საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი ვერა და ვერ იზრდება. უფრო სწორად იმატებს, მაგრამ ძალიან დაბალი ტემპით. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ამგვარი რეიტინგების მუდმივი აუტსაიდერია.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე პარიტეტული მსყიდველუნარიანობის მიხედვით, საქართველოში შემოსავალმა 7 ათასი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 139-ე ადგილზეა და მას საგრძნობლად უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი (132-ე ადგილი, 8,1 ათასი დოლარი), უკრაინა (127-ე ადგილი, 8,9 ათასი დოლარი), თურქმენეთი (105-ე ადგილი, 12,9 ათასი დოლარი), ბელორუსი (89-ე ადგილი, 19,9 ათასი დოლარი), აზერბაიჯანი (90-ე ადგილი, 16,2 ათასი დოლარი).
რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 23,2 ათასი დოლარი შეადგინა, რითაც ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 65-ე ადგილზეა. თურქეთი რეიტინგში 82-ეა.
ყველაზე უზრუნველყოფილი ყატარის მოსახლეობა აღმოჩნდა, სადაც შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 123,9 ათასი დოლარია. მაკაოში (ჩინეთი) 112,2 ათასი დოლარი, ქუვეითში - 88,2 ათასი დოლარი, სიგნაპურში - 76,9 ათასი დოლარი, ბერმუდში - 66,4 ათასი დოლარი.
ევროპის ქვეყნებიდან ლიდერია ნორვეგია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 66,5 ათასი დოლარია, აშშ-ში კი - 53,9 ათასი დოლარია.
მოსახლეობის შემოსავლების კვლევის თვალსაზრისით მსოფლიო ბანკი საქართველოში დიდ დაკვირვებას აწარმოებს. შესაბამისად, დრო და დრო ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები, მაგრამ აქედან სანუგეშო თითქმის არც ერთი არ არის. მაგალითად, 2012 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებითაც საქართველო დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფშია და სავარაუდოდ, ახლაც იქ იქნება (ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით).
ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 20 ქვეყანა შედის, აქედან 12 ქვეყანა მაღალი საშუალო შემოსავლის კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლი 4086 დოლარიდან 12615 დოლარამდე მერყეობს. 6 ქვეყანა კი დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გვხვდება, ანუ მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1036-4085 აშშ დოლარია. აღნიშნულ რეგიონში დაბალი შემოსავლის კატეგორიაში მხოლოდ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედის.
საქართველო შემოსავლების მხრივ დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფშია. 2012 წლის მონაცემებით, მისი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3270 დოლარი იყო. ამასთან, 2004-2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. საქართველო დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში ჩამორჩება სომხეთს, უკრაინას და უსწრებს უზბეკეთს და მოლდოვას.
საქართველო ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემოსავლების მხრივ ყველაზე დაბალ საფეხურზე არ არის, თუმცა, მისი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ უზბეკეთის, მოლდოვის (დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფი), ყირგიზეთის და ტაჯიკეთის (დაბალი შემოსავლის ჯგუფი) მონაცემებს აღემატება და ჩამორჩება რეგიონის 15 ქვეყანას.
კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის შემოსავლებს უკავშირდება, ეს „ჯინის კოეფიციენტია“. იგი შემოსავლების უთანაბრობის საზომია. კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს და რაც უფრო ახლოს არის 0-თან, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება, ხოლო რაც უფრო ახლოს არის მაჩვენებელი 1-თან, შემოსავლების გადანაწილება მით მეტად უთანასწოროა.
საქართველოში „ჯინის კოეფიციენტი“ 0,42-ია. ეს მიუთითებს, რომ საშუალო ფენა ჯერ კიდევ შორს არის ჩამოყალიბებისგან. ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა მეტად მცირეა, საზოგადოება, პრაქტიკულად, მხოლოდ მდიდრებად და ღარიბებად იყოფა. სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა დოვლათის უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით.