მინისტრი და ექსპერტები „ერთ ენაზე“ ალაპარაკდნენ

მინისტრი და ექსპერტები „ერთ ენაზე“ ალაპარაკდნენ

6 თვის ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების გაცნობის შემდეგ, ფინანასთა მინისტრი და ეკონომიკის ექსპერტები დაახლოებით ერთ პოზიციაზე არიან. ქვეყნის ეკონომიკა დაგეგმილ პარამეტრებშია და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, წლის ბოლოს ყველაფერი რიგზე იქნება. იშვიათი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები შეხმატკბილებულად ეთანხმებიან ერთმანეთს.

ფინანსთა მინისტრმა ქართველ ექსპერტებს ეკონომიკაში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები გააცნო. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ექსპერტებთან შეხვედრაზე ღია საუბარი შედგა და მათი მოსაზრებები გაიზიარა. ეკონომიკის დარგის სპეციალისტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ივნისში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა იყო 11%-ით გაზრდილი შარშანდელთან შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„ექსპერტები ასევე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა ექვსი თვის განმავლობაში 103%-ით არის შესრულებული ბიუჯეტის შესაბამის პროგნოზებთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა არის ეკონომიკის რეალურ სექტორში. დაახლოებით 28%-იანი ზრდა გვაქვს მშენებლობაში, მატებაა სოფლის მეუნეობაში, მრეწველობაში.

ეს მაჩვენებლები ერთად გავაანალიზეთ და მივედით დასკვნამდე, რომ მონაცემები ძალიან იმედისმომცემია და ქვეყნა გააგრძელებს აღმავლობას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით კმაყოფილნი დარჩნენ ექსპერტებიც. ისინი თვლიან, რომ 2014 წლის დაგეგმილი პარამეტრებს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„სტატისტიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ უფრო მეტად ოპტიმისტურია, ვიდრე იყო წინა პერიოდში. წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ სერიოზული და შეუქცევადი ზრდა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ანალიტიკური ცენტრის „ეკონომეტრის“ დირექტორმა რევაზ საყევარიშვილმა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების დინამიკის შესახებ. მთავარია რომ საგადასახადო შემოსავლები და დღგ-ს მაჩვენებლები მზარდია, რაც რეალურად აჩვენებს ეკონომიკურ აქტივობას. რაც შეეხება გრანტების ნაწილს, ის მართალია, არ მიჰყვება გეგმას, მაგრამ წლის ბოლომდე, შესაძლებელია ამ დანაკლისის შევსება. მიმდინარე მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, დაგეგმილი პარამეტრების შესრულებას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ.

„საკმაოდ სტაბილურად, 5%-5.5% ფარგლებში მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა. გადაჭარბებაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით, გაზრდილია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია“, - განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობასა და საქართველოს მხრიდან დაგეგმილი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელ რეფორმებზეც.

როგორც აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო საბჭოს წევრებს წინასწარ გააცნობს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინონ.