გვალვებმა ხორბლის მოსავალი გააფუჭა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მარცვლეული ბოლო წლების სარეკორდო ფართობზე დაითესა და გაზაფხულიც ნორმალური დაემთხვა, მოსავალი მაინც მცირე იქნება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კახეთში, შედარებით მეტი მოსავლის მოლოდინია ქართლში.
წელს მთავრობას ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ჰქონდა გეგმაში, მაგრამ ჩანაფიქრის შესრულება ვერ მოხერხდება. საქართველო ამჯერადაც ბოლომდე იმპორტზე დამოკიდებული იქნება, შესაბამისად, ფქვილისა თუ პურპროდუქტების ფასიც გარედან განისაზღვრება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ადასტურებს, წლეულს, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხორბლის ადგილობრივი წარმოება მკვეთრადაა შემცირებული.
„წელს ხორბლის ცუდი მოსავალია. შემოდგომიდან ნალექი არ იყო, შემდეგ იყო ყინვები. რთული სიტუაციაა კახეთში მაშინ, როდესაც ფერმერს 1 ჰექტრიდან 3-4 ტონა მოსავალი უნდა მიეღო, წელს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან 300-400 კილოგრამი ხორბალი აიღო. შესაბამისად, იმდენად მცირე იყო მოსავალი, რომ ფერმერებს ნაკვეთებში კომბაინებიც არ შეყავდათ.
შედარებით კარგი სიტუაციაა ქართლში, თუმცა არც იქაა სახარბიელო ვითარება. ვვარაუდობთ, რომ ქართლში 1 ჰექტრიდან 1 ტონიდან 2 ტონამდე მოსავალს აიღებენ“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.
სააგენტო „ჯიეიჩენის“ ინფორმაციით, 2013 წლისთვის 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი იყო პროგნოზირებული, თუმცა რეალურად 80 ათას ტონამდე ხორბლის დაბინავება მოხერხდა. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს უჭირს იმის თქმა, თუ რა მოცულობის მოსავალს აიღებენ ფერმერები წელს, თუმცა განმარტავს, რომ 2014 წლის მოსავალი 2013 წლის მოსავალთან შედარებით, მცირე იქნება. რაც შეეხება ფასს, იგი დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზრებზე და იმ ქვეყნებზე, საიდანაც საქართველო იმპორტს ეწევა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის ბონდო ბოღაშვილის განცხადებით, კახეთში ხორბლის ნათესები განადგურებულია. გვალვისა და სწრაფი გაუდაბნოების პროცესის გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ივრის ზეგანსა და შირაქის ველზეა.
ბოღაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში ხორბალი 19 790 ჰექტარზე დაითესა, აქედან 4 995 ჰექტარ ხორბლის ყანაში კომბაინი აღარ შევა, რადგან 100%-ით განადგურდა.
„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ივრის ზეგანზე, ქვემო მაჩხაანში, ყარაღაჯი-მილარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაუდაბნოება. დაახლოებით 3000 ჰექტარზე მხოლოდ 400-700 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. გარდა მარცვეული კულტურებისა, 100 ჰექტარზე ახლადგაშენებული ვენახი გახმა“, - აღნიშნა ბოღაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, წელს რა მოცულობის ხორბლის დაბინავება მოხერხდება. მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ და მალე მოხდება შექმნილი ვითარების გარკვევაც და მოსავლის პროგნოზირებაც.
კაჭარავას განმარტებით, მიმდინარე სეზონისთვის ხორბალი85-90 ათას ჰექტარზე დაითესა მაშინ, როდესაც გასულ წელს ხორბალიმხოლოდ 43 ათას ჰექტარზე იყო დათესილი.
„წელს გვალვაა, როგორც დედოფლისწყაროში, ასევე მთელკახეთში. ანალოგიური სიტუაციაა შიდა ქართლსა დასამცხე-ჯავახეთში. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ დააზუსტებენ რა მდგომაროებაა, რადგანაც ზოგიერთ რაიონში შედარებითკარგი ვითარებაა, ზოგან კი სავალალო მდგომაროება.
ზოგიერთ ადგილზე ხორბლის ასაღებად კომბაინიც კი არ შეიყვანეს, იმდენად რთული ვითარება იყო. ვფიქრობდი, რომ წელს ხორბლის მოსავალი დამუშავებული მიწებიდან გამომდინარე, გაიზრდებოდა. ერთ ჰექტარზე ვანგარიშობდით - 1,5-2 ტონა მოსავალს. სამწუხაროდ, პროგნოზმა, გვალვის გამო, არ გაამართლა“, - განაცხადა კაჭარავამ.
საქართველოს საკუთარი სასურსათოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის წლის განმავლობაში 700 ათასიდან 800 ათასტონამდე ხორბალი ესაჭიროება, საიდანაც ადგილობრივი წარმოებისწილი 12-13%-ია.