ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტარიფის ზრდა იგეგმებოდა, თუმცა მთავრობამ ეს ფაქტი უარყო. თუ ენერგეტიკის სფეროს ექსპეტებს დავუჯერებთ, ახალ მეთოდოლოგიას ის უნდა გამოევლინა, რა დამატებითი კომპონენტები იყო ტარიფში ჩადებული და შესაძლებელი იყო თუ არა ტარიფის კიდევ უფრო დაწევა. თუმცა პირიქით მოხდა - ჯერ გაძვირებაზე დაიწყო ლაპარაკი, ხოლო შემდეგ მთავრობამ ხალხი დაამშვიდა, არსებული ტარიფი შენარჩუნდებაო.
„გუშინ გვქონდა საუბარი სემეკი-ის ხელმძღვანელთან. მიმდინარეობს ტარიფის გადათვლა. ჩვენ გუშინ, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის ეთერში ვნახეთ მიზანმიმართული კამპანია, იმასთან დაკავშირებით რომ ტარიფი იზრდებოდა. ეს არის სიცრუე. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რომელსაც „რუსთავი 2“ აკეთებდა გუშინ, ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება ის შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფიციალური განცხადებით კი 2014 წლის სექტემბერში ვადა გასდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ტარიფთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიამ სემეკს მიმართა განაცხადით ტარიფის გადახედვის თაობაზე.
სემეკის განცხადებით, ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია.
როგორც სემეკი აცხადებს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა ფორუმი ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების პროექტებსა და ელექტრულ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესთან დაკავშირებით და კომისიის ღონისძიების ერთადერთი მიზანი იყო მთავრობის, საზოგადოებისა და ენერგოკომპანიებისათვის გაეცნო პროექტები და პროექტებში ასახული სიახლეები.
რაც შეეხება მედიისათვის გაკეთებულ კომენტარებს, სემეკი აღნიშნავს, რომ ის წარმოადგენს კონკრეტული პირების მოსაზრებებს.
სემეკის განცხადებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“, კომისიაში შემოტანილი აქვს სატარიფო განაცხადი, რომლის განხილვა და ანალიზი მიმდინარეობს კომისიის აპარატში. ტარიფის გაანგარიშება მოხდება ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ცალსახად გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფის დადგენას.
რაც შეეხება ახალ მეთოდოლოგიას, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა განაცხადა - გამჭვირვალე და მისაღებია: „თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს გამომდინარეობს ქსელის მდგომარეობიდან. ასე რომ, თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ნიკოლოვმა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა დარწმუნებულია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგია ქსელების საიმედოობას გაზრდის. მირცხულავა აცხადებს, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, ერთჯერადად არ მოხდეს ტარიფის სწრაფი გაზრდა.
„პირველ რიგში, მე მგონი, მოსახლეობას აინტერესებს რამდენად გონივრულად იხარჯება ის თანხები, რასაც ისინი ელექტროენერგიის საფასურში იხდიან“.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განმარტა ფორუმის მიმდინარეობის დროს, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის.
„ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია, შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ. რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, თუ ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი - ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს. ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება“, - განაცხადა ვალიშვილმა.
ელექტროენერგიის ტარიფი მუდმივად იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 13-17-თეთრს შორის მერყეობს. მეზობელ სომხეთში 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგია 3 ცენტი ღირს, აზერბაიჯანში - 5, რუსეთში - 7, ხოლო თურქეთში - 15-17 ცენტი.
ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში. საბერძნეთში 1კვტ. ელექტროენერგია 11,57 ცენტი ღირს, იგივე ფასია ლატვიასა და ესტონეთში, ლიტვაში ოდნავ მაღალი – 12,29 ცენტი. ჩეხეთში – 16,55 ცენტი, ფინეთში – 17,9 ცენტი, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში – თითქმის 20 ცენტამდე, დაახლოებით ამდენივეა დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში, ყველაზე მაღალი ტარიფია დანიაში – 38,71 ცენტი, მას ოდნავ ჩამორჩება იტალია. საშუალოდ კი, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ტარიფი 14,8 ცენტია.
საქართველოს დაბალმსყიდველობითუნარიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საფასური მაღალია, სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში დიდი მოლოდინები გაჩნდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კომუნალური გადასახადების შემცირება დაგეგმა. საბოლოოდ, ტარიფის შემცირება მხოლოდ მათთვის მოხერხდა, ვინც 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს თვეში. შესაბამისად, საზოგადოების მოლოდინი ბოლომდე ვერ გამართლდა.
ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში მიზეზად ხელისუფლებას, სემეკსა და კომპანიებს შორის გარიგებებს ასახელებს.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ ეს იყო გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა და საქმეში ნაკლები ჩაუხედაობა. გათვლა იყო უფრო პოპულიზმზე და არა, რეალურად ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე, რაც გამოჩნდა კიდეც - ტარიფის განახევრება კი არა, მისი ოპტიმალურ დონემდე დაყვანაც მრავალი სირთულის შემქმნელია.
„შეიძლება, სუბსიდირებულიც კი გავხადოთ, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება - აქ არის ინვესტორის ინტერესი, სახელმწიფოს ინტერესი, რომ ფული არ გადადინდეს სუბსიდირებაში. უკრაინის პრობლემაც ეს არის დღეს, სუბსიდირებული ტარიფები აქვთ და იმას ფიქრობენ, როგორ მოიცილონ ეს ტვირთი თავიდან. ამიტომ ეს პოლიტიკური განცხადებები ხშირად სცილდება ხოლმე სწორ და რაციონალურ პოზიციას და ეს იყო ამ საკითხის არსი, რომ მთელი რიგი პოლიტიკოსების განცხადებებმა შექმნა ის უხერხულობა, რაც არის“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
რაც შეეხება სემეკში გამართულ განხილვას, ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ ეს არის მეთოდიკის შერჩევა, რაც არის ოპტიმალური ზღვარი კომპანიისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის.
„მთავარი ამოცანა დღეს არის მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომ ინვესტორის საქმიანობის მიხედვით გამოვლინდეს ტარიფი. ძალიან ხშირად იყო, როდესაც მემორანდუმში იყო ჩადებული ვალდებულებები, რომელიც ბოლომდე არ იყო შესრულებული. ინვესტორები ცდილობდნენ, ამ შეუსრულებელი პირობების ეკონომიის ხაჯზე მოგების მარჟა დარჩენილიყო მაღალი. ასე იყო თელასის შემთხვევაშიც და ენერგო-პროს შემთხვევაშიც. ისე უნდა მოხდეს, რომ საინვესტიციო პირობებიც შესრულდეს და ინვესტორს მოგებაც დარჩეს, ევროპული მეთოდიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ არავინ არ დაზარალდეს. მთავარია როგორი იქნება სემეკის გადაწყვეტილება“, - მიიჩნევს ლექვინაძე.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ საქართველოში, ტარიფების თემა არის უსიერი ტყე, სიბნელე და აბსოლუტური გაუმჭვირვალობა.
„90-იან წლებში უმძიმესი მდგომარეობა იყო, ჩაბნელებული ქვეყანა, უზარმაზარი კრედიტები ენერგეტიკის მოსაწესრიგებლად და შემდეგ გამქრალი მილიონები. მერე თითქოს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ენერგოსისტემა თანდათან მოწესრიგდა და ტარიფის მინიჭების პრეროგატივა მისცეს სემეკს, რომელმაც ის გაასაიდუმლოვა. საქართველომ გადაიხადა უზარმაზარი კრედიტები, რომელიც მოგვცა დასავლეთმა, იმისათვის, რომ ენერგოსისტემა მოგვეწესრიგებინა. შემდეგ ეს თანხა ჩაიდო ტარიფში და საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფული, რომელიც შეჭამეს ერთეულებმა“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.
როგორც ვაჟა ბერიძე ამბობს, ტარიფის თემა არის საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტარიფი გვაქვს ჩვენ მთელ სამეზობლოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში - ამას ამართლებენ იმით, რომ ნავთობი და გაზი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, ან სხვა მიზეზებით.
ვაჟა ბერიძის განცხადებით, დღესაც ისეთი ვითარებაა, რომ დემოკრატიული გზით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც ხალხს ანგარიშს უწევს, ვერ შეძლო ტარიფების შეცვლა, ამის მიზეზი არის ის მაფიური სისტემა, რომლის დანგრევაც სამწუხაროდ, ერთბაშად შეუძლებელია.
„არ გამკვირვებია, რომ ტარიფი არ შეიცვალა, სხვადასხვა კომპანიები არიან ბაზარზე, ენერგომატარებლების მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს, „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ რუსული კაპიტალია, რომელთანაც წინა ხელისუფლებას ძალიან მჭიდრო, ფარული ურთიერთობები ჰქონდა. ამ უამრავმა პრობლემამ განაპირობა ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ტარიფის შემცირება“.
ვაჟა ბერიძე თვლის, რომ გამოსავალი ერთია, მარეგულირებლების სისტემა, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევით და მათი ფულით ჩამოყალიბდა და უზარმაზარი ხელფასების წყარო გახდა, გარკვეული თვალსაზრისით, არაპირდაპირი კორუფციისაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, უნდა შეიცვალოს, დაიხვეწოს, შემოვიდეს გამჭვირვალობის ელემენტი რათა დავადგინოთ, ვის რა და რატომ ეკუთვნის.
„არ ველოდი, რომ ტარიფი დაიწეოდა, ვიცი რა მაფიოზური სქემები დევს ამ ტარიფის ფორმირებაში, რაც დღმდე მოქმედებს ინერციით. ჯადოქრები არ არიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი, რომ ჯადოსნური ჯოხის აწევით ტარიფი შეცვალონ. უახლოეს მომავალში არც გაძვირებას ველი და არც გაიაფებას“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
რაც შეეხება გამჭვირვალობას, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ის დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ვფიქრობ, რომ ასეთი ნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შეიძლება აღმოაჩნდეს საზოგადოების აქტიურობის შემთხვევაში. საზოგადოება კი სამწუხაროდ, საკმაოდ ინერტულია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ დასავლური დაფინანსება, საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენებას არც კი ცდილობენ.
„ვერ ვხედავ იმ ძალას საზოგადოებაში, რომელიც აიძულებს მთავრობას, რომ პოლიტიკური ნება, რომელიც შინაგანად მას აქვს, გამოხატოს და დააფიქსიროს“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
ასე რომ, გამჭვირვალე, ევროპული მეთოდიკის წყალობითაც კი საეჭვოა, რეალური ტარიფი დადგინდეს, რადგან დაახლოებით 20 წლის მანძილზე დახლართული კორუფციული სქემების შედეგი უკვე ასახულია ტარიფში და მისი ალტერნატივა იქნებოდა, წლების მანძილზე მოპარული და გაფლანგული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ თავზე აეღო, რომელიც ისევ ჩვენი ფულით ივსება. სხვა თემაა ინვესტორები, რომლებიც ვალდებულებებს არ ასრულებენ - ხელისუფლებას სწორედ ამ ნაწილში შეუძლია სიმკაცრის გამოჩენა, რაც შედარებით სამართლიანს გახდის მოსახლეობისა და კომპანიების ურთიერთობას.