საქონელი შეიძლება საკვების გარეშე დარჩეს. უამინდობის გამო პრობლემამ უკვე იჩინა თავი და ზამთარი რაც უფრო მოახლოვდება, კიდევ უფრო გამწვავდება. ცალკე საძოვრებისა და სათიბების პრობლემა, ცალკე მოუსავლიანობა, ფერმერებს რთულ ვითარებაში ამყოფებს.
როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, კახეთში გვალვის გამო მოსავალი გაფუჭდა, ხოლო საძოვრებზე ბალახი გახმა. მისივე ინფორმაციით, კახეთში ყველაზე რთული ვითარება დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მოსავალი ხალხმა ფაქტობრივად ვერ აიღო. ჰექტარზე 300-400 კილო მოსავალი აიღეს და ყველაზე რეკორდული მოსავალი რაც 1 ჰექტარზე ვინმემ აიღო ეს - 1,5 ტონაა. არადა წელს ნაკვეთები ყველამ კარგად დაამუშავა და შესაბამისი სასუქებიც შეიტანეს. თუმცა ამინდმა და ბუნებამ ასე გადაწყვიტა და მოსავალი აღარ არის. საკვები ბაზა საშინელ მდგომარეობაშია. საძოვრებზე საერთოდ ბალახი არ არის და რა ეშველება ჩვენს ხალხს არ ვიცი“, - აცხადებს გონაშვილი.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პირუტყვისთვის ზამთრის საკვების მომარაგების საკითხიც რთულადაა. გვალვამ ბალახის ზრდა შეაფერხა და თივა საკმარისი რაოდენობით ვერ დამზადდება. სათიბები თითქმის ყველგან დაზიანებულია. ისედაც, წინა წლებში მთავრობის გაუაზრებელი ქმედების გამო, დიდი ნაწილი გასხვისებულია და რაც დარჩა, საკმარისი ბალახი იქაც არ ამოვიდა.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამომავლოდ ხორცისა და რძის პოდუქტების გაძვირებასაც არ გამორიცხავს, რა დგანაც მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის გამოკვება ფერმერებს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ზამთრის პირზე ფერმერები მხოლოდ იმპორტირებული მარცვლეულის იმედად რჩებიან.
„ზამთარში საკვები ისედაც ძვირდებოდა. შარშან ქერის ფასმა ერთ კილოზე 0,60-0,70 ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც მოსავლის აღების პერიოდში ქერის ღირებულება 0,35-0,40 ლარი იყო. წელს კი მოსავლის აღების პერიოდში მისი ღირებულება უკვე 0,50 ლარია დაზამთარში მისი ფასი, შესაძლოა, 1 ლარამდეც კი ავიდეს. ეს ყველაფერი კი ფერმერისთვისაც საკმაოდ რთულია და მას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
გლეხებს, ზამთრისთვის, ზოგადად საკვების მომარაგება უჭირთ და ამ ზამთარში პირუტყვს როგორ შეინახავენ არ ვიცი. ზოგი იმასაც კი გაიძახის, რომ თუ როგორ მოიშოროს პირუტყვი, რადგანაც ზამთარში მის შენახვას ვერ მოახერხებენ“, - აცხადებს სააგენტო „ჯიეიჩენთან“ საუბრისას საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მთლიანად ქვეყნის პრიორიტეტია, მათ შორის, მეცხოველეობაც. ამ ეტაპზე დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იგეგმება საჯიშე მეურნეობების გაძლიერება, ხელოვნური განაყოფიერების სადგურების ქსელის გაფართოება, საკვები კულტურების წარმოება და ხარისხის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტის მკაცრი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა საძოვრების დეფიციტია.
„საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და საძოვრების დეფიციტი ისედაც არსებობდა. ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს. არ შეიძლება გადახნა ისეთი საძოვარი, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ასეულობით სახეობის ბალახი ამოდის“, - განაცხადეს სამინისტროში.
გონაშვილს კი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო რაიმე სახით სექტორს დახმარებას გაუწევს, რათა სამომავლოდ მაინც ადამიანებმა მიწის დამუშავება და მარცვლეულის დათესვა შეძლონ, მით უმეტეს, რომ ფერმერთა ნაწილმა ბანკებს საკუთარი პრობლემების შესახებ უკვე აცნობა.
„ქერი და ხორბალი აუცილებლად შემოსატანი გვექნება, რადგან ადგილობრივი წარმოება, ფაქტობრივად, არ არის. ეგ კი არა, სამომავლოდ სათესლე მასალაც აღარ არსებობს. ამ მიმართულებით მაინც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სათესლე მასალით მაინც მომამარაგოს, თორემ გამორიცხულია, რომ მომავალი წლისთვის ფერმერებმა რაიმის დათესვა მოახერხონ“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.