ეკომიგრანტების კანონი შეფერხდა, პრობლემა კი მწვავეა

ეკომიგრანტების კანონი შეფერხდა, პრობლემა კი მწვავეა

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. პროექტით განსაზღვრულია ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურები და დადგენილია მათი განსახლების წესი. პროექტის თანახმად, ეკომიგრანტ ოჯახებს ენიჭებათ არჩევანის უფლება, ხელსაყრელ მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი თავად მოიძიონ.

იცვლება მიდგომა, რომლის მიხედვითაც ეკომიგრანტების განსახლება სამინისტროს მიერ შესყიდულ სახლებში ხდებოდა და ხშირ შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულები იძულებულები იყვნენ საცხოვრებლად მათთვის უცხო გარემოში გადასუყლიყვნენ.

საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენამდე კანონპროექტი დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ მთავრობას წარუდგინა. მისი თქმით, ეკომიგრანტები ყველა საჭირო პირობით იქნებიან სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი. სადაც კი მათი განსახლდება მოხდება, მათი უფლებები ყველა მხრივ დაცული იქნება.

თუმცა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მისი პარლამენტში შეტანაც გადაიდო. დარახველიძის განცხადებით, დოკუმენტი დასახვეწია და ამიტომ მისი დამტკიცება არ მომხდარა.

„ეს პირველი ვარიანტი იყო. ეკომიგრანტებისთვის ბიუჯეტი სტატუსის მიმღებთა რაოდენობით განისაზღვრება. სტატუსის მიმღებთა რიცხვი და საჭირო ხარჯები, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაითვლება“, - განაცხადა დავით დარახველიძემ.

ეკომიგრანტების პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, მაგრამ ქართლი მიგრანტების მიმღები ყველაზე დიდი რაიონია და შესაბამისად, აქაურ ეკომიგრანტთა პრობლემების ნუსხა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი.

„ზოგადად ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს მათთან მიმართებაში არ აქვს გარკვეული საადაპტაციო და საინტეგრაციო გეგმა. მათ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება, ეკომიგრანტთა ყოველი ახალი ნაკადის ჩასვლასთან ერთად, იმატებს კონკურენცია დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. სახლები, ხშირად არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელი იყოს.

სახელმწიფო მათ ისეთ სოფლებში ასახლებს, სადაც თვითონ ეს სოფლები არაა ინფრასტრუქტურულად გამართული და მას კიდევ დამატებითი რესურსი აწვება. არის კიდევ ერთი პრობლემა - ამ ადამიანებს სახლები არ აქვთ კერძო საკუთრებაში გადაცემული და ეკომიგრანტის ოჯახიც ვერ არემონტებს მას“, - აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის წარმომადგენელი ნინო თევზაძე.

სტატუსის განუსაზღვრელობა პრობლემას იმ მხრივაც ქმნის, რომ სტიქიით დაზარალებულები ვერ ახერხებენ სახელმწიფოსაგან დახმარებების მიღებას. მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სისვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში კონკრეტულად ეკომიგრანტებისთვის სოციალური თუ სხვა სახის დახმრების პროგრამა არ ხორციელდება, რადგან არ არსებობს სტატუსი, რომელიც დახმარების ფორმას განსაზღვრავს.

„თუ ყოველწლიურად დევნილების შეშით უზრუნველყოფისთვის გარკვეული თანხის განსაზღვრა ხდება ბიუჯეტში, იგივე არ ხდება ეკომიგრანტებისთვის. იმიტომ კი არა, რომ დევნილებს უფრო უჭირთ, უბრალოდ, სტატუსი არ არსებობს“, - განმარტავს სისვაძე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელთან საუბრისას.

დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უმეტესად კი ქვემო ქართლში, განსახლებული ეკომიგრანტებისთვის მნიშვნელოვანია სახლებისა და მიწების დაკანონებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ათასი ოჯახს ესაჭიროება სასწრაფოდ ახალ ადგილას განსახლება, რადგან ისინი მაღალი რისკის ზონაში ცხოვრობენ. განსაკუთრებბით რთული მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთსა და ზემო აჭარაში. აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ არანაკლები სიმწვავის პრობლემაა წალკაში, სადაც ერთხელ უკვე ეკომიგრანტებად ქცეულ და ქვემო ქართლში გადმოსახლებულ ადამიანებს, საკუთრების დაუკანონებლობის გამო, კვლავ გადასახლება ემუქრება.