ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის მოშორება და ვისთან მიგვიყვანს კვალი

ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის მოშორება და ვისთან მიგვიყვანს კვალი

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის, თვითმკვლელობისა თუ უბედური შემთხვევის ირგვლივ მითქმა-მოთქმა გრძელდება. უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს იმ ადამიანთა სიაც, რომელსაც სიკვდილისწინა საათებში კიწმარიშვილმა დაურეკა, ესაუბრა, შეხვდა ან შეხვედრას აპირებდა... პროკურატურამ კიწმარიშვილის გააქტიურებულ მეგობართაგან ერთ-ერთი, ,,თრიალეთის’‘ გენდირექტორი შეარჩია დასაკითხად. ბადრი ნანეტაშვილი კი მედიასაშუალებებს დღემდე ნაწილ-ნაწილ უამბობს ახალ ინფორმაციებს. მისი მონაყოლით ირკვევა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი მაღაზია ,,დიანაში’‘ ძმისთვის საჩუქრად შეიძინა, გასაფორმებლად საბუთები კი შსს-ს მომსახურების სააგენტოში წაიღო. 17 ივლისს, საღამოს გაჟღერდა ვერსია, თითქოს კიწმარიშვილის მანქანიდან ის თანხა გაქრა, რომელიც საარჩევნო შტაბისთვის უნდა დაერიგებინა და ეს ამბავი, ირიბად, რუსთავის არჩევნებს დაუკავშირდა, თუმცა ეს ალბათ, ნაკლებსავარაუდოა.     
კითხვისნიშანი ძალიან ბევრია: რატომ გააფორმა ძმის საჩუქარი საკუთარ სახელზე სიკვდილის დღეს კიწმარიშვილმა, თუ მოიკლა თავი, ეს ახალი იარაღით რატომ გააკეთა, როცა ძველი, გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა, რატომ იჯდა ფარებანთებულ მანქანაში, ღვედგადაჭერილი, ვინ ან რატომ მიატრიალა ავტოფარეხში კამერა, რომელიც კიწმარიშვილის მოთხოვნით დამონტაჟდა და ზუსტად მის მანქანას უყურებდა?! პროკურატურის ერთ-ერთ განცხადებაშიც გამოჩნდა სიტყვა ,,მკვლელობა’‘, რომელიც მოგვიანებით ,,გადაკეთდა’‘, მაგრამ ოფიციალურ ვებგვერდზე (პოგ.გოვ.გე) მაინც წაიკითხავთ, ,,მოწმდება და განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები’‘. ამასობაში, ეროსი კიწმარიშვილის გვამის პირველადი ექსპერტიზაც სრულდება და ისევ სხვადასხვა ვერსია გვესმის. პარალელურად, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მიბჯენით თავის მოკვლა შეუძლებელია, რადგან გასროლისას საფეთქელსა და ლულას შორის მანძილი ინერციით იზრდება. მთელი ამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების კვალდაკვალ, გადავწყვიტეთ, ,,ვერსიისა’‘ და სხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებზე დაყრდნობით, იმ პირთა წრე დავავიწროვოთ, ვისაც კიწმარიშვილის სიკვდილი, რბილად რომ ვთქვათ, ხელს აძლევდა.     
    

,,რუსთავი 2’‘ - ვინ იბრძვის არხის წილებისთვის და ვის აწყობდა კიწმარიშვილის გზიდან ჩამოშორება 
ყველაზე გავრცელებულ ვერსიათაგან ერთ-ერთი ,,რუსთავი 2’‘-ზე გადის. მით უმეტეს, საუბრობენ, რომ ხელისუფლება არხზე თავდასხმას გეგმავდა, რასაც კიწმარიშვილის მკვლელობამ, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა. ვინ და როგორ გეგმავდა თავდასხმას, გაურკვეველია, თუმცა თავად კიწმარიშვილი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვიცე- პრემიერ კახა კალაძის განცხადებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლის თქმით, ,,რუსთავი 2’‘ მალე ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვის წინ არხის ყოფილი უფროსი და ერთ-ერთი მეწილე გოგი გეგეშიძე გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს, თითქოს, პროცესი მართლა ,,ნამდვილი მფლობელის’‘ სასარგებლოდ მიდის, მაგრამ ვინაა ეს ნამდვილი მფლობელი _ ქიბარ ხალვაში თუ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი?! ჯერ კიდევ 2013 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში კიწმარიშვილმა განაცხადა: ,,რაც შეეხება ბრძოლას ,,რუსთავი 2’‘-ის დაბრუნებისთვის, ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან, გარკვეული ალიანსის გზით, ცდილობს არხზე გავლენის მოპოვებას. რა ტიპის და როგორი ალიანსია, არ ვიცი. თუ დვალი და აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია მართალი, მაშინ ბუნებაში შეუთავსებელია, აქიმიძე- დვალიც მართლები იყვნენ’‘. ამ ,,შეუთავსებლობის’‘ კონკრეტულ დეტალებზე კიწმარიშვილი ,,ვერსიას’‘ უამბობდა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ივანიშვილი- ხალვაშის მეგობრობაზე აქტიურად საუბრობდნენ, რადგან პარლამენტმა ხალვაში პოლიტდევნილების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში ჩამოსვლის გზა გაუხსნა. მან კი არხის 70%-იანი წილი მოითხოვა: ,,ღიად ვამბობ _ ხალვაში არ იყო არხის რეალური მფლობელი. ის პირადად სააკაშვილის სახე იყო. ხალვაში ჩემთან ტყუის, თუ თავის 70%-ს იბრუნებს, მაშინ 60%-ის მფლობელი დვალი და აქიმიძე როგორღა გამოდიან მართლები? ამ დროს, ივანიშვილი აცხადებს, რომ ხალვაში მართალი კაცია, რომ დაჩაგრეს და ა.შ. ამავე დროს, ამბობს, რომ მართლები არიან დვალი- აქიმიძეც და ეს პროცესი ჭეშმარიტებამდე რა არითმეტიკით მიჰყავს, ივანიშვილს ჰკითხეთ... ეს ის თემებია, რაზეც მემუარებში ვილაპარაკებ, დიდი ხნის მერე. დღეს ვარ ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს და აწარმოებს ორ პროცესს ,,გადამგდებების’‘ წინააღმდეგ! ივანიშვილმა ის ზღვარი გადალახა, რასაც ჩემი დუმილი ჰქვია!’‘ დაბოლოს, როგორც ეკონომიკურმა ექსპერტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ,,ოცნების’‘ ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ,,რუსთავი 2’‘-ის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყო: ,,წინა ხელისუფლება ,,იმედში’‘ შეჭრის დღეს დამთავრდა, დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე კი ,,რუსთავი 2’‘ გახდებოდა, რომ არა კიწმარიშვილის სიკვდილი, რამაც მარტო არხი კი არა, ხელისუფლებაც გადაარჩინა, თუ, რა თქმა უნდა, ჭკუა ეყოთ’‘. 
         

,,მაესტრო’‘ და რუსული კვალი 
რატომღაც ამ ვერსიაზე არავინ საუბრობს, თუმცა ,,მაესტროს’‘ საქმეზე დაწყებული ღლონტი- კიწმარიშვილის ჩხუბი და 3-წლიანი სასამართლო დავა კიწმარიშვილის ცხოვრებაში ბოლო დრომდე აქტუალური იყო. ვის რა წილი ჰქონდა და აქვს ტელეკომპანია ,,მაესტროში’‘, ეს ,,საიდუმლო’‘ ბოლომდე დღესაც ამოუხსნელია. ძმები _ გია და ლევან გაჩეჩილაძეები, ბაჩო კიკაბიძე, მაკა ასათიანი, მამუკა ღლონტი, კოტე გოგელია, თავად ,,მაესტროელი’‘ ჟურნალისტები _ ალბათ, ესეც არასრული ჩამონათვალია სხვადასხვა დროს არხის მეწილეებისა. ფაქტი კი ისაა, რომ ეროსი არც მეწილე ყოფილა, არც მფლობელი და დირექტორი, იგი ,,მაესტროს’‘ მართვის კომპანიას ხელმძღვანელობდა და არხზე ბიზნესინტერესები ჰქონდა. მეტიც, ჰქონდა პრეტენზია, ,,მაესტრო’‘ ახალ ,,რუსთავი 2’‘-ად ექცია და ახალი ,,ვარდების რევოლუცია’‘ მოეწყო ძველი ხელისუფლებისთვის, თუმცა არ დასცალდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და პროცესები სხვაგვარად განვითარდა. ცნობილია, რომ ,,უცნობმა’‘ გია გაჩეჩილაძემ ,,მაესტროზე’‘ თავისი 25%-იანი წილი მაკა ასათიანს მიჰყიდა. წილის გაყიდვაზე იყო საუბარი მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, მაკა ასათიანის ქმრის, კოტე გოგელიას მხრიდანაც. ამის მერე, ვრცელდებოდა ხმები, რომ არხის ყიდვა ხან ნინო ბურჯანაძეს, ხან ზურაბ ნოღაიდელს, ბოლოს, ლევან ვასაძესაც სურდა. თუმცა ასათიანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, ,,არ იგეგმება წილის გაყიდვა. ,,მაესტროს’‘ გუნდთან ერთად, ახალ სეზონზე უამრავ ახალ პროექტს ვგეგმავ’‘. რა კავშირშია კიწმარიშვილი ამ ყველაფერთან: 2011-2012 წლებში, როცა ღლონტ-კიწმარიშვილს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დაიძაბა, ოქრუაშვილსა და კიწმარიშვილს, სოზარ სუბართან ერთად, ,,ქართული პარტია’‘ ჰქონდათ შექმნილი. მას მერე, რაც კიწმარიშვილი ,,მაესტროს’‘ ღობეზე გადაძვრა, ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობა აერია, რადგან ექსმინისტრმა, რომელიც ოფიციალურად დუმდა, მხარი ღლონტს დაუჭირა. მეტიც, მაშინ ძმები ,,გრეჩიხები’‘, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე და პარტიასთან დაახლოებული სხვა პირები ,,ქართული პარტიის’‘ დაშლას კიწმარიშვილს აბრალებდნენ და შეგზავნილსაც ეძახდნენ. დღეს კი არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, განცხადება არ გაუკეთებია ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომელიც ბოლო დღეებია და მათ შორის, 15 ივლისსაც, გორის რაიონის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში იყო და მისი თანაშემწის თქმით, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.

ამ დაპირისპირების დროს მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას ადვოკატებმა ვრცელი განცხადება გააკეთეს, რომლის ამონარიდი დღეს საგულისხმო და საეჭვოც კი შეიძლება გახდეს: ,,2011 წლის აგვისტოში, მაკა ასათიანმა მიიღო ინფორმაცია და ,,რუსთავის მედიის მართვის კომპანიისგან’‘ მოითხოვა მისთვის გადარიცხული თანხების შედარება. აღმოჩნდა, რომ კიწმარიშვილს სისტემატურად, ინვესტირებული თანხების გაბერვის გზით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 000 დოლარი. კიწმარიშვილი ასათიანს დაპირდა, რომ ამ თანხას დააბრუნებდა. საუბარს ესწრებოდა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიაც, რომელმაც შეიტყო რა მოპარული თანხების თაობაზე, დაუყონებლივ მოითხოვა დაბრუნება... ჯამში დავალიანებამ გადააჭარბა 3 მლნ აშშ დოლარს’‘. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მეთოდებით მოითხოვდა გოგელია ფულის სასწრაფოდ დაბრუნებას, თუმცა კიწმარიშვილს თავისი სიმართლე ჰქონდა, მით უმეტეს, სიცოცხლის ბოლო დღეებში მიცემულ ინტერვიუში გოგელიაზე ღიად ალაპარაკდა: ,,გოგელია ვინცაა, ყველამ იცის. ვინ გგონიათ, ,,მაესტროზე’‘ ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი... გოგელიას დროსაც რუსული კაპიტალის ხელში იყო ,,მაესტრო’‘ და ვინ გადაიბარებს, არ ვიცი, მაგრამ რა ცვლილებაც უნდა მოხდეს, ეს გადაბარება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება’‘. ბოლო ინფორმაციით კი, რომელიც ,,ვერსიისთვის’‘ იყო ცნობილი, 3-წლიანი გაყინული პროცესი აგვისტოში უნდა განახლებულიყო, თუმცა კიწმარიშვილის გარდაცვალების გამო, პროცესი მინიმუმ 6 თვით გადაიდება. ,,მაესტროსთან’‘ დაკავშირებით კიწმარიშვილს თავისი გეგმები ჰქონდა, რომელიც ,,ვერსიაში’‘ გამოქვეყნდა: ,,ამ თემაზე სასამართლოში, ადვოკატ გოჩა სვანიძესთან ერთად, რომელიც ,,მაესტროს’‘ ადვოკატის, დიმა გაბუნიას მასწავლებელია, დეტალურად ვისაუბრებთ. სარჩელი, რომელიც 2011 წლის 2 დეკემბერს შევიტანე, სასამართლომ ზუსტად 1 წელი არ განიხილა. ბიძინას მოსვლიდან თვენახევარში, ,,მაესტროს’‘ დამფუძნებლებს კრედიტის აღება დასჭირდათ ,,ქართუდან’‘, სადაც ჩემს მიერ დაბლოკილი საკუთარი წილის თავისუფლად მოძრაობა არ შეეძლოთ. ატეხეს ერთი ამბავი, სასამართლო ამ საქმეს არ განიხილავსო და რატომღაც, პროცესი დაიძრა... ჩემი მართვის კომპანიას აქეთ აქვს ,,მაესტროში’‘ ფული ჩადებული. მოკლედ, იმ ბენეფიტიანად, რასაც ამ არხისგან ველოდი, თანხა 4,5 მილიონ დოლარს შეადგენს... შესაძლოა, ვიღაცას ხელს ვუშლი ჩემი არსებობით, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. გადაგდებას ვერავის ვაპატიებ!’‘ ეროსი კიწმარიშვილი ითხოვდა კოტე გოგელიასგან მილიონებს თუ პირიქით, სხვა თემაა, ფაქტია, მათ შორის სერიოზული დაპირისპირება იყო და დღეს ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.  
            

,,ნაციონალები’‘ და ,,მეგობრები’‘ - ვინ არის ბადრი ნანეტაშვილი 
კიწმარიშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელსაც პროკურატურა რამდენიმე საათს კითხავდა. ძმები ნანეტაშვილების ისტორია რამდენიმე წლის წინ საყოველთაოდ ცნობილი იყო. შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია ,,თრიალეთის’‘ მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი ნაციონალების დროს დეპუტატიც იყო და გუბერნატორის მოადგილეც, ხოლო ტელეკომპანიის დირექტორი მისი ძმა გახლდათ. 2006 წელს ნანეტაშვილს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა, რადგან ,,თრიალეთის“ სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას აბრალებდნენ. ვიდრე მანდატს წაართმევდნენ, ნაციონალების რიგები დატოვა, თუმცა მათ სამსახურში 2008 წელს დაბრუნდა და შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოსტზე თითქმის 2 წელი დაჰყო და ბოლოს ვარძელაშვილსაც დაუპირისპირდა. რა ურთიერთობა ჰქონდათ ნანეტაშვილსა და ნაციონალებს ამის შემდეგ, უცნობია, თუმცა ყოფილი ნაციონალები არ არსებობენ, მით უფრო, ნანეტაშვილი ყოფილი მმართველი პარტიის გუნდში ერთხელ უკვე დაბრუნდა. აქ საინტერესოა იმ შპს ,,დიანას’‘ დეტალიც, სადაც კიწმარიშვილმა ძმისთვის საჩუქარი, 1700-ლარიანი იარაღი შეიძინა. ჯერ ერთი, ნაციონალებმა იარაღის ბიზნესი ყველას რომ ,,აახიეს’‘, ცნობილი ფაქტია. მათ შორის ისეთმა ბობოლა მაღალჩინოსნებმა, როგორიც დავით კეზერაშვილია ან თუნდაც მიშა ქარელი, რომელიც დღეს საფრანგეთშია, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის მერე, საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

არაოფიციალურად, შპს ,,კულა’‘ რომელიც პოპულარულ ნატურალურ წვენებს უშვებს, დღესაც მის მფლობელობაშია. მან და მისმა მეგობარმა, ივანე გოგლიძემ, მეტსახელად ,,კულამ’‘ ეს საქმე ბიზნესმენ ელენე ჩიტუაშვილს წაართვეს. მეწარმეთა რეესტრში ოფიციალური მონაცემებით კი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი დღემდე ივანე გოგლიძეა, მიშა ქარელის ძმაკაცი ,,კულა’‘. ,,ვერსიის’‘ მიერ, უშუალოდ გორელებისგან მოპოვებული ინფორმაციით კი, იარაღის მაღაზია ,,დიანა’‘, რომელიც გორშიც იყო გახსნილი, ასევე ,,კულას’‘ მფლობელობაშია. ჰოდა ,,კულას’‘ და მიშა ქარელის ქონება რამ გაყო?! დღეს იარაღის მაღაზია გორში ისევ ფუნქციონირებს, ოღონდ ,,მონადირე’‘ ჰქვია. თუკი ,,დიანა’‘ და ,,მონადირე’‘ ერთი და იგივე მაღაზიაა და მისი მფლობელი, შემოვლითი გზით, ისევ მიშა ქარელია, მაშინ შპს ,,დიანას’‘ დაცვის თანამშრომლების უსუსური კომენტარი, არ ვიცით, სათვალთვალო კამერები რამდენხნიან ჩანაწერებს აკეთებს ან, საერთოდ, იღებს თუ არაო, გასაგები ხდება. მაღაზიაში მყოფი სამოქალაქოფორმიანი ადამიანები კი ადგილზე მედიასაშუალებებს მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, არაოფიციალური ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილი ბოლო დღეებში ნაციონალური მოძრაობის სახელით, მუქარის ზარებსაც იღებდა და ამ ზეწოლის თაობაზე, პროკურატურაში განცხადების გაკეთებასაც აპირებდა. ცოტა ხნის წინ, კიწმარიშვილმა გორის მერობის კანდიდატურა ნაციონალი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა და თუ ესეც ზეწოლის შედეგია, მაშინ რატომაა გამორიცხული, კვალი ყოფილ მმართველ გუნდამდე მიდიოდეს?! მით უფრო, ,,ოცნების’‘ ხელისუფლების დამუნათება - ყოფილ მთავრობასა და სააკაშვილთან ასოცირებული ,,პიარის მამის’‘, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა ვერ გახსენითო, თუნდაც შემოდგომიდან ნაციონალების მიერ მართული მწვავე პროცესების დასაწყისი შეიძლება გახდეს.