ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიას ასწავლის?!

ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიას ასწავლის?!

ია ანთაძე: ბატონმა ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია...

გასულ კვირას „მაესტროზე“ თავის რეპორტაჟში ვახო სანაიას ქართული ჟურნალისტიკის „მშობელთა“ კრება ჰყავდა მოწვეული.

დღის წესრიგში ერთი საკითხი იდგა - რა შეიძლება მოხდეს, თუ მართალი გამოდგა ხმები, რომ სექტემბრიდან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად ან თანაწამყვანად მოგვევლინოს?!

„მშობლები“, ქართული ჟურნალისტიკის „მამა“ ლაშა ტუღუში და ქართული ჟურნალისტიკის „დედა“, ია ანთაძე, გადაცემის მსვლელობისას მთელი სერიოზულობით, ფრიად აკადემიური, საქმეში ძირისძირობამდე ჩახედული პროფესიონალი ექსპერტების ტონით მსჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მომავალი ტელეგადაცემის და მომავალი „ტელეჟურნალისტის“ ბიძინა ივანიშვილის ბედი, თუ ეს გადაცემა მართლა გავა ეთერში.

ქართული ჟურნალისტიკის მშობლებიო, ვთქვით ზემოთ და არ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით.

საქმე ის არის, რომ საკმარისია, ერთი სიტყვა დაასველოს ვინმემ ჟურნალისტიკაზე, ბატონი ლაშა ტუღუში, როგორც წესი, იქ არის, როგორც ამ საქმის სპეციალისტი და შეუცვლელი ექსპერტი.

ის არის ყველგან - სამთავრობო თუ არასამთავრობო კომისიებში, ტელეგადაცემებში, რადიოგადაცემებში, პრესის ფურცლებზე და თავისი კომპეტენტური აზრებით ანათლებს „არაკომპეტენტურ“ საზოგადოებას.

ყოველივე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ალალი და დაუყვედრებელია ლაშა ტუღუშს ქართული ჟურნალისტიკის მამა დავუძახოთ...

რაც შეეხება დედას, ია ანთაძეს, ისიც სულ ტელეეკრანზე ბრდღვიალებს და დედობრივი მზრუნველობით და სიყვარულით გვასწავლის სხვადასხვა, ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ მეცნიერებათა (იმანაც, როგორც მამა ტუღუშმა, ყველაფერი იცის, ყველაფერში ერკვევა) ანაბანას.

აი, ამიტომ ვთქვით წერილის დასაწყისში, ვახო სანაიამ ქართული ჟურნალისტიკის მშობელთა კრება მოიწვიაო.

”კრებაზე“ პირველი სიტყვა ქალბატონმა იამ წარმოსთქვა:

„ბავშვებს ეცინებათ ხოლმე იმაზე, რაც არის შეუსაბამო. მაგალითაც, ეცინებათ ხოლმე, როცა ცირკში კლოუნს აცვია გაცილებით დიდი ფეხსაცმელი, ვიდრე არის მისი ფეხის ზომა. ასევე ადამიანებს ეცინებათ, როცა ყოფილი პრემიერი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო თავის ქვეყნის განვითარებაზე, ეხლა ამბობს, რომ მე უნდა გავხდე ჟურნალისტი და მე მიმაჩნია, რომ კი, ამ ადამიანებს აქვთ სერიოზული მიზეზი იმის, რომ ეცინებოდეთ, მაგრამ თუ თითონ ბიძინა ივანიშვილი ხედავს ძალიან კარგად, რომ არ არის შეუსაბამობა მის ახლანდელ მიზანსა და მის ძველ მიზნებს შორის, მაშინ სასაცილო არ იქნება ის, რასაც ის გააკეთებს“.

მოგვიანებით დისკუსიაში ისევ ია ანთაძე ჩაერთო და სანაიას კითხვაზე, რაიმე რისკებს ხომ არ ხედავთო, ასე უპასუხა:

„რისკი ყველაზე დიდი არის ის, რომ რამდენადაც მე მესმის, მიუხედავად მისი დამსახურებებისა, რასაც მე ნამდვილად არ უარყვოფ, ბატონმა ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე და მას ეს სრულიად სხვადასხვანაირად გვესმის. და როდესაც ადამიანი არის საზოგადოების პირისპირ და ტელევიზიით ხშირად ხედავს მას საზოგადოება, რისკი სწორედ არის ის, რომ მისი უარყოფითი მხარეებიც ისევე ჩანს და კიდევ უფრო მეტად ჩანს, ვიდრე დადებითი მხარეები და როდესაც ადამიანმა დღეს ცუდად იცის და არ აქვს შესაბამისი ცოდნის სტრუქტურა, რა არის დემოკრატია, რა არის ინსტიტუციების გაძლიერება, რასაკვირველია! ეს ძალიან დიდი რისკია მისთვის“.

ანთაძის ამ დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის შეგონებას რომ ვუსმენდით, ბიძინა ივანიშვილის პირველი ვრცელი წერილის ის ფრაგმენტი გაგვახსენდა, სადაც ია ანთაძეზე ლაპარაკობს:

„დღეს, როდესაც სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, ძნელია გაარჩიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!

ხელისუფლების (აქაც და სხვაგანაც იგულისხმება „ნაცმოძრაობა“-ს.გ.) ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით.

ჩვენ ამ ადამიანებს ყოველდღე ვუსმენთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მათ წერილებს, ინტერვიუებს, რომელიც სიმართლის წარმოჩენას კი არა, სიმართლის მიჩქმალვას ემსახურება და ცხადია, ადამიანებს სწორი არჩევანის და სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას უხშობს.

იმდენად მრავალრიცხოვანია ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი, ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავისი ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე მაინც შევჩერდები.

პირველ რიგში, მინდა დავასახელო, ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს, რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.

ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები.

ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.

კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო?“

(ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ოქტომბერი, 2011 წ.)

ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი ია ანთაძის ვახო სანაიას რეპორტაჟში გამოსვლამდე თითქმის სამი წლით ადრე, 2011 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ამ სამი წლის წინანდელ წერილში ზუსტი და ამომწურავი პასუხია გაცემული „დემოკრატიათმცოდნეობის“ სპეციალისტი ანთაძისთვის.

ქალბატონო ია, თქვენ ვისაც სააკაშვილი პროდასავლელ ლიდერად, ანუ დემოკრატიის გურუდ და მასწავლებლად მიგაჩნდათ, იცით, დემოკრატია რა არის და არ იცის ეს ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ დიქტატორულ-ავტოკრატიული რეჟიმის მიერ გაუბედურებულ ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს ეზეიმა?

ქალბატონო ია, ჩვენ ყველას გვახსოვს და ალბათ, თქვენც გემახსოვრებათ...

2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად მოძალადე ხელისუფლების მხრიდან არაერთი პროვოკაცია, დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა, მაგრამ ერთხელ არჩეული გზისთვის არ უღალატია, რადგან იცოდა, ძალისმიერი მეთოდებით მიღწეულ გამარჯვებას პერსპექტივა არ აქვს. პერსპექტივა აქვს მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას.

შეიძლება ვინმეს ზედმეტად გაზვიადებულად ნათქვამი მოეჩვენოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს ქართველი მაჰათმა განდი, რომელმაც გამარჯვების გზად სიყვარულის გზა აირჩია, სიყვარულის, მიტევების და შემწყნარებლობის გზა.

ყოველივე ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, დემოკრატიის ფასი და თქვენ იცით, ქალბატონო ია, თქვენ, ვინც სააკაშვილს დასავლური ღირებულებების დამამკვიდრებლად და დამნერგავად მიიჩნევთ, იმ სააკაშვილს, რომელსაც 200-მდე პოლიტპატიმარი, 300 000 პრობაციონერი და 25 000 პატიმარი ჰყავდა თავისი „დემოკრატიული“ მმართველობის დროს?

...ქართული ჟურნალისტიკის „მამა“ ქართული ჟურნალისტიკის „დედას“ არ შეპასუხებია და მისი ნათქვამი არ გაუპროტესტებია, არადა, რა დიდი სიბრძნე უნდა იმის დანახვას, რომ 2011 წლიდან დღემდე საქართველო დემოკრატიის გზაზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ატარა საოცარი მოთმინებითა და წინდახედულობით.

ამის დასტურად თუნდაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიც იკმარებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო, თუმცა რატომ იბრმავებენ თვალებს ანთაძეები და კიდევ სხვა ანთაძეები, ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთა შესახებ სხვა დროს და სხვა წერილში ვისაუბრებთ.