საქართველოს რკინიგზის პოტენციალი და აფხაზური მონაკვეთის აღდგენა დრო და დრო განხილვის საგანი ხდება. ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება, თუმცა საუბარი სულ უფრო ხშირდება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსული კომპანიები ქართული რკინიგზით დაინტერესდნენ.
„საქართველოს რკინიგზით დაინტერესებული არიან რუსული კომპანიები და მათი მხრიდან არის წინადადებები, რომ ჩვენი ტრანზიტი გამოიყენონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტისთვის. საუბარია, ნავთობპროდუქტებზე, მაგრამ მხედველობაში მაქვს რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით მოდის. ეს აინტერესებთ რუსულ კომპანიებს და ამ თვალსაზრისით მუშაობენ“, - განაცხადა აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის ინტერესი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენასაც უკავშირდებოდა. ამ საკითხის ირგვლივ მანიპულაციები უკვე დიდი ხანია დაწყებულია, არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, აფხაზეთში და სომხეთშიც.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება და აფხაზეთთან კავშირი არ აქვს.
„ამაზე საუბარი არ არის ჯერჯერობით, რკინიგზის აღდგენა ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ანუ არაფერი საერთო არ აქვს აფხაზეთთან. შესაბამისად, ეს რკინიგზა იქნება თუ არ იქნება, მხოლოდ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების სფეროა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი საუბარი ამ მხრივ არ მიმდინარეობს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ეს საკითხი უფრო მეტად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის კომპეტენციაა.
თუკი ქართველები და რუსები ამ ეტაპზე ხმამაღლა არაფერს საუბრობენ, აფხაზეთში უკვე მიმართვაც კი გავრცელდა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ოღონდ მისი ინიციატორები იქაური „პარლამენტის“ სომეხი ეროვნების დეპუტატები არიან.
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-სპიკერი აფხაზეთის ე.წ. გმირი ვაგარშაკ კოსიანი, ე.წ. მეორე მოწვევის პარლამენტის „დეპუტატი“ აფხაზეთის გალუსტ ტრაპიზონიანი, ე.წ. ლეონის ორდენის კავალერი კარაპეტ კარაგოზიანი და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი მაირომიანი გამოვიდნენ წინადადებით დაიწყოს ფართო განხილვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე.
მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ევრაზიული ინტეგრაციის პროცესები დინამიკურად ვითარდება. სომხეთმა საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე უკვე თანხმობა განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი არსებით მოგებას მოუტანს როგორც ჩვენ თანამემამულეებს, ასევე საბაჟო კავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოს. მივესალმებით სომხეთის არჩევანს, ვინაიდან ევრაზიული ინტეგრაციის კავკასიური ვექტორის განვითარება ზრდის აფხაზეთის შანსებს ამ სტრუქტურებში სუვერენულ სახელმწიფოდ შევიდეს“, - ნათქვამია მიმართვაში.
მათი თქმით, რკინიგზის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის გახსნა არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა.
საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი მოკლედ და კატეგორიულად აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საქართველოს ინტერესში იქნება.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რას ითვალისწინებს ჩანაწერი ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ეხება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ღონისძიებების გატარებას. საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რას ნიშნავს ეს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ახალ მიდგომებს ავითარებს ყველა მიმართულებით.
„ძალიან მალე გაიგებთ იმ ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ არის და ამის შესახებ სომხეთის პრეზადენთან შეხვედრის შემდეგ განცხადებაც გააკეთა.