აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ახალი მასალები
,,ვერსია’‘ განაგრძობს იმ მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას გადასცა. სავარაუდოდ, ამ მასალების გამო, თბილისის ექსმერს, გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდება. ამჯერად, თბილისის მერიის მიერ 2009-2011 წლებში ქალაქის გამწვანების პროგრამების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ. თბილისის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე, დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების წერილების შესაბამისად, ქალაქის გამწვანების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს (ააიპ) ,,თბილისის განვითარების ფონდს’‘, ააიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა’‘ და შპს ,,თბილისის პარკებს’‘ 2010-2011 წლებში სხვადასხვა კაპიტალური და მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, 1 532 900 ლარი გადაურიცხეს. ამ თანხიდან ყველაზე სოლიდური - 1 200 000 ლარი ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდს’‘ ხვდა. გადარიცხული თანხები გატარებულია და ნაჩვენებია ქალაქგამწვანების ღონისძიებების საკასო ხარჯებში, მაგრამ ეს თანხა, პრაქტიკულად, ააიპ-ებმა და შპს-ებმა გახარჯეს, რის გამოც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა, ამ ხარჯების აუდიტი ვერ განახორციელეს.
დარღვევები ქალაქი სგამწვანებაში
2009-2011 წლებში, თბილისის გამწვანების ღონისძიებებზე, დედაქალაქის ბიუჯეტით, 42 938 900 ლარი განისაზღვრა. ამ პერიოდში ბიუჯეტში 61 ცვლილება განხორციელდა და გამწვანების ღონისძიებებისთვის საჭირო თანხაც 30 162 800 ლარამდე შემცირდა. 2009 წელს, თბილისის გამწვანების პროგრამაზე დამტკიცებული ბიუჯეტი 17 000 000 ლარით განისაზღვრა, ცვლილებების შემდეგ კი 6 186 600 ლარამდე შემცირდა. 2009-2011 წლებში, გამწვანების ღონისძიებებზე 481 შესყიდვა განხორციელდა, მათ შორის, ტენდერის საშუალებით - 243 (მთლიანი შესყიდვების 51%), ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით - 174 (36%), გამარტივებული შესყიდვით - 7 (1%), ფასთა კოტირებით - 41 (8%) და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით - 16 შესყიდვა (3%). 2008 წელს, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე გზის გამყოფი ზოლების სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა, რომელიც შპს ,,ნოვამ’‘, შპს ,,წყალკანალრემშენმა’‘, ი/მ ,,ალექსანდრე გუგულაშვილი - მეტეხმა’‘, შპს ,,პარმამ’‘ და შპს ,,აგრონოვაციამ’‘ შეასრულეს. ამ სამუშაოებზე, ჯამში, 3 277 900 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, განაპირა მარცხენა და მარჯვენა ზოლებში - 2 585 400, შუა გამყოფ ზოლში კი, - 692 500 ლარი. თბილისის მერიის მიერ გაწეული ხარჯის - 2 585 400 ლარის მიუხედავად, განაპირა ზოლებზე სარწყავი სისტემა აუდიტის პერიოდში არ ფუნქციონირებდა, რაც დასტურდება მერიის თანამშრომელთა განმარტებებით, ვიზუალური დათვალიერებითა და სხვა დოკუმენტებით. აუდიტით დადგინდა, რომ 2009-2011 წლებში, აღნიშნული ტერიტორიის მორწყვა მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამისთვის საჭირო ხარჯები არ ფიქსირდება. სარწყავი სისტემის გამოუყენებლობის მიზეზად აუდიტები, სავარაუდოდ, ამ სისტემის უხარისხოდ დამონტაჟებას, დატაცების ან დაზიანების ფაქტებს ასახელებენ, თუმცა კონკრეტული მიზეზი იმის გამო ვერ დადგინდა, რომ სახელმწიფო აუდიტორებს თბილისის მერიაში სარწყავი სისტემის გამოუყენებლობის ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინეს. დიღმის ტყე-პარკისა და ტექსელის სახელობის სკვერში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე შპს ,,გრდემლთან’‘, 2007 წლის ნოემბერში, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 458 100 ლარის სამუშაოებიდან შესრულდა და ანაზღაურდა 68 000 ლარის სამუშაოები, თუმცა მერიამ სახელმწიფო აუდიტორებს ვერც ამ სამუშაოების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. 2010 წელს, თბილისის მერიამ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და ,,რკინიგზელთა სახლის’‘ უკან მდებარე სკვერის მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 549 600 ლარი იყო, რომელშიც შპს ,,ბაზალტ იმპულს 2008’‘-მ გაიმარჯვა. თავდაპირველად, ყველაზე დაბალი ფასი - 1 026 700 ლარი ტენდერში მონაწილე შპს ,,ალიანსმა’‘ წარადგინა, ხოლო შპს ,,ბაზალტი იმპულს 2008’‘-მ 1 107 100 ლარი დააფიქსირა. ვაჭრობის მომდევნო ეტაპზე, პრეტენდენტებმა ფასები შეამცირეს და საბოლოოდ, ასე დააფიქსირეს: შპს ,,ალიანსი’‘ - 1 000 000 ლარი, შპს ,,ბაზალტი იმპულსი 2008’‘ კი - 912 000 ლარი. შპს ,,ბაზალტი იმპულსი 2008’‘-ს, შპს ,,ალიანსთან’‘ შედარებით, ძირითად სამუშაოებში შედარებით მაღალი ფასები ჰქონდა წარდგენილი, მაგრამ ტენდერში იმიტომ გაიმარჯვა, რომ რიგ სამუშაოებში, ,,ალიანსთან’‘ შედარებით, არარეალურად დაბალი ფასები დააფიქსირა. მაგალითად, ბილიკების ბეჭდური ბეტონით მოწყობის სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 271 800 ლარი იყო, ვაჭრობსი დროს, ,,ალიანსმა’‘ 208 900 ლარი, ,,ბაზალტი იმპულსი 2008’‘-მ კი 50 300 ლარი დააფიქსირა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე ხუთჯერ ნაკლები ფასი იყო! თბილისის მერიასა და ,,ბაზლატი იმპულსი 2008’‘-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვიდან, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, პარკის ცალკე მდგომი სკამების, დეკორატიული სანაგვე ურნების, წყლის დასალევი შადრევნების, დეკორატიული ქოთნებისა და საბავშვო მოედნის სათამაშო ინვენტარისთვის განკუთვნილი, 97 800 ლარის ღირებულების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები ამოიღეს. 2010 წლის დეკემბერში, მერიის მიერ აღნიშნული საქონლის შეძენაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში სავარაუდო ღირებულება 319 900 ლარით განისაზღვრა. ტენდერის საშუალებით, ოღონდ კონკურენციის გარეშე, აღნიშნული საქონელი თბილისის მერიას 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორებით ანუ 303 800 ლარად, შპს ,,ლენდსკეიპ.ჯე’‘-მ მიაწოდა. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,ბაზალტი იმპულსი 2008’‘-მ, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 823 400 ლარის სამუშაოებიდან, ვადების დარღვევით, მხოლოდ 97 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. ამასთან, კომპანიამ 248 300 ლარის ისეთი სახის სამუშაოები აღარ შეასრულა, რომლებზეც ტენდერში ვაჭრობის დროს, კონკურენტთან შედარებით, დაბალი ფასები დააფიქსირა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ბაზალტი იმპულსი 2008’‘-ს თბილისის მერიამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა და ვადაგადაცილებული დღეების გამო, პირგასამტეხლოს სახით, 23 500 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას უფლება ჰქონდა, ამ კომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრებინა, რაც მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე, 24 700 ლარს შეადგენდა.
ტენდერების არაგონივრულად მაღალი ფასები
2009-2011 წლებში, ქალაქგამწვანების ღონისძიებებისთვის, სხვადასხვა სახის მომსახურებასა და მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვების დროს, მერიის შესაბამისი სამსახურები დადგენილი სავარაუდო ღირებულებების გამოთვლისას, შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასებს ყურადღებას არ აქცევდნენ. თბილისის მერიის მიერ, სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი საბაჟო მონაცემების შესაბამისად, მაღალი ფასნამატების მიხედვით, აღსანიშნავია ექვსი კომპანია, რომელთანაც სხვადასხვა სახის მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვაზე 14 ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიებმა თბილისის მერიას მიაწოდა საქონელი, რომელთა ღირებულება, საბაზრო ფასებთან შედარებით, 50%-დან 150%-მდე მეტი იყო. 2009 წელს, გარე განათების ბოძებზე, ქოთნის ყვავილების მოწყობის, ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსებისა და მათი შემდგომი მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვაზე, შპს ,,ევროპლანტ ჯორჯიასთან’‘ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიისთვის მიწოდებული საყვავილე კონსტრუქციების ღირებულება 166 700 ლარი იყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,ევროპლანტ ჯორჯიამ’‘ საყვავილე კონსტრუქციები შპს ,,მლ იმპორტისგან’‘ 133 500 ლარად შეიძინა. თავის მხრივ, შპს ,,მლ იმპორტმა’‘ კი ეს კონსტრუქციები ჩინეთის რესპუბლიკიდან 99 600 ლარად შემოიტანა. საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, ორივე კომპანიის საერთო ფასნამატმა 67 100 ლარი შეადგინა, ორივე კომპანიის მოგება კი, ჯამში, 67% იყო. 2010-2011 წლებში, საბავშვო მოედნებისთვის საჭირო სათამაშო მოწყობილობებისა და საბაღე ინვენტარის ძირითადი მომწოდებელი შპს ,,ლენდსკეიპ.ჯე’‘ იყო, რომლისგანაც თბილისის მერიამ, 50%-დან 100%-მდე წინასწარი ანგარიშსწორებით, 1 228 200 ლარის ღირებულების ინვენტარი და მოწყობილობა შეისყიდა. შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება - 1 127 100 ლარი ტენდერში მხოლოდ 3.1%-ით ანუ 34 400 ლარით შემცირდა. ამ შესყიდვების ფარგლებში, ,,მზიურის’‘ პარკის ტერიტორიაზე, საპარკე სკამების მოწყობა-მონტაჟის სამუშაოებზე, 2011 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ მერიას 596 500 ლარის ღირებულების, 6 დასახელების საპარკე სკამი მიაწოდა. საბაჟო მონაცემების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტებმა დაადგინეს, რომ ამ სკამების შესყიდვაზე შპს ,,ლენდსკეიპ.ჯე’‘-მ 371 700 ლარი გადაიხადა, კომპანიის ფასნამატი კი 224 800 ლარი იყო. 2011 წლის აგვისტოში, შპს ,,ლენდსკეიპ.ჯე’‘-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ 2011 წლის დეკემბერში, მერიას 60 900 ლარის ღირებულების, სხვადასხვა სახის საბავშვო ატრაქციონი მიაწოდა, რომელთა საბაზრო ფასი მხოლოდ 35 500 ლარი იყო, კომპანიის ფასნამატმა კი 25 400 ლარი შეადგინა. 2010 წლის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულებით, ამავე კომპანიამ სათამაშო მოწყობილობები მერიას 58 400 ლარად მიაწოდა. საბაჟო დოკუმენტებით კი, მათი ღირებულება 42 200 ლარი იყო და შესაბამისად, ,,ლენდსკეიპ.ჯე’‘-მ 16 200 ლარით იხეირა. 2009 წლის ნოემბერში, თბილისის მერიასა და შპს ,,კავკასპაკს’‘ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, გამწვანების ღონისძიებების მუხლით, 2009 წლის დეკემბერში, ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გიგი უგულავას უწყებამ 184 500 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების საახალწლო დეკორაციები შეისყიდა. რეალურად კი, საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, ამ დეკორაციებში კომპანიამ 132 600 ლარი გადაიხადა და 51 900 ლარით იხეირა. 2009-2011 წლებში, გამწვანების ღონისძიებებზე გამოცხადებული ტენდერებიდან, თბილისის მერიასა და შპს ,,გრინსერვისს’‘ შორის გაფორმებული 6 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ კომპანიამ მერიას საქონელი 50%-დან 150%მდე ფასნამატით მიაწოდა. 662 000 ლარის საქონლის ფასნატმა, ჯამში, 303 600 ლარი შეადგინა. 2009 წელს, ,,გრინსერვისმა’‘ თბილისის მერიას მცენარეები 75 900 ლარის ფასნამატით მიაწოდა, 2010 წელს კი - 79 500 ლარის ფასნამატით. 2011 წელს, ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში, ,,გრინსერვისმა’‘ მერიას დაუსაბუთებლად მაღალი ფასნამატით მიაწოდა საქონელი. კერძოდ, ტიტის ბოლქვები - 150%-იანი ფასნამატით, რულონური გაზონი - 114%-იანი, მცენარეები - 70%-იანი და ქოთნის ყვავილები - 61%-იანი ფასნამატით. 2011 წელს, ,,მზიურის’‘ პარკის ტერიტორიაზე, გარე განათების სანათების თანმდევი მომსახურებით შესყიდვაზე, მერიამ ხელშეკრულება შპს ,,ანგ და კომპანიას’‘ გაუფორმა, რომლის ღირებულება 447 900 ლარი იყო. ხელშეკრულება სხვადასხვა სამუშაოს მოიცავდა, მათ შორის, სანათების მიწოდებას. კომპანიამ აღნიშნული საქონელი მერიას 259 500 ლარად მიაწოდა, საბაჟო დოკუმენტების მიხედვით კი, ,,აბგ და კომპანიამ’‘ ეს სანათები 106 600 ლარად შეისყიდა ანუ ფასნატმა 152 900 ლარი შეადგინა.
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა
გამწვანების ღონისძიებებზე შესრულებული სამუშაოების 43% ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე მოდის. ამ მიამრთულებით რამდენიმე სახის სამუშაო შესრულდა, მათ შორის, ტერიტორიის დასუფთავება, მორწყვა, გათიბვა, გათიბულის შეგროვება და გატანა. 2009-2011 წლებში, ამ მიზნით, თბილისის მერიამ 12 578 900 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური დოკუმენტაციის ურთიერთშედარებით, მოსავლელ ტერიტორიაზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასა და ინტენსივობაში მთელი რიგი განსხვავებები გამოვლინდა. 2010-2011 წლებში ჩატარებული ტენდერების მასალებში დაფიქსირებული, კონკრეტული ტერიტორიების ფართები და მოვლა-პატრონობის ჯერადობები 2009 წლის მონაცემებისგან განსხვავდება. მაგალითად, 2009 წელს, დიღმის ტყე-პარკის დასასუფთავებელ ფართად მითითებული იყო 185 000 კვადრატული მეტრი, 2010 წელს კი - 100 000 კვ.მ; 2009 წელს, დასუფთავების ინტენსივობა განსაზღვრული იყო ორ დღეში ერთხელ, 2010 წელს - 18 დღეში ერთხელ; ოქროყანის უბანზე, 2009 წელს, დასასუფთავებელ ფართად მინიშნებულია 150 000 კვ.მ, 2010 წელს კი - 68 000 კვ.მ. 2009-2011 წლებში, გამწვანების ღონისძიებებზე ჩატარებულ შესყიდვებში ერთ-ერთი მიმწოდებელი შპს ,,გრინსერვისი’‘ იყო. 2009 წელს, მერიის მიერ განხორციელებული 7 998 300 ლარის შესყიდვიდან, ,,გრინსერვისმა’‘ 1 596 800 ლარის საქონელი და მომსახურება მიაწოდა, რაც მთლიანი შესყიდვების 20% იყო. 2010 წელს, 18 827 300 ლარის შესყიდვებიდან, ,,გრინსერვისისა’‘ და მისი დამფუძნებლების მიერ, 2010 წლის ივნისში შექმნილმა ,,გრინსერვის პლუსმა’‘, 3 426 300 ლარის საქონელი და მომსახურება მიაწოდა. 2011 წელს განხორციელებული 11 174 500 ლარის შესყიდვებიდან, ტენდერზე 5 435 700 ლარით, გამარჯვებულად შპს ,,გრინსერვისი’‘ გამოცხადდა. 2010-2011 წლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ 29-ლოტიან ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 4 619 800 ლარი იყო, 5 ლოტში გამარჯვებულად ,,გრინსერვისი’‘ გამოვლინდა, რომელმაც 2 166 700 ლარის ღირებულების სატენდერო წინადადება წარადგინა. მოვლა-პატრონობის მომსახურებაში გათვალისწინებული იყო ხე-მცენარეების მოსარწყავად საჭირო, 1 248 300 ლარის ღირებულების წყალი. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ, მთლიანობაში, 1 179 300 ლარის სამუშაო შეასრულა. სახელშეკრულებო ღირებულება კი წყლის ღირებულების ხარჯზე შეამცირა - წყლის გამოუყენებლობის ფაქტები აეროპორტის გზაზე გამოვლინდა. არადა, ამ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის გაუმართაობის შესახებ, მერიაში თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ. ამავე ხელშეკრულებით, აეროპორტის ტრასის შუა ზოლზე, 40 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიის დასუფთავება, დაფოცხვა, ნაგვის შეგროვება და გატანა, 2010-2011 წლებში, თვეში რვაჯერ იყო გათვალისწინებული. 2011 წლის ბოლოს, იგივე კომპანიასთან, ანუ ,,გრინსერვისთან’‘ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანალოგიური სამუშაოების შესრულება, 2012-2013 წლებში, ყოველდღიურადაა გათვალისწინებული. 2010-2011 წლებში, ამ ტერიტორიების დასუფთავების ღირებულება, ყოველწლიურად, 36 000 ლარით განისაზღვრა, 2012-2013 წლებში კი - 189 000 ლარით! 2009-2011 წლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, ქალაქის ტერიტორიაზე 5 065 ძირი ხეა მოჭრილი, გადაბელილ-ფორმირებულია 4 489 ძირი ხე, რისთვისაც 790 000 ლარი გაიხარჯა. ამავე პერიოდში, მერიასთან ერთად, იგივე სამუშაოებს თბილისის რაიონული გამგეობებიც ასრულებდნენ, რომლებმაც 4 376 ლარად, 13 096 ძირი ხე მოჭრეს. მერიისა და გამგეობების მიერ განხორციელებული შესყიდვების გარდა, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე, თბილისის მერიამ ნებართვა გასცა 1 932 ძირი ხე-მცენარის მოჭრაზე. ქალაქის რიგ უბნებში, აღმაშენებლის გამზირსა და რიყის ტერიტორიაზე, ხეების ჭრას ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდიც’‘ ახორციელებდა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორებს ამ ფონდის მიერ მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს. 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტომდე, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების მიმართვების საფუძველზე, მშენებლობის მიზეზით, დედაქალაქში 597 ძირი ხე მოჭრეს. მერიამ ნებართვა გასცა 539 ძირ ავარიული და ზეხმელი ხე-მცენარეის მოჭრაზე. მშენებლობის მიზეზით მოჭრილი ხეების ზიანის ანაზღაურება მერიას არ მოუთხოვია; ავარიული და ზეხმელი მცენარეების მოჭრისთვის კი, 2009-2011 წლებში, საკომპენსაციო ღირებულების თანხა მხოლოდ 32 ძირზე მოითხოვა. თბილისის მერიამ ავარიული და ზეხმელი ხეების მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტორებს ვერ წარუდგინა. 2011 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 1 იანვრამდე, მშენებლობის მიზნით, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს 874 ძირი ხის მოჭრის ნებართვაზე 96 800 ლარის ოდენობის საკომპენსაციო გადასახადი უნდა გადაეხადათ. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა მხოლოდ 46 800 ლარის კომპენსაცია გადაიხადეს, დარჩენილი 49 900 ლარი კი გადახდილი არ არის. თბილისის რაიონებიდან მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ მერიასთან შედარებით, რაიონების მიერ ერთი ხის მოჭრის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესყიდვისას გაწეული ხარჯი ორჯერ და სამჯერ აღემატება მერიის მიერ გადახდილ თანხას. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ მიზნით, თბილისის რაიონებმა 4 376 ლარის ღირებულების სამუშაოები შეისყიდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აუდიტის პერიოდში, მერიის მიერ წარდგენილი მონაცემებით დადგინდა, რომ შპს ,,მზიური აკვამ’‘ 29 ძირი ხის მოჭრაზე, 2011 წლის სექტემბერში გაცემული ნებართვის შესაბამისი საკომპენსაციო ღირებულება - 3 783 ლარი და მოქალაქე გ. ჯაფარიძემ, 2011 წლის სექტემბერში გაცემული ნებართვის შესაბამისი საკომპენსაციო ღირებულება - 1 050 ლარი მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობისას ანუ 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გადაიხადე! 2011 წელს, მერიისთვის მიწერილ წერილში, შპს ,,ლისი ფო’‘ ნებართვას 96 ძირი ზრდასრული, წიწვოვანი ხე-მცენარეების გადარგვაზე ითხოვდა. წერილის პასუხად, გამწვანების სამსახურმა გადარგვის ნაცვლად, ნებართვა ხეების მოჭრაზე გასცა. სანაცვლოდ, კომპანიას საკომპენსაციო თანხის - 21 600 ლარის გადახდა და საგაზაფხულო რგვის დროს, 500 ძირის ნერგის დარგვა დაეკისრა. აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ ,,ლისი ფომ’‘ საკომპენსაციო თანხა - 21 600 ლარი გადაიხადა, მაგრამ 500 ძირი ხის ნაცვლად, ამჟამად მხოლოდ 320 ძირია დარგული. 2009 წელს, შპს ,,ევროპლანტ ჯორჯიასა’‘ და შპს ,,კავკას პაკისგან’‘ თბილისის მერიამ 284 900 ლარის ღირებულების სფეროსებრი და კონუსის ფორმის, ტერასული საყვავილე კონსტრუქციები, ასევე, საახალწლო დეკორაციები (სახლები, ცხოველებისა და სხვადასხვა საგნის ფიგურები) შეისყიდა. ღირებულებებისა და მოხმარების ვადებიდან გამომდინარე, ეს კონსტრუქციები მრავალჯერადი გამოყენებისაა, რადგან ძირითად აქტივებს განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერიამ ისინი მხოლოდ ერთჯერადად, 2009 წელს გამოიყენა.