კიბერუსაფრთხოების სემინარი გაიხსნა (ვიდეო)

კიბერუსაფრთხოების სემინარი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ კიბერუსაფრთხოების სემინარი დაიწყო. სემინარი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსმა ანდრია გოცირიძემ და საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პრიიტ ტურკმა გახსნეს.

კიბერუსაფრთხოების სემინარი ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება. ტრენინგში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსების, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, კრიზისების მართვისა და უშიშროების საბჭოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლებს შორის არიან  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები, ესტონელი ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში და ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

სემინარის პირველ დღეს ესტონელმა ექსპერტმა რაულ რიკმა მონაწილეებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების შემთხვევების შესახებ, ვიდეო მასალის გამოყენებით, პრეზენტაცია წარუდგინა. ანდრია გოცირიძემ ესტონელ ექსპერტებს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ორი დღის განმავლობაში, ქართველი და ესტონელი ექსპერტები საერთაშორისო კიბერსივრცეს, კიბერდანაშაულს, ეროვნულ კიბერუსაფრთხოებას, ინფორმაციულ ომსა და უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილებას - ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განიხილავენ, ასევე, ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვასა  და აღნიშნული სფეროს განვითარების პერსპექტივებზე შეჯერდებიან. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტაიმარ პეტერკოპი მონაწილეებს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში  ესტონეთის გამოცდილებას გაუზიარებს.

სემინარი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის, თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ეროვნული თავდაცვის  აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა.