იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლას თუ დროულად არ მიექცა ყურადღება, შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს ჩერნობილის მაგალითის განმეორება, - აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბრისას ასტროფიზიკოსი გოდერძი დიდებულიძე. მისივე თქმით, იაპონიაში მიმდინარე პროცესები მსოფლიო ბუნებრივ პირობებზე გავლენას, ცხადია, მოახდენს, თუმცა ფართო მასშტაბის კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. ასტროფიზიკოსისვე მოსაზრებით, ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლის გამო ჰაერში გაშვებული რადიაციული ელემენტები სხვადასხვა დაავადებებს გამოიწვევს.
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ატომურ ელექტროსადგურებში გამოწვეულმა სერიოზულმა ხარვეზებმა ქვეყნის მასშტაბით ატომურ პროგრამას დიდი საფრთხე შეუქმნა. ”ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ გაზეთი “ნიუ-იორკ-თაიმსი ”წერს.
“ბირთვული ენერგიის კრიტიკოსები დიდი ხანია, ეჭვობენ იმის შესახებ, არის თუ არა საჭირო ატომური ელექტროსადგურების აშენება ისეთ ქვეყნებში, როგორიც იაპონიაა და სადაც მიწისძვრების რისკი საკმაოდ მაღალია. იაპონიაში რეაქტორების მშენებლებმა მიწისძვრები გაითვალისწინეს, მაგრამ პირველადი შეფასებებით, სადგურების დაპროექტებისას ნაკლები ყურადღება გამახვილდა ისეთ სტიქიურ მოვლენაზე, როგორიცაა ცუნამი”, - წერს ამერიკული გამოცემა.
გაზეთის მონაცემებით, სწორედ ცუნამმა და არა მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიყვანა მწყობრიდან ატომური რეაქტორების გასაგრილებელი სისტემები.
ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლა გერმანიაშიც დიდ საფრთხედ მიიჩნიეს და ატომური ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ გერმანელებმა საპროტესტო აქციაც გაიმართეს. “ნიუს.რუ”-ს ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ფედერალური მიწის ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ შტუტგარტიდან ქალაქ ნეკარვესხტაიმდე 45-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს და ამავე ქალაქში მდებარე ატომური ელექტოსადგურის წინ ხელისუფლებისგან ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმა მოითხოვეს.
“ნიუს.რუ” წერს, რომ ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუსიმა-1”-ზე აფეთქება ჩერნობილის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე მასშტაბურ ავარიად იქცეს. სადგური “ნეკარვესხტაიმი” კი ძველებურ და სახიფათო რეაქტორებს იყენებს. ხელისუფლებამ მათი ექსპლუატაციის ვადა 2020 წლამდე გაახანგრძლივა.
რამ გამოიწვია იაპონიაში მიწისძვრა, რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენად საშიშია ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლა მსოფლიოსთვის - ყოველივე ამის შესახებ “მთელი კვირა” ასტროფიზიკოსს, გოდერძი დიდებულიძეს ესაუბრა.
ბატონო გოდერძი, მოგეხსნებათ, იაპონიაში 11 მარტს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება. როგორ ფიქრობთ, რა კატაკლიზმები შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს იაპონიაში მიმდინარე პროცესებმა?
- ისეთი კატაკლიზმები, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენდეს, მოსალოდნელი ნამდვილად არ არის. ეს მიწისძვრები და ცუნამი მხოლოდ ისევ იაპონელებს შეაწუხებს, რაც მალე არ ჩაწყნარდება.
თუ შეიძლება, დაახლოებით მაინც რომ გვითხრათ,რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?
- ნახევარი წელი მაინც გაგრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ მიწისძვრას, ცხადია, გარკვეული დრო სჭირდება ჩაწყნარებისთვის.
რამ გამოიწვია მიწისძვრების ამგვარი გახშირება?
- მოგეხსენებათ, დედამიწა თავისთავად განიცდის, ასე ვთქვათ, თავისებურ ევოლუციას. ეს ცვლილებები კი თანმიმდევრული არ არის. არის განმეორებადი და არაპროგნოზირებადი. ახლა რაც ხდება, ფაქტია, რომ არასასურველია. დროთა განმავლობაში ეს დალაგდება. თუმცა, რა თქმა უნდა, იაპონიაში მიმდინარე ეს კატასტროფები ცოტა უფრო დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო კლიმატზე. ვამბობ “ცოტას”, რადგან დიდი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.
იაპონიაში მიმდინარე კატასტროფებმა დედამიწის ბრუნვის ღერძი 10 სანტიმეტრით გადახარა - ამბობენ სპეციალისტები. ალბათ, ეს გარე სამყაროში გარკვეულ უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს.
- ამან შესაძლებელია გამოიწვიოს გლობალური კლიმატის მცირე ცვლილება. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით არასასურველია ვულკანური ამოფრქვევები, ასევე - ჩრდილოეთის ყინულოვანი მასის დნობა. ანუ ამან შეიძლება კლიმატი, ასე ვთქვათ, ცოტათი შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, მე მეეჭვება, რომ ეს დიდ და კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს.
იაპონიაში გამაგრილებელი სისტემა კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუსიმა 1”-ზე გამოვიდა მწყობრიდან. საუბარია N3-ე რეაქტორზე. რამდენად საშიშია ეს?
- დიახ, ეს საშიშია. იქ რეაქტორის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი მთავარი გაციების სისტემაა. თუ ამ სისტემას დროულად არ მიექცა ყურადღება, შესაძლებელია ამას მოჰყვეს ჩერნობილის მაგალითის განმეორება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეაქტორები იაპონელების მიერ საიმედოდ არის გაკეთებული (არავინ რომ არ მოელოდა მწყობრიდან მის გამოსვლას), გაითიშა ელექტროენერგია, შედეგად - შეწყდა გაგრილების სისტემიდან მიწოდება. იძულებულიები გახდნენ, ცოტ-ცოტა გამოეშვათ ატმოსფეროში რადიაციული ორთქლი. სწორედ ეს არ არის სასურველი ატმოსფეროსთვის. მისი ყველა მიმართულებით გაფანტვა ცოცხალ ორეგანიზმებზე ახდენს გავლენას. იწვევს სიმსივნეს და სხვა ტიპის დაავადებას. მოგეხსნებათ, რადიაციული დაბინძურება სასურველი არანაირად არ არის, რადგან ზედმეტი გამოსხივება ცოცხალ ორგანიზმებზე, უჯრედებზე უარყოფითად მოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეაქტორი, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს, რათა რადიაციული ნარჩენები ატმოსფეროში არ მოხვდეს.
მედიასა და საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ამ თვის 19-ში იაპონიაში უფრო დიდი სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი. რამდენად მართალია ეს?
- ეს ციკლირება ყოვლთვის ხდებოდა და არასდროს კატაკლიზმები არ მოჰყოლია. მთვარე კი ახდენს გავლენას დედამიწისატმოსფეროსა და კლიმატის ზედა ნაწილზე, მაგრამ, თუ შემთხვევითრაღაცა სხვა პროცესები არ დაემთხვა, ეს არის უმნიშვნელო. ანუასეთი რამე (მიწისძვრა, ცუნამი... ) ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ კატაკლიზმები არ მოჰყოლია. ძალიან სამწუხაროა ის, რაც იაპონიაში მოხდა და რაც ახლაც ხდება. იაპონელები თითქოს მზად იყვნენ ყოველივე ამისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნებასთან ყველაფერი უძლურია.