ყველზე ცხელი და ძვირი საზღვაო სეზონი

ყველზე ცხელი და ძვირი საზღვაო სეზონი

წლევანდელ ზაფხულში საქართველოს ტურისტულ სექტორში დაკავებული ადამიანების მთავარი სამიზნე უკრაინელი ტურისტებია, არადა მათთვის ერთ-ერთი ძვირი საკურორტო ქვეყანა საქართველოა. უკრაინული ტუროპერატორების სატარიფო ნუსხის თანახმად, ბათუმის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 დღე დასვენება 70 დოლარი ჯდება, თურქეთში - 67 დოლარი, ხოლო ბულგარეთში - 56 დოლარი. აგვისტოს ცხელი პერიოდის და კაზანტიპის ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, ფასი ყველასთვის მოიმატებს - უცხოელებისთვისაც და ადგილობრივი დამსვენებლებისთვისაც.

იმ ფონზე, როცა ტურისტული ქვეყნები დაბალი ტარიფის შენარჩუნებას ცდილობენ, ქართულ კურორტებზე მომსახურება ძვირდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბათუმში, სადაც სასტუმროებმა ფასები უკვე გაზარდეს.

ამის მიზეზი, პირველ რიგში, უკრაინელი ტურისტების მოლოდინია და აგრეთვე ანაკლიაში ჩასატარებელი კაზანტიპის ფესტივალი. მართალია ანაკლია აჭარისგან საკმაოდ შორს არის, მაგრამ ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების აბსულუტური უმრავლესობა ცდუნებას ვერ გაუძლებს, რომ ბათუმი და მისი შემოგარენი არ მოინახულოს. ასე რომ, რაც უფრო ახლოვდება აგვისტო, ფასები აჭარაში მით უფრო მაღლა მიიწევს.

ტურისტულ კომპანია „იმპერიალ თრეველში“ ამბობენ, რომ მაღალი ფასი საქართველოს მიმართ ინტერესს ვერ გაანელებს. მათი თქმით, სეზონის ბოლომდე ზღვისპირა კურორტებზე მორიგი გაძვირება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ფასმა უკვე მოიმატა. თუმცა, კომპანიაში უჭირთ მიზეზების დაკონკრეტება, რასაც შეეძლო საქართველოში ტურისტული მომსახურების ღირებულება განესაზღვრა.

სასტურმოები ბათუმში უკვე დატვირთულია. ამ დროისათვის სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ფასი, რომელშიც საუზმეც შედის, 100-150 ლარს შორის მერყეობს. ზოგიერთ სასტუმროში ამბობენ, რომ ფასი აგვისტოდან მოიმატებს. სასტუმროებში ასევე აცხადებენ, რომ სასურველია ნომრის რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნა.

სასტუმრო „რიცა“ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს. ორადგილანი ნომრის ფასი აქ 120-130-150 ლარია. ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ევრაზიაში“ კი ორ ადგილიანი ნომრის ფასი 100 ლარია.

სასტუმრო „მარინაში“, რომელსაც საკუთარი აუზი და ფიტნეს ცენტრიც აქვს, ორ ადგილიანი ნომრის ფასი ივლისში 160 ლარია, თუმცა ფასი აგვისტოში გაიზრდება და 200 ლარს მიაღწევს. „სასტუმრო „პრესტიჟში“ ორადგილიანი ნომრის ფასი 100-120 ლარია, აქ ამბობენ, რომ ასლარიანი ნომრის ფასი აგვისტოში 120 ლარი იქნება.

რაც შეეხება ისეთ სასტუმროებს, როგორიცაა „შერატონი“, „რედისონი“ და „ინტურისტი“ და ახალგახსნილი „დივან სუიტი“ , აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია.

დღეს მონაცემებით სასტუმრო „შერატონში“ ორადგლანი ნომრის ფასი 265 დოლარია, „რედისონში“ - 248 დოლარი, „ინტურისტში“ – 215 დოლარი , ხოლო „დივანში“ - 180 დოლარი.

ძალიან აქტიურობს კერძო სექტორიც. ურეკში, ქობულეთში და ბათუმში უკვე ჭირს სასურველი ბინის შოვნა. ფასი 15 ლარიდან იწყება და 30 ლარს აჭარბებს. ბინის მფლობელები დაუფარავად აცხადებენ, რომ 2 კვირაში მომსახურების ღირებულება კიდევ გაიზრდება, რადგან მოთხოვნა დიდია, ხოლო საწოლი ადგილები საკმარისი არ არის.

რაც შეეხება ამინდს, მთელი ზაფხული პერიოდში ცხელი ამინდები შენარჩუბედა. ასეთი ხანგრძლივი მზიანი პერიოდი ბოლო რამდენიმე ზაფხული აღარ ყოფილა.