უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ მონაცემებით, ბოლო სამ თვეში ასობით ადამიანი მოიტაცეს და აწამეს აღმოსავლეთ უკრაინაში - უმეტესწილად, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა. ეს ინფორმაცია შესულია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ განცხადებით, არ არსებობს აღმოსავლეთ უკრაინაში ყველა რეგიონის მომცველი სანდო მონაცემები ადამიანების მოტაცების შესახებ, მაგრამ ორგანიზაციას ხელთ აქვს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომ წელს, აპრილიდან ივნისამდე, აღირიცხა მოტაცების 500-მდე შემთხვევა. „ამნესტი“ მიუთითებს კიდევ ერთ წყაროზე - უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიაზე. მან ბოლო სამ თვეში აღრიცხა 222 ადამიანის მოტაცება. ამას გარდა, „ამნესტი ინტერნეშნლის“ მკვლევართა ჯგუფი შეხვდა ადგილობრივ აქტივისტებს, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას გახშირებულ მოტაცებებზე.
„ამნესტის“ კვლევის შედეგებზე ჩვენს რადიოსთან საუბრისას, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა განაცხადა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ ადამიანების უკანონოდ დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები - ამას ორივე მხარე აკეთებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფების მიერ ადამიანების მოტაცებისა და მძევლად ყოლის გახშირება. სადაც უნდა წახვიდე უკრაინაში, შეხვდები ხალხს, ვინც აღმოსავლეთიდან გაიქცა, იქ შექმნილი ვითარების გამო. ზოგი მათგანი თვითონაც დაკავებული იყო და საშინელ ამბებს ჰყვება იმაზე, რაც თავს გადახდა“.
აღმოსავლეთ უკრაინაში აქტივისტებთან შეხვედრების შედეგად, „ამნესტი ინტერნეშნლმა“ მოაგროვა ინფორმაცია 100-ზე მეტ სამოქალაქო პირზე, ვინც უკანონოდ იქნა დაკავებული. მათი უმრავლესობა გამტაცებლებმა აწამეს კიდეც.
„ამნესტიმ“ გამოაქვეყნა, მაგალითად, ვიდეომასალა 19 წლის საშაზე, უკრაინის მხარდამჭერ აქტივისტზე. ის ჰყვება, როგორ დააკავეს და აწამეს. ჯერ ცემა დაუწყეს.
„ნახევარი საათის, 40 წუთის შემდეგ ტკივილს ვეღარ გრძნობ. მერე ელექტროშოკით წამება დაიწყო. ამის შემდეგ სიგარეტიც აიღეს. ჩემს ფეხზე ჩააქრეს. მერე კიდევ ერთი სიგარეტი დამაჭირეს ფეხზე ამომწვარ ადგილას“, - იხსენებს 19 წლის საშა.
როგორც „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელი დენის კრივოშეევი აღნიშნავს, უფლებადამცველებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე მუშაობენ, სულ უფრო მეტი მტკიცებულება უგროვდებათ: „მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს რა ხდება, ძალიან სწრაფად მატულობს და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის მოტაცების, უკანონოდ დაკავებისა და წამების საკმაოდ ბევრ შემთხვევაზე - ალბათ, ასობით შემთხვევაზე“.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ მონაცემებით, მოტაცების შემთხვევები მთელ აღმოსავლეთ უკრაინაში აღირიცხება, ძირითადად კი დონეცკისა და ლუგანსკი ოლქებში. გამტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან არა მარტო პოლიციელები, სამხედროები და ოფიციალური პირები, არამედ ჟურნალისტებიც, ისევე როგორც ბიზნესმენები, აქტივისტები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოტაცების შემთხვევათა უმეტესობა პოლიტიკურად არის მოტივირებული. შეიარაღებული ჯგუფები ცდილობენ შიში დათესონ, გააკონტროლონ ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ხალხს გამოსასყიდის მისაღებადაც იტაცებენ.
„ამნესტი ინტერნეშნლი“ უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, შექმნას ერთიანი ბაზა მოტაცების შემთხვევებზე ინფორმაციის თავმოსაყრელად და საფუძვლიანად, მიუკერძოებლად გამოიძიოს არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემთხვევები.