დენის გაძვირება თითქმის გადაწყვეტილია

დენის გაძვირება თითქმის გადაწყვეტილია

ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა და გარიკვა, რომ ელექტროენერგია შესაძლოა გაძვირდეს. მედიის წარმომადგენლები ამას კარგა ხანია ეჭვობდნენ და ეს ეჭვი ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გაამყარა.

როგორც მარიამ ვალიშვილი აცხადებს, ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რომ დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.

ვალიშვილის თქმით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილის თქმით, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზარდა ნამდვილად არ მოხდება.

„ტარიფი, პრაქტიკულად, არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია. შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ. რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი - თუ, ვთქვათ, ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს.

ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება“, - განაცხადა ვალიშვილმა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიი წევრმა გოჩა შონიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

„ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ“, - განაცხადა გოჩა შონიამ.

ასეთი ზოგადი ფრაზები და მინიშნებები თითქმის ადასტურებს, რომ ტარიფის ზრდა ნამდვილად მოხდება და ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება. უკვე პირველი სექტემბრიდან უნდა გადაიხედოს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის ტარიფი. საქმე ისაა, რომ „ენერგო პროს“ განაწილების ტარიფი 2014 წლის პირველ სექტემბრამდე მემორანდუმით იყო განსაზღვრული. ვადის ამოწურვის შესაბამისად, კომპანიამ სემეკს განაწილების ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის მიმართა. ამჟამად შესაბამის დეპარტამენტში განაცხადის ანალიზი მიმდინარეობს.

გამორიცხული არ არის ელექტროენერგია მხოლოდ რეგიონებში გაძვირდეს, რადგან თბილისის სადისტრიბუციო კომპანია „თელასს“ სემეკისთვის არ მიუმართავს და საერთოდაც ამ კომპანიასთან ტარიფი 2025 წლამდე მემორანდუმით არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ დენი გაძვირდება იქ, სადაც უფრო დიდი სოციალური პრობლემებია - რეგიონებში ხომ ხალხს უფრო უჭირს, ვიდრე დედაქალაქში.

ენერგეტიკის სამინისტრო ახლა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა და ამ საკითხში ის დამოუკიდებელია, თუმცა ყველას ახსოვს წელიწადნახევრის წინ კალაძის უწყების კატეგორიული პოზიცია წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად. მაშინ დენის ტარიფი ისე შეამცირეს, სემეკისთვის აზრიც არავის უკითხავს. მან მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა. ახლა, როცა ელექტროენერგიის გაძვირებაზე მიდგა საქმე, სამინისტრო განზე გადგომას ამჯობინებს.