სომხებმა ჯავახეთისთვის კონსტიტუციაც დაწერეს

სომხებმა ჯავახეთისთვის კონსტიტუციაც დაწერეს

საქართველოს ძირძველი რეგიონის, ჯავახეთის მიმართ სომხეთში არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომ არის ყველას მოეხსენება. მთელი რიგი ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს სომხური მიწაა. და მის სომხეთისთვის დაბრუნებას ითხოვენ. უფრო ზომიერები კი ჯავახეთის ავტონომიაზეც თანახმა არიან.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება კომენტარების გაკეთებისგან თავს არ იწუხებს. ამასობაში იუთუბიზე ჯავახეთის ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა.

 

საქართველოს ძირძველი მხარე კლიპში გამოსახულ რუკაზე ლურჯად არის მონიშნული. კლიპში გამოყენებულ ილუსტრაციებს სომხურ ენაზე დაწერილი ჰიმნის ტექსტი ახლავს. კლიპში ნაჩვენები ე.წ. ჯავახეთის დროშა ფერებით სომხეთის დროშას ჰგავს. ჯავახეთის ჰიმნი ზუსტად ოთხი წუთი და ოთხი წამი გრძელდება.

 

არმენოლოგ ბონდო არველაძისათვის ეს მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ორგანიზაცია "ჯავახკმა" ჯავახეთის კონსტიტუციაც კი დაწერა. ეს 11 წლის წინ მოხდა. რა წერია ამ კონსტიტუციაში, რას გვედავებოდნენ სომხები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს ამ და სხვა თემებზე ბონდო არველაძე "ახალ თაობას" ესაუბრება.

 

 

– ინტერნეტში ჯავახეთის ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა. ეს თავისთავად საგანგაშო ინფორმაციაა. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. არ ყოფილა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწერა ჯავახეთის ავტონომიის კონსტიტუცია. რა გასაკვირია იგივე ძალები ჰიმნსაც თუ დაწერდნენ.

 

ვის მიერ და როდის დაიწერა ეს კონსტიტუცია?

– ეს მოხდა 1998 წელს. ორგანიზაციამ ჯავახკმა გამოაქვეყნა ჯავახეთის ავტონომიის კონსტიტუცია. ეს ე.წ. კონსტიტუცია გამოქვეყნდა გაზეთი "ჯავახში". ეს გაზეთი ამ ორგანიზაციას ეკუთვნის. ამდენად ჩემთვის გასაკვირი სულაც არ არის, რომ მავანმა და მავანმა ჯავახეთის ჰიმნი, დროშა და გერბი შექმნა.

 

ის ე.წ. კონსტიტუცია რას ითვალისწინებდა?

– ამ კონსტიტუციის თანახმად, სომხური ენა რეგიონულ ენად უნდა გამოცხადდეს, საუბარია იმ უფლებებზე, რომლებიც ავტონომიურ ერთეულებს აქვთ. ამასთან ითხოვდნენ, რომ სომეხი ახალგაზრდები ჯარში არ წაიყვანონ.

 

ჯავახკისა და მსგავსი ორგანიზაციების გამოხდომებს ჩვენი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. თქვენი აზრით, ასეთი იგნორირება გამართლებულია?

– მე სხვის რეაქციაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ როცა საჭირო გახდება, მოახდენენ რეაგირებას. მე ჩემი მხრიდან ვცდილობ მეცნიერულად დავადასტურო, რომ რასაც ეს დაშნაკები და ვაი–მეცნიერები ამბობენ, არის სიცრუე. მე ამას ვწერ მომავალისთვის. ხმა რომ არ ამოვიღოთ, წლების შემდეგ სომხები გვეტყვიან, თუ მართლები იყავით ხმა რატომ არ ამოიღეთ. რეაგირება აუცილებელია თორემ ამან შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ვიღაცას ეს განცხადებები შეიძლება სასაცილოდ ეჩვენება, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. არსებობენ სომხეთში ძალები რომლებიც იმუქრებიან, რომ საქართველოს ძალით წაართმევენ ჯავახეთს.

 

რამდენად სერიოზულ ძალას წარმოადგენს ეს ხალხი?

– რამდენად სერიოზული ძალაა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ანტიქართულ განცხადებებს აკეთებენ და იმუქრებიან.

 

ვინ და სად აკეთებს ასეთ განცხადებებს? მოდით დავაკონკრეტოთ.

– ინტერნეტი სავსეა ასეთი განცხადებები. მე გაზეთ "ასავალ დასავალში" 2006 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუს მივაქცევ ყურადღებას. სომხეთში არის ასეთი ორგანიზაცია მოქალაქეთა გაერთიანება სომხურ–არიული ორდენი. მისი თავმჯდომარე გახლავთ ვინმე არმენ ავეტისიანი. მე მის მიერ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას გავაცნობ თქვენს მკითხველს. ავეტისიანი შემდეგ რამეებს ამბობს: "მე არასოდეს დამიმალავს, რომ ჯავახი ძირძველი სომხური მიწაა და ის სომხებს უნდა დაუბრუნდეს. დანარჩენზე მოვილაპარაკებთ". "თუ ომი მოგვიწევს ჯავახეთისათვის უნდა ვიომოთ, რათა სამშობლო დავიბრუნოთ. ჯავახეთი იყო ჩვენი, ახლა არის თქვენი. მოგვეცით მშვიდობიანად, არადა ომი გარდაუვალია". ეს ინტერვიუც ნათლად მოწმობს იმაზე, რომ გარკვეულ ძალებს ძალიან ცუდი ჩანაფიქრი აქვთ ჯავახეთის მიმართ. ეს ახალი ამბავი არ არის. ჯავახეთზე პრეტენზიები სომხებს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს ჰქონდათ.

 

საინტერესოა, რუსებმა როგორ არ აასრულეს მათი მოთხოვნა?

– მაშინ შეიქმნა სათანადო კომისია. ეს კომისია განიხილავდა გიუმრის გუბერნიასთან ჯავახეთის მიერთების საკითხს. ამ კომისიაში 5 კაცი შედიოდა. აქედან 3 სომეხი იყო და 2 არასომეხი. მათ დაადგინეს, რომ როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად ჯავახეთის მიერთება სომხეთთან შეუძლებელი იყო. შემდეგ სომეხმა ბოლშევიკებმა დაიწყეს ამისთვის ბრძოლა.

 

ისინიც ჯავახეთის მიერთებას ითხოვდნენ?

– არა მარტო ჯავახეთის.

 

კიდევ სხვა ტერიტორიებიც მოითხოვეს?

– გასაბჭოების შემდეგ სომეხმა ბოლშევიკებმა მოითხოვეს ჯავახეთის და ქვემო ქართლის ნაწილის მიერთება სომხეთთან. ამაზე ცხონებულმა ივანე ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა წერილი. ამ წერილით დიდმა მეცნიერმა საბჭოთა საქართველოს მთავრობას მიმართა.

 

რას წერდა ივანე ჯავახიშვილი?

– ის წერს, ჯავახეთის და ქვემო ქართლის ნაწილის სომხეთთან მიერთება ყოვლად გაუმართლებელიაო. ჯავახიშვილი ასაბუთებდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება.

 

ბოლშევიკებმა დაუჯერეს ჯავახიშვილს თუ კიდევ იყო რაიმე სხვა მიზეზიც?

– ალბათ ამ წერილმა იქონია გავლენა. ამის გაკეთება რომ არ შეიძლებოდა, ქართველი ბოლშევიკებიც მიხვდნენ. ეს საკითხი დაიბლოკა.

 

ამის შემდეგ თუ იყო კიდევ სომეხი ბოლშევიკებისგან ასეთი მოთხოვნები?

– როცა საბჭოთა კავშირი მომძლავრდა, კონსტიტუციაში შეიტანეს სათანადო მუხლი. ამ მუხლის თანახმად ,ვინც ხალხთა მეგობრობას ჩრდილს მიაყენებდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.

 

გამოდის, რომ ამ მუხლმა შეაჩერა ისინი?

– ასე გამოდის. ხმამაღლა ვერ ითხოვდნენ. თორემ გულის სიღრმიდან ეს მოთხოვნა არასდროს ამოუგდიათ.

 

თავის დროზე, როგორც ამბობენ, მათ ჩვენთვის ერთ–ერთი საპორტო ქალაქის გადაცემაც მოუთხოვიათ.

– ასეთი მოთხოვნაც იყო. ამის ჯერ კიდევ დაშნაკები ითხოვდნენ, გინდა თუ არა, ზღვაზე გასასვლელი გვინდაო. ამაზე მენშევიკებმა უარი უთხრეს.

 

მათ ზღვაზე გასასვლელი ნაწილობრივ მაინც მიიღეს. სოხუმიდან მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ზღვაში გასვლა.

– ეს უკვე სხვა თემაა. საქართველო–რუსეთის ომში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სომხებმა თავი შეირცხვინეს. მე ამ შემთხვევაში აფხაზეთში მცხოვრები სომხები მყავს მხედველობაში. მათ ჩამოაყალიბეს ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი. ომში რომ მონაწილეობდნენ ეს ცალკე თემაა. მაგრამ სხვა საკითხია, რომ ეს ბატალიონი ჟლიტავდა მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას. თან გაჰკიოდნენ აფხაზეთი ჩვენიაო. იძახდნენ "აფხაზეთი, ეს ჩვენი პატარა სომხეთიაო".

 

აფხაზებმა ეს თავგამოდება დიდად არ დაუფასეს. როგორც ამბობენ, აფხაზებში სერიოზული ანტისომხური განწყობაა.

– აფხაზები სომხებით აშკარად უკმაყოფილო არიან.

 

იმასაც ამბობენ, რომ სომხებს აფხაზეთზეც აქვთ პრეტენზიებიო.

– პრეტენზიებზე ვერაფერს მოგახსენებთ. ვიცი, ომის დროს გაიძახოდნენ, აფხაზეთი ეს ჩვენი პატარა სომხეთიო. ახლა ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აფხაზეთში რიცხოვნობით სომხები უფრო მრავლად არიან, ვიდრე აფსუები.

 

ეს დადასტურებული ინფორმაციაა?

– ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის არ დაუდასტურებია. სხვადასხვა წყაროები ამის შესახებ ხშირად წერენ. როგორც მე მითხრეს აფხაზეთზე სომხებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ამის ნიადაგზე გარკვეული დაპირისპირება არის.

 

აფხაზები უკვე ღიად აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მთელ სავაჭრო ობიექტებს სომხები დაეპატრონენ.

– ეს გასაკვირი არ არის. სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია. რაც დრო გავა, ისინი მით მეტ მნიშვნელოვან ობიექტს ჩაიგდებენ ხელში. რამდენადაც მე ვიცი, ფინანსურად ისინი აფხაზებზე უკეთესად არიან.

 

ამბობენ, რომ ამაში მათ რუსეთიც უწყობს ხელს.

– რუსეთი მათ მართლაც უწყობს ხელს. ამიერკავკასიაში რუსეთს ერთადერთი დასაყრდენი ჰყავდა. ეს იყო სომხეთი. ამდენად რა გასაკვირია, რომ რუსები სომხებს შეუწყობენ ხელს. მნიშვნელობა არა აქვს სად იცხოვრებენ ისინი. კრემლში სულელები არ სხედან. მათ კარგად იციან, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათი ერთგულები არიან.

 

აფხაზები არ არიან მათი ერთგულები?

– აფხაზებს ბოლომდე არ ენდობიან.

 

არსებობს მოსაზრებები, რომ სომხებსა და აფხაზებს შორის საქმე შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს.

– მე დარწმუნებული ვარ, მოსკოვი ასეთ რამეს არ დაუშვებს. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა მგონია, რომ უფრო სომხების მხარეს დაიჭერეს.

 

აფხაზებს არ ედობიანო, ზევით თქვით და რატომ არ ენდობიან? ბაღაფში და მისი ხელისუფლება დღედაღამე რუსეთის მზეს ფიცულობენ.

– აფხაზეთში მარტო ბაღაფში და მისი ხელისუფლება არ ცხოვრობენ. რუსებმა ძალიან კარგად იციან აფხაზების განწყობა მთლიანობაში. რამდენიმე წლის წინ ისინი რუსეთს შეიძლება მხარსაც უჭერდნენ. ახლა უკვე მიხვდნენ, რომ ლომის ხახაში შეყვეს თავი. რუსეთის მიმართ აფხაზეთის მოსახლეობის განწყობა შეიცვალა. რუსებმა ეს როგორც უკვე გითხარით კარგად იციან. ამიტომაც მფარველობენ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს ასე ძალიან. შემთხვევითი არც ის არის, რომ სომხების რაოდენობა აფხაზეთში ასე იზრდება.

 

აფხაზეთში სომხები ადრეც ხომ ცხოვრობდნენ.

– ასეთი რაოდენობით არ ცხოვრობდნენ. რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მასობრივად ჩადიან იქ სომხები. ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. მართალია აფხაზები იჩემებენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო, მაგრამ რუსების ნებართვის გარეშე იქ ვერავინ ჩავა. რუსებმა კარგად იციან ვის უნდა ენდონ. ისინი აფხაზებს აღარ ენდობიან. აღარც აფხაზები ენდობიან რუსეთს. 30–40 წლის შემდეგ აფხაზეთში აფხაზები სანთლით იქნებიან საძებარი. თუ დროზე არ დააღწიეს რუსეთს თავი საერთოდ გადაჯიშდებიან.

 

ამ საფრთხეს აფხაზები ვერ გრძნობენ?

– როგორ ვერ გრძნობენ. ჭკვიანი აფხაზები ამ თემაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

 

თუ გრძნობენ საფრთხეს, რატომ არაფერს აკეთებენ რუსეთისგან თავის დასაღწევად?

– რუსეთისგან თავის დაღწევა ასეთი იოლი არ არის. აფხაზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ეს "დამოუკიდებლობა" მათ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ. შედეგს უკვე ხედავენ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო. კიდევ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. რუსეთს თუ დასჭირდა მათ წინააღმდეგ სომხურ კარტსაც გაათამაშებს.

 

ასეთი კარტი, როგორც ამბობენ, რუსეთმა შეიძლება საქართველოშიც გაითამაშოს.

– არაა გამორიცხული. ზემოთაც გითხარით, რომ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მოსკოვს ამიერიკავკასიაში სომხების სახით ერთადერთი დასაყრდენი ჰყავს.

 

თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ანტიქართულად განწყობილი სომზური ორგანიზაციების უკან რუსეთის სპეც–სამსახურები დგანან?

– არაფერი არ არის გამორიცხული. შეიძლება ამ ორგანიზაციების უკან რუსეთის სპეც–სამსახურებიც დგანან. ზოგიერთი ორგანიზაცია და ესა თუ ის პიროვნება საკუთარი ინციატივით მიმართავს ანტიქართულ საქმიანობას. კი, ბევრი ანტიქართული გამოხტომა ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი სომხეთი ასე ფიქრობს. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ძმური ურთიერთობები გვაქვს. თუმცა უვარგისები ყველგან არიან. მე მჯერა, რომ სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს მიმართ დადებითად არის განწყობილი.