ვინ უნდა იყოს მოადგილე

ვინ უნდა იყოს მოადგილე

"ქართული ოცნება" სხვადასხვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოსტის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში თბილისის საკრებულოში გასულ "ოცნების" წევრებს ოპოზიციისათვის თანამდებობების გაყოფა არ სურთ იმ მიზეზით, რომ პასუხისმგებლობა მათმა კოალიციამ აიღო და სხვა პარტიის მიერ საქმის "გაფუჭების" შემთხვევაში პასუხს მათ მოთხოვენ. ცნობისათვის, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ მმართველ პარტიას მიმართა მოწოდებით, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა რეგიონში საკრებულოების თავმჯდომარის მოადგილეებად მისი წარმომადგენლები დანიშნოს. რეგიონებში გაუნაწილებს თუ არა მმართველი პარტია მოადგილის თუ სხვა სახის თანამდებობებს ოპოზიციური კვოტით გასულ დეპუტატებს, უცნობია. თუმცა, რამდენიმე რაიონში "ქართული ოცნების" წევრებმა "რეზონანსს" განუცხადეს, რომ თუკი კანონი დაავალდებულებს, მაშინ თანამდებობებს შესთავაზებენ, სხვა შემთხვევაში - არა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ უნდა იყოს მოადგილე / ბურჯანაძემ ყველა საკრებულოში თითო მოადგილე მოითხოვა.

"მაგალითად, მარტვილში, სადაც "ნაციონალური" მმართველობის დროს საკრებულოს მოადგილის თანამდებობა "ნაციონალს" ეჭირა, "ქართული ოცნებაც" იგივე პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს. მმართველი კოალიციის დეპუტატი ხვიჩა ახვლედიანი აცხადებს, რომ ადრე, როდესაც "ნაციონალები" "მეფობდნენ", ისინი თანამდებობებზე არავის "აჭაჭანებდნენ" და ახლა მათ რატომ უნდა შეთავაზონ ოპოზიციონერს პოსტი?! "ადრე "ნაციონალები" მეფობდნენ და მოადგილეც "ნაციონალი" იყო. თუკი ვინმე ოპოზიციონერი სადმე თანამდებობაზე დაინიშნა, ისიც ისეთი პირი იქნებოდა, ვინც რეალური ოპოზიციონერი სულაც არ იყო... დღეს სხვა სიტუაციაა. "ნაციონალების" დროინდელი განუკითხაობა არ არის. ძალიან ბევრი რამ არის ანგარიშგასაწევი და არ მგონია ასეთი რაღაც-რაღაცეები იყოს... ხალხმა ამდენი იწვალა და ვიღაც ოპოზიციონერი რატომ უნდა იყოს მოადგილის თანამდებობაზე?! თუ კანონით ეკუთვნის, სხვა საქმეა", - ამბობს ხვიჩა ახვლედიანი.

"კანონის მიხედვით, საკრებულოს უმრავლესობა ვალდებული არ არის მოადგილის პოსტი თუ სხვა თანამდებობები ოპოზიციურ კანდიდატს შესავაზოს და თუკი ოპოზიციონერი დეპუტატები თანამდებობის გარეშე დარჩებიან, კანონი არ დაირღვევა. ამ კანონს ბოლომდე იცავდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი მმართველობის პერიოდში და არცერთ რაიონში ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არ დანიშნულა. გამონაკლისი გაკეთდა თბილისის საკრებულოში 2010 წლის აჩევნების შემდეგ, როდესაც საკრებულოს ორი მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიციური დეპუტატები დაინიშნენ. ცნობისათვის, კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია რეალურ ოპოზიციურ ძალის კანდიდატს უნდა შესთავაზოს, რეალურ ოპოზიციაში კი მან საკუთარი პოლიტიკური გუნდი იგულისხმა", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მისი კოალიცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს არ დაასახელებს, რადგან არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო და ბუნებრივია, საკრებულოს თავმჯდომარე იმ გუნდიდან უნდა იყოს, რომელმაც მეტი ხმა მოიპოვა და რომელმაც მოიგო არჩევნები. "რაც შეეხება მოადგილეს, ვფიქრობ, რომ არა მარტო თბილისში, არამედ ყველგან რაიონებში, თავად "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოადგილის სტატუსი შესთავაზოს რეალურ ოპოზიციურ ძალას, ანუ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კოალიციის წარმომადგენლებს. იმედია, რომ "ნაციონალებზე" უარესად არ მოიქცევა "ქართული ოცნება", თუმცა, თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენთვის ესეც არ არის ტრაგედია. ჩვენ თანამდებობები გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი საქმე გავაკეთოთ და არა იმისთვის, რომ სხვებივით მაინცდამაინც კაბინეტები მოიწყონ ჩვენმა წარმომადგენლებმა, ან მანქანებით იარონ და მაღალი პრემიები დაინიშნონ. ვნახოთ, "ქართული ოცნების" დემოკრატიულობის ხარისხი ამაშიც გამოჩნდება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა ამბობს, რომ ამ ოთხი რაიონის გარდა მათი ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა მცხეთაში, ლაგოდეხში, ბაზბეგში, ჯამში დაახლოებით 15-მდე რაიონში არიან მეორე ადგილზე გასულები. როგორც ვეკუა აცხადებს, 2006 წლის თვითმამართველობის არჩევნებზე ყველა თანამდებობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" წაიღო, ოპოზიციას არაფერი შესთავაზა. 2010 წლის არჩევნების შემდეგ კი თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის სამი თანამდებობიდან ორი ოპოზიციას მისცეს. მისი განცხადებით, მათი ინფორმაცია აქვთ, რომ "ქართული ოცნება" არცერთი ოპოზიციური პარტიისათვის თანამდებობის განაწილებას არ აპირებს. "ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის გამო ისე არიან სკამებზე დახარბებულები, რომ თანამდებობებს არავის შესთავაზებენ. "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიით 45% აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ მან "ნაციონალების" მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსი არ შეცვალა, საკრებულოებში მათი დეპუტატები 75%-ით არიან წარმოდგენილები. ჩვენ ვიცით, რომ "ოცნება" მოადგილეებისა 12-ვე კომისიას ხელმძღვანელების დაკომპლექტებას საკუთარი კოალიციის დეპუტატებით აპირებენ. ეს ნონსესია. გამოდის, რომ იმ 55%-ზე, რომელმაც შენ მხარი არ დაგიჭირა, უარს ამბობ. ეს ადამიანური გადაწყვეტილება არ არის. ეს ხელის გადაგრეხვაა და ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსები. ესენი ძალიან ცუდად დაამავრებენ და თუკი "ნაციონალებს" 9 წელი დასჭირდათ ჩიხში გადასაჩეხად, ამ ჩიხთან მირბენა ამათმა წელიწადნახევარში მოახერხეს. დემოკრატიულია ის, რომ მმართველმა პარტიამ პასუხისმგებლობა ვიღაცასთან ერთად აიღოს. დღეს ოპოზიციური ძალა ჩვენ ვართ. "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. მეორე ადგილზე ისინი იმიტომ გავიდნენ, რომ ყველა რაიონში საკრებულოები მათი იყო, თბილისში მერია და გამგებლები მათი იყო, ფინანსურ სახსრებზე არაფერს ვიტყვი. ჩვენ ორ სახელისუფლებო პარტიასთან, კოაბიტირებულ ორ ძალასთან გვიწევდა ბრძოლა", - ამბობს ვეკუა და დასძენს, რომ თუკი სადმე საკრებულოს თავმჯდომარეობას ან სხვა თანამდებობას არა მათ პოლიტიკურ ალიანსს, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" შესავაზებენ, გავაპროტესტებს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი აცხადებს, რომ ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თავად არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და არც კომისიების ხელმძღვანელად ოპოზიციონერი დეპუტატის დანიშვნას მხარს არ დაუჭერს. გიორგი მუსხელიშვილი: "ჩემი ერთი დეპუტატის აზრით, პირადად მე თბილისი საკრებულოში არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც ბურჯანაძეს და არც არავის არ შევთავაზებდი თანამდებობას. აქ საქმის გასაკეთებლად საჭიროა, რომ ერთიანი გუნდი იყოს და არა ის, რომ ვიღაცამ თანამდებობები მოირგოს. მაინტერესებს თანამდებობა რად უნდათ, როდესაც იცი, რომ უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს?! წინა არჩევნებში ალასანიას პარტიიდან ვმონაწილეობდი. მაშინ ჩვენმა გაერთიანებამ - "ალიანსი საქათრველოსთვის" 22% აიღო და "ნაციონალების" კეთილი ნება იყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ოპოზიციას დაეთმოთ. უფრო სწორად, დაამატეს მოადგილის ორი შტატი. ერთი ჩვენ მოგვცეს და ასევე არ დაჩაგრეს მათი სატელიტი "ქრისტიან-დემოკრატები" და მეორე მოადგილეობა მათ მისცეს. ეს თბილისში. სხვაგან რა ხდებოდა, არ ვიცი... ასევე კომისიებშიც. კომისიებმა საქმე უნდა აკეთონ. ვინმემ რომც გადაწყვიტოს, მხარს არ დავუჭერ. ზეპირად ვიცი, "ნაციონალალები" რა ძალაა და საკრებულოში რისთვის არიან. სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებიდან რამდენიმე ჩემი მეგობარია და იგივეს ვერ ვიტყვი, რომ რამეს აპირებენ და რამეს გააფეჭებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერითიანი გუნდით უნდა დავდგეთ საზოგადოების წინაშე. რამე რომ გაფუჭდეს, ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს და არა რომელიმე კომისიის წევრს."

"ოპოზიციონერი დეპუტატისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დათმობას ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" მეორე წარმომადგენელი გულიკო ზუმბაძეც. თუმცა, მუსხელიშვილისაგან განსხვავებით, კომისიების ხელმძღვანელობაში რომელიმე ოპოზიციური დეპუტატის დანიშვნას დასაშვებად მიიჩნევს, თუკი მათზე კვალიფიციურები აღმოჩნდებიან. "ჩვენ კანონით არ გვაქვს ვალდებულება, რომ მაინცდამაინც ოპოზიციონერს შევთავაზოთ რაიმე თანამდებობა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ეს მათი ვითომ კეთილი ნება იყო. თუკი ოპოზიციონერი ჭკუით იქნებოდა და მათ არ დაუპირისპირდებოდა, აუზში წყალს ჩაუსხამდნენ. "გვახსოვს, "ალიანსი საქართველოს" წარმომადგენელს დავით საგანელიძეს დაუთმეს მოადგილის პოსტი და როგორც კი ივანიშვილი გამოჩნდა და კოალიციის შექმნა დაიწყო, საგანელიძე გაათავისუფლეს. ეს იყო მათი დემოკრატიულობა და კეთილი ნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ფორმალურ დანიშვნას აზრი არ აქვს და ვემხრობი იმას, რომ მთელი პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" აიღოს ხელში. ჩვენი კოალიცია 6 პარტიისაგან შედგება, ეს ერთი უმრავლესობა არ არის და თანამდებობა კოალიციის შიგნით უნდა გადანაწილდეს", - ამბობს ზუმბაძე.