არჩევნების დასრულებიდან 3 დღეც არ არის გასული, რომ დედაქალაქში გარევაჭრობის „მოწესრიგება“ ძველი, ნაცადი მეთოდიც დაიწყო. პატრულის აქტიურობას დაპირსიპირებაც მოჰყვა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს საპატრულულო პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ საქმიანობა აუკრძალეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. იგივე სცენარი განვითარდა სამგორის მეტროსთან მდებარე ნავთლუღის ბაზრის მიდამოებშიც.
პატრულის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ვაგზლის ტერიტორიაზე დახლების დაშლისა და ბაზრის ტერიტორიაზე გადანაცვლებისაკენ მოუწოდეს, მაგრამ გარემოვაჭრეებმა ამაზე უარი განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორია კერძოა და გადასახადი ძალიან დიდი, რასაც ისინი ვერ გადაიხდიან. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა თავად სცადეს სახელდახელოდ მოწყობილი კოსტრუქციების დაშლა, რასაც მოვაჭრებთან დაპირისპირება მოჰყვა.
„არჩევნების შემდეგ რა არის შეცვლილი?! ჩემი გაჭირვება ჩემი ვალი, წაიღო არჩევნებმა თუ დამრჩა მე?! დღეს მოვიდნენ და გარემოვაჭრეები აგვყარეს. წინა დღით გავეფრთხილებინეთ, რომ ბანკიდან გამოტანილი ვალებით საქონელი არ აგვეღო“, - განაცხადა გარემოვაჭრე მანანა ჭითანავამ.
გარემოვაჭრეები პერმამენტული აქციებით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუკი ყოველდღიური გადასახადი ორი ლარი იქნება. რეალურად კი დღიური მოსაკრებელი გაცილებით მეტია. შესაბამისად, მოვაჭრეები გადასახადს ვერ აუდიან.
ხმაური იყო ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიროტიაზეც. პატრული, ერთი მხრივ, გარემოვაჭრეების აყრას ცდილობდა, ამ დროს კი ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობით დაკავებულმა პირებმა, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, გზა გადაკეტეს.
მათი განცხადებით, მყიდველი ბაზარში აღარ შედის და მათი პროდუქტის რეალიზაცია აღარ ხდება. მოგვიანებით, სამართალდამცავების კატეგორული მოთხოვნით, გარემოვაჭრეებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს, ხოლო შიდამოვაჭრეებმა გზა გაათავისუფლეს.
აშკარაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემასთან ბრძოლა ძველებული მეთოდებით დაიწყო. ამიტომაც უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის დაკანონებას და ამ პროცესის ცივილურ ჩარჩოში მოქცევას ითხოვს.
„დამთავრდა არჩევნები და გარემოვაჭრეებთან ბრძოლა დაიწყეს ისეთივე მეთოდით, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ხდებოდა. ასეა, ყოველთვის სუსტიდან იწყებენ დევნას და მათი დარბევის შემდეგ შეუტევენ სხვებსაც, ვინც კი ჩვენს ხელისუფლებას არ მოსწონს.
ერთპარტიული მმართველობა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის მტკივნეულად აისახება. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, იძულებულნი ვართ, საპროტესტო აქციებს მივმართოთ, რისთვისაც ზაფხულის სიცხე ხელს ვერ შეგვიშლის. კანონით არსებული ყველა საშუალებით შევეცდები გარემოვაჭრეების უფლებების დაცვას. ამ ხალხს არსებობის ელემენტარული საშუალება არ აქვს და ვერავის დავანებებთ, უკანასკნელი ლუკმაც წაართვან“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
ის კატეგორიულად მოითხოვს გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული კანონპროექტის დამტკიცებას, რომელიც 1 წლის წინათ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ გარევაჭრობა მოწესრიგდეს და არ აიკრძალოს. სხვა შანსი ამ ხალხს არ აქვს“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.