპანია ,,ილდირიმ ბიურო მობილიალარი’‘ და ასევე თურქული ,,დემლაინი’‘. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია ,,დემლაინი’‘ გამოაცხადეს, რომელმაც ერთეული საქონლის ფასი 133-დან, 124 ლარამდე შეამცირა. 2012 წლის 5 სექტემბერს, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’‘ ქვეპუნქტის, ასევე 2012 წლის 5 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ხატია დეკანოიძის #10526 წერილის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტომ შპს ,,ინსტა ჯორჯიასთან’‘ გააფორმა ხელშეკრულება 5 800 ცალი სასკოლო მერხისა და სკამის შესყიდვაზე. შესყიდვის საერთო ღირებულება 721 520 ლარი იყო, ხოლო ერთეული საქონლის ღირებულებად 124 ლარი და 40 თეთრი განისაზღვრა. 2012 წლის 14 სექტემბერს, ამავე კანონისა და ხატია დეკანოიძის #11137 წერილის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტომ კვლავ შპს ,,ინსტა ჯორჯიასთან’‘ გააფორმა ხელშეკრულება 3 100 ცალი სასკოლო მერხისა და სკამის შესყიდვაზე. შესყიდვის საერთო ღირებულება 385 640 ლარი იყო, ხოლო ერთეული საქონლის ფასად 124 ლარი და 40 თეთრი დაფიქსირდა. 2012 წლის 27 სექტემბერს, ისევ ამ კანონისა და ხატია დეკანოიძის #11137 წერილის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვით, სააგენტომ შპს ,,ინსტა ჯორჯიასთან’‘ გააფორმა ხელშეკრულება და 7 100 ცალი სასკოლო მერხი და სკამი შეისყიდა. საერთო ღირებულება 883 240 ლარი იყო, ხოლო ერთეული საქონლის ფასად ისევ 124 ლარი და 40 თეთრი დაფიქსირდა. 2012 წლის სექტემბერში, სააგენტომ მთლიანობაში 12 920 ცალი სასკოლო მერხი და სკამი შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 1 607 248 ლარი გახლდათ.   
               
,,ინსტაჯორჯიასთვის’‘ შეცვლილი სატენდერო პირობები
2012 წლის 7 აპრილსა და 30 მაისს, ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს’‘, მის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ მოუთხოვია, რამაც ტენდერებზე მონაწილე კომპანიებს შორის, მაღალი კონკურენცია განაპირობა. როდესაც გამოვლინდა, რომ ამ გზით, შპს ,,ინსტა ჯორჯია’‘ ვერ გაიმარჯვებდა, რადგან მასზე უფრო დაბალი ფასები სხვა კომპანიებმა დააფიქსირეს, სატენდერო კომისიამ დოკუმენტაციაში ცვლილება შეიტანა და პრეტენდენტებისგან სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოითხოვა. ამავე ცვლილებაში კომისიამ ისიც დააზუსტა, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულება 1 000 000 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მერხების შესყიდვაზე სატენდერო კომისიამ არა მერხების მიწოდების, არამედ ზოგადად, სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა რისკი, რომ ტენდერში ,,მინიოს ბალდაი’‘ გაიმარჯვებდა, რომელმაც 2009 წელს, ამ სააგენტოს 4 178 250 ლარის მერხები მიაწოდა და გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც წარადგენდა. ასეთ შემთხვევაში, ,,ინსტა ჯორჯია’‘ ვერ გაიმარჯვებდა, რადგან ამ კომპანიას მერხების მიწოდების გამოცდილება არ ჰქონდა. მსგავსი მოთხოვნის გამო, ტენდერზე კონკურენცია შეიზღუდა, რადგან 1 000 000 ლარის ღირებულების სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილება ბევრ კომპანიას არ ჰქონდა. 2012 წელს, სააგენტომ დასაბუთების გარეშე, ერთეული მერხის ფასი 23 ლარით, ანუ 110 -დან 133 ლარამდე გაზარდა. დაუსაბუთებლად ფასის ზრდის გამო, შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ ფასნამატი 15%-დან 30%მდე გაიზარდა. ასეთი გაძვირების გამო, სააგენტომ ზედმეტად 700 000 ლარი გადაიხადა. იმავე წელს, იმავე საქონელზე ზეპირი ვაჭრობის შედეგად, სხვა კომპანიამ ერთეული საქონლის ფასი საგრძნობლად დააკლო და 23-ლარიანი ზრდა 14 ლარამდე, ანუ 133 ლარიდან 124 ლარამდე შეამცირა. 2012 წლის სექტემბერში, სააგენტომ 124 ლარამდე შემცირებული ერთეულის ფასით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ხატია დეკანოიძის ბრძანების საფუძველზე, სამჯერ შეიძინა სასკოლო ინვენტარი ,,ინსტა ჯორჯიასგან’‘. მთლიანობაში, 12 920 ცალ სასკოლო მერხსა და სკამში, სააგენტომ შპს ,,ინსტა ჯორჯიას’‘ 1 607 248 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სატენდერო კომისიის ქმედებებში, ,,ინსტა ჯორჯიასთვის’‘ ტენდერებზე უპირატესობის მინიჭების ტენდენცია გამოიკვეთა. ჯამში, ამ კომპანიას 12 650 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმეს. მთლიანობაში, სააგენტოს მიერ გამოცხადებული 6 ტენდერიდან, ,,ინსტა ჯორჯია’‘ ექვსივეში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ინსტა ჯორჯია’‘ ყველა შემთხვევაში უმაღლეს ფასს აფიქსირებდა, სააგენტოს გამოცხადებულ 5 ტენდერში გაიმარჯვა. კონკურენციის არარსებობის პირობებში, კომპანია მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობდა, რაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც აშკარად გამოჩნდა. 
P.s. ,,ვერსია’‘ განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრ ხატია დეკანოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელ ინტერვიუზე უარი გვითხრა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ დასკვნაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა: ,,არ ვიცი, რას წარმოადგენს კომპანია ,,ინსტა ჯორჯია’‘ და არანაირი შეხება მათთან არ მქონია. თუ ჩემთან კითხვები აქვთ, დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და პასუხს გავცემ. ამის შემდეგ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს თქვენთანაც და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთანაც. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, ცალსახად გეტყვით, რომ ჩემი მინისტრობის დროს, განათლების სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელს და მათ შორის მეც, კონკურენცია ხელოვნურად არ შეგვიზღუდავს, ასეთი რამ გამორიცხულია! შესაბამისად, ასეთ ფაქტებს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია და რაც მთავარია, არც ერთი კომპანიისთვის უპირატესობა არ მიგვინიჭებია’‘.