ცვლილება ჰაერში, ხომ არ გაძვირდება ევროპისკენ ფრენა?

ცვლილება ჰაერში, ხომ არ გაძვირდება ევროპისკენ ფრენა?

ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე განაცხადა უკრაინის ქალაქებში რეისების გაუქმებისა და მარშრუტების შეცვლის შესახებ. გარკვეულწილად მათ რიგს შეუერთდა საქართველოც. პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც პარასკევს თბილისის აეროპორტში რეისები დაგვიანებით შესრულდა. მაგალითად, დაიგვიანა კიევი-თბილისის ავიარეისმა, ასევე ვარშავა-თბილისის რეისმა, რომელიც გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფტანზამ“ შეასრულა.

ამერიკის ხელისუფლებამ თავის ავიაგადამზიდავებს უკვე აუკრძალა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენა, რისი მიზეზიც დონეცკის მხარეში „მალაიზია ეარლაინზის“ კუთვნილი ბოინგ-777-ის ჩამოგდება გახდა. მანამდე კი საჰაერო ნავიგაციის ევროპულმა ორგანიზაციამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის უკრაინის საჰერო სივრცე დაკეტა.

ამერიკის ფედერალური საავიაციო სამმართველოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვამ გააფართოვა მიმდინარე წლის აპრილში შემოღებული შეზღუდვა ამერიკის სამოქალაქო თვითმფრინავების ყირიმის ტერიტორიის მახლობლად ფრენის შესახებ.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა საქართველომაც. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით, ქვეყნის ავიაკომპანიებს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული აქვთ და ცვლილებები ამ ეტაპზე მხოლოდ ფრენის მარშრუტს შეეხება. როგორც მოლადინაშვილი განმარტავს, უკრაინიდან მომავალი საჰაერო ხომალდი გამოივლის ოდესის ტერიტორიას და შემოვა თურქეთის ნეიტრალურ წყლებზე, შემდგომ კი - საქართველოში.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არც ერთი რეისის გადადება არ იგეგმება. კომპანიებმა განახორიელეს ცვლილებები უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო. ცვლილებებია ფრენის მარშრუტებში. კონკრეტულად უკრაინიდან მომავალი საჰაერო ხომალდი გამოივლის ოდესის ტერიტორიას, შემოვა თურქეთში, რის შემდეგაც შემოვა საქართველოში. შესაბამისად, რადიკალური ცვლილებები, როგორიცაა რეისების გადადება ან გაუქმება, არ იგეგმება”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილემ.

შეზღუდვა, ძირითადად, საქართველოში „უკრაინის ავიახაზებს“ და „ვიზეარს“ ეხება.

„ფრენა აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით მოხდება. თვითონ უკრაინას აქვს გარკვეული შეზღუდვა. ავიაკომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არ გადაკვეთონ ეს სივრცე, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე. ამდენად, უკრაინის საჰაერო ზონას არც ერთი ავიაკომპანია არ გამოიყენებს.

ქვეყნის მთავრობამ მიმართა ევროკონტროლს, რომელმაც ყველა ავიაკომპანიის ადმინისტრაციას გაუგზავნა წერილი და მიაწოდა ინფორმცია, რომ შეზღუდვებია უკრაინის საჰაერო ზონაში. შესაბამისად, ყველა ავიაკომპანია გრაფიკის შედგენის დროს იხელმძღვანელებს ამ მიმართვით და დაგეგმავს გრაფიკს“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.

ავიაკომპანია „ეარ კავკაზუსის“ ხელმძღვანელის, გიორგი კოდუას ინფორმაციით, ავიატრასის გაგრძელება რამდენიმე ავიარეისზე, სავარაუდოდ, საფასო ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა სამხრეთის რეისებზე ძველი ტარიფები შენარჩუნდება. კოდუა ვარაუდობს, რომ თუ შეზღუდვა დიდხანს გასტანს, ავიაბილეთები რაღაც დოზით გაძვირდება.