ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
10 სექტემბერი, 2011 წელი
გათენდა...
პური...
“ლარიოკი”...
არშემდგარი “პრაგულკა”...
საჭმელი...
კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა:
- კბილი შენ გაქვს დასიებული?
- კი...
- გაემზადე, ექიმთან მიდიხარ...
გავემზადე...
კარი გაიღო და წავედით, წავედით მე და ოფიცერი. როგორც წესი, თავი დახრილი მაქვს და ხელები უკან მაქვს დალაგებული.
- რატომ მოხვდი აქ? - მკითხა ოფიცერმა.
- რა ვიცი... ფაქტურის გაყალბებაზე.
- სად მუშაობდი?
- არსად, უბრალოდ, ძმაკაცი მუშაობდა დისტრიბუტორად და “გაგვიჩალიჩეს”.
კბილი ამოვიღე - თითქოს დიდი ლოდი მომხსნეს.
ამ დღესვე მამუკაც გაიყვანეს ექიმთან. მასაც დაუნიშნეს წამალი.
კარი გაიღო და ინდოელს დაუძახეს. წავიდა „მოჭოტა“ - “ეტაპშია”, ახლა ორთაჭალაში გადაიყვანენ და თებერვლამდე იქ იქნება, მერე კი, როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში აღარასოდეს ჩამოვა.
დღე დასრულდა, თან - უჩვეულოდ მშვიდად. საღამოს გამაყუჩებელიც კი მომცეს, კბილი გაქვს ამოღებულიო.
შუქი ჩავაქრეთ და დავწექით.
14 სექტემბერი, 2011 წელი
შუადღეა...
წინა დღეებმა მშვიდად ჩაიარა - არაფერი მომხდარა.
სულ ცუდ განწყობაზე ვიყავი. არც წერის სურვილი მიჩნდებოდა და არც - კითხვის, ვიჯექი და ვფიქრობდი, ვაანალიზებდი გასულ პერიოდს.
კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა. კართან მივედი.
- მამაოსთან ხარ, გაემზადეო.
გამიკვირდა.
გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ ვთხოვე თელაველს, იქნება, მეც გამიყვანონ, როცა მამაო მოვა-მეთქი...
გავედი...
ისევ ჰაერი...
ისევ ნატკენი ფილტვები...
ისევ ადმინისტრაციის შენობა...
შევედი ოთახში. ზუსტად ისეთივე ოთახია, სადაც ადვოკატს ვხვდებით... რამდენიმე მოძღვარი ზის. უცებ, საოცრად ნაცნობ და თბილ თვალებს შევეჩეხე.
ვიცანი - ნუგზარი მასწავლებელია.
სკოლაში რელიგიას მასწავლიდა ნუგზარი ჩიკვაიძე, უწესიერესი, თბილი და ღვთის მოშიში ადამიანი. არ ვიცოდი, მღვდლად თუ აკურთხეს. ჩემს დანახვაზე წამოდგა, ვეცადე, ხელზე ვმთხვეოდი, არ დამანება და ჩამეხუტა, უდიდესი სითბო ვიგრძენი.
დავსხედით.
ვისაუბრეთ...
მითხრა, რომ კურთხევის შემდეგ ილია ჰქვია, მამა ილია.
დაინტერესდა, აქ როგორ მოვხვდი. გრძელი ამბავია-მეთქი და ვეცადე, მოკლედ მომეყოლა.
დამიყვავა, მომეფერა... მითხრა, როცა შემოვალ, აუცილებლად გნახავო.
მადლობა გადავუხადე. შემთხვევით შეხვედრია დედაჩემი და მაშინ გაუგია მამა ილიას, რომ დაჭერილი ვარ.
დასრულდა ჩვენი შეხვედრა.
მითხრა, მოემზადე და აღსარება მითხარიო.
კარგი-მეთქი, შევპირდი და წამოვედი.
ავედი საკანში, მოვუყევი ბიჭებს ჩემი და მამა ილიას შეხვედრის ამბავი. შემდეგ, დავჯექი და დავფიქრდი იმ გრძნობასა თუ შეგრძნებაზე, რასაც ადამიანებს შორის სითბო ჰქვია.
არაფერი ისე არ აკავშირებთ ადამიანებს, როგორც სითბო, ფენომენი, რომელსაც ვერ ახსნი, მაგრამ კაცობრიობის გადარჩენა კი შეუძლია. სულ მცირეოდენი სითბოთი აღსავსე მზერას შეუძლია, ღვთის გლახა მონარქად აქციოს, ან სნეული განკურნოს. ქუჩაში ადამიანები ჩამქრალი, გაყინული მზერით დადიან, ერი ღრუბლისფერად დასევდიანდა, ადამიანები სითბოს ეძებენ და ვერ ხვდებიან, თუკი თავად ერთ ნაკვერჩხალს გასცემენ, პასუხად ვარსკვლავებამდე აწვდენილ კოცონს მიიღებენ.
სითბო პატივისცემას წარმოშობს, პატივისცემა - სიყვარულს, სიყვარული კი, - ბედნიერებას.
სწორედ ამიტომ, ყოველთვის ყველას გეტყვით: მიყვარხართ, მჭირდებით, პატივს გცემთ, გაფასებთ, ადამიანებო! თქვენ კი, დამდეთ პატივი და, იგივე, მე თუ არა, სხვებს, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს უთხარით!
16 სექტემბერი, 2011 წელი
ჩვენს ზემოთ საკნიდან ბრაგუნის ხმა გაისმა. არ მივაქციეთ ყურადღება, ცოტა ხანში ორჯერ ზედიზედ დააბრაგუნეს. ეტყობა, სიგარეტი გაუთავდათ და ჩვენთან დაკონტაქტებას ცდილობენ - თურმე, აქ ასეთი მეთოდებით ეკონტაქტებოდნენ ადრე, მაგრამ ახლა არ ღირსო, გადაწყვიტა “კამერამ”, შანსი არ არის, ეს ამ “რეჟიმში” ვინმემ გაბედოს, შეიძლება თვითონ ადმინისტრაციაა და აინტერესებს, წამოვეგებით თუ არაო.
ბრაგუნი ახლა სხვა მხარეს განმეორდა, ისევ რამდენჯერმე.
მოკლედ, ვიღაცამ ოთხივე კუთხე მოირბინა ბრაგა-ბრუგით და პასუხმაც არ დააყოვნა - ზედ ჩვენს თავს ზემოთ კარის გაღების ხმა გაისმა, შემდეგ, - რამდენიმე წყვილი “ბათინკის” ხმა, გინების თანხლებით და დაიწყო “ცემაი საკვირველი”.
- რა გინდათ, ვის ეძახით, თქვე პატრონ მო......ბო, თქვენს სისხლს დავლევთ, თქვე ბოზებო, - ყვირის ვიღაცა, -- დაგხოცავთ, თქვენი დედები მოვ...ნ.
პატიმრები ღრიალებენ, ყვირიან.
- შედით “შპონკის” ქვეშ, შედით და აღარ გამოხვიდეთ, ვიდრე არ გეტყვით, თქვე ბოზიშვილებო, რა გინდათ? გინდათ, დაგ....თ “სვაბოდაზე” მყოფი ცოლ-შვილი?
აი, აქ უკვე ნისლისფერი დამედო სახეზე, ვიღაცის შვილსაც კი შეეხნენ. ამათ ხომ ნამუსი არ აქვთ!
- შვილს როგორ ეხები, შე ნაბოზარო, - გაისმა ვიღაცის განწირული ხმა და ყვირილი და ცემა უფრო გაძლიერდა, სავარაუდოდ, პატიმარმაც დაარტყა “რეჟიმს”.
ჩვენს სართულზე ოფიცერმა “კამერებში” ყურება დაიწყო.
- ტრა...ბი დააყენეთ, თქვენი ხმა არ გავიგო, თორემ უარესი დაგემართებათ, რაც მაღლიდან ისმისო, - გვითხრა.
როცა ყველაფერი მიწყნარდა, კარგად დავინახეთ, თუ როგორ გააქციეს სამი პატიმარი “რეზბალნიცისკენ” საკაცეებით. რამდენიმე საათში ისიც დავინახეთ, როგორ შემოვიდა საავადმყოფოს ეზოში შავი ბალდახინი. შემოვიდა და “თავისუფლებაზე” წაიყვანა კიდევ ერთ-ერთი ჩვენგანი. არ ვიცი, ვინ იყო, ან რა დააშავა, მაგრამ ის ამ წუთას ერთ-ერთი ჩვენგანია. ჩვენ, ყველანი, პატიმრები ვართ!
20 სექტემბერი, 2011 წელი
დღეს “ტელეფონებია” - სახლში ვრეკავთ...
10 დღეში დაბადების დღე მაქვს და „ქეიფს“ ვაპირებთ, დიახ, ქეიფს, ნამცხვარსაც “გავაკეთებთ” და სანთლებიც გვექნება.
დავურეკე, ველაპარაკე ჩემებს. მორიდებით ვუთხარი, იუბილე უნდა აღვნიშნოთ და იქნებ, ცოტა მეტი ფული დამირიცხოთ-მეთქი. შევეცდებითო, დამპირდნენ.
მაღაზია “მოვიდა”. ნეტავ, კალამი და რვეული თუ მოიტანეს? რამდენი დღეა, ველოდები, არ არის მაღაზიაშიო და რაზე დავწერო, აღარ ვიცი.
ონკანი დაზიანდა - წყალს ვერ ვწყვეტთ. ვატყობ, ნელ-ნელა ყველაფერი ნერვებს მიშლის, ყველა წვრილმანი...
ცუდად ვარ...
არ ვიცი, კიდევ რამდენს გაუძლებს ტვინი.
მიხოზე ფიქრი არ მეშვება - პაწაწინა უსაყვარლესი დისშვილი, “ცუდია იტა ძიაო”, რომ გაიძახოდა, როცა დამიჭირეს.
მინდა, სამაგალითო კაცი გამოვიდეს...
30 სექტემბერი, 2011 წელი
დღეს ჩემი დაბადების დღეა!
კობამ წუხელვე მომილოცა - თავის საწოლზე იწვა და, როგორც ყოველთვის, გარედან შემოსულ ლამპიონის შუქზე კითხულობდა. მე თავი თითქმის ძილს მივეცი.
- ერე, გძინავს? - მკითხა კობამ.
- არა...
- მგონი, კი იქნება 12 საათი და გილოცავ, ბოლო დაბადების დღე ყოფილიყოს შენი აქ!
- გაიხარე, მეგობარო, მაგრამ ყველა ვარიანტში, ერთი კიდევ მიწევს - მომავალ წელს.
- არა, ერე, შენ ბოლომდე არ იჯდები, აუცილებლად გახვალ!
გამეცინა...
- ზუსტად ვიცი, რომ ვიჯდები, ჩემო ძმაო, ზუსტად ვიცი.
დღეს კი... დღეს, დილიდან მილოცავს ყველა, „სვაბოდას გისურვებ, სვაბოდას და ჯანმრთელობას“.
ეს არის ორი რამ, რაც აქ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება და აკლია!
“ლარიოკი” მოვიდა, ბიჭებმა, ახლა ნამცხვარს გამოვაცხობთო და მეც ინტერესით დავუწყე ყურება: მზეზე გამდნარ კარაქს თაფლი დავასხით და ავზილეთ, მერე, ორცხობილა ერთმანეთზე მივალაგეთ, “კოკა-კოლათი” დავნამეთ და „კრემი“ წავუსვით. შემდეგ, მეორე ფენა, მესამე... მერე, ასევე, მზეზე გამდნარი შოკოლადი მოვასხით.
ესეც სადღესასწაულო ტორტი!
ვაცდით შუადღემდე, რომ დალბეს და სადილზე მივირთვათ.
სასმელად ლიმონათი მოვიტანეთ, “ადესის” ლიმონათია და შავი ღვინის მაგივრობას გაგვიწევს...
ვისადილეთ... ვიქეიფეთ - დავლოცეთ ოჯახები, წინაპრები გავიხსენეთ, მართალია, ლიმონათით, მაგრამ “ადესაა” და წავა.
1 ოქტომბერი, 2011 წელი
ახალი ოფიცერი გვყავს, ახალგაზრდა კაცია, გიორგი ჰქვია. შემოიარა “კამერები” და გვითხრა:
- ბიჭებო, თუ ვინმეს ჩაეძინა, ერთმანეთი შეაღვიძეთ, “პრაგულკის” მერე, შეგიძლიათ, წამოწვეთ, ოღონდ არ დაიძინოთო.
რომ შემოიხედა, მამუკა ჭამდა, ფეხზე ავდექით, როგორც წესია.
- შენ დაჯექი და გააგრძელე ჭამა, - უთხრა მამუკას, - დღეს კედლები ჩამორეცხეთ, ვერ ხედავთ, როგორი შავია? ოღონდ, უხმაუროდ ჩამორეცხეთ. ზედმეტი ხმა არ გამოვიდეს “კამერიდან”, - გვითხრა და წავიდა.
მერე, გვერდით “კამერასთან” მივიდა და დაბალი ხმით ილაპარაკეთო, ურჩია.
ზედამხედველი ის დიდი და წყნარი ახმახია, ერთხელ რომ დაიძახა, ვინც არ ჩააქროს, ბოზი იყოსო, შუქის ჩაქრობის დროს.
მოკლედ, წყნარი დღეა.
მოვიმარჯვეთ წყალი, სარეცხის ფხვნილი, ჭურჭლის ღრუბელი და კედლების ჩამორეცხვას შევუდექით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ პირველადაა “სროკზე” და ვინ - მეხუთედ, ყველა ერთნაირად ვაკეთებთ საქმეს.
სადილის მერეც გაგრძელდა ხეხვა-წმენდა და, როგორც იქნა, გავედით ბოლოში. არაფრის თავი აღარ გვაქვს. გვინდა, მალე დავიძინოთ. შუქრი ჩაქრა და დავწექით, დავწექით და ხმაც არ ამოგვიღია, ისე დაგვეძინა.
2 ოქტომბერი, 2011 წელი
საინფორმაციო გამოშვებას ვუსმენთ. ამბობენ, შვიდ ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი მოდისო. ნიკოლა სარკოზის დასახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან - რადიოში სპეციალური ტიხრებიც კი ტრიალებს, დავხვდეთ საფრანგეთის პრეზიდენტსო. ყველა არხის ყველა საინფორმაციო ამ თემით იწყება და მთავრდება.
ზოგნი ამბობენ, მიშას თითი უნდა დაუქნიოსო, ზოგნი - მის მხარდასაჭერად მოდისო. მოკლედ, არჩევნებამდე მთელი წელია დარჩენილი, მაგრამ ტემპერატურა რომ აიწევს, აშკარად ეტყობა - მკვლევარები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, ყველანი გააქტიურდნენ.
ფიქრში წავედი: რამდენი რამ მოხდა ბოლო დროს - რობერტ სტურუა, რამდენიმე თვის წინ, თეატრიდან გაუშვეს, დიდი მაესტრო გაუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მსოფლიო გენია, რომელმაც ეპოქა შექმნა, დღეს აღარ სჭირდებათ!
მახსოვს, იმ საღამოს რამაზ ჩხიკვაძის მეუღლის აღელვებული ხმა რადიოში, თავად ბატონი რამაზის რამდენიმე სიტყვაც. დიდი მსახიობი მძიმედ ავადმყოფობს, თურმე...
მიდის ლეგენდების თაობა.
“ფოლკ რადიო” ჩავრთეთ - ყველა დავიღალეთ ამ პოლიტიკით.
ლექსების წერა რამაზიმაც დაიწყო, მერე, ერთმანეთს ვუკითხავთ.
დღეს კობამ მთხოვა:
- ერე, შენი რამდენიმე ლექსი რვეულში ჩამიწერეო.
- კარგი-მეთქი, - ვუთხარი და რვეული გამოვართვი, თან თავს უხერხულად ვგრძნობ, რად უნდა ამ კაცს ჩემი ნაჯღაბნი, არ ვიცი.
დღევანდელმა დღემაც ყველანაირი ექსცესების გარეშე ჩაიარა - განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
3 ოქტომბერი, 2011 წელი
შუადღეა...
ოფიცერი შემოვიდა, ბეშქენას ეძახიან. მგონი, ლევანი ჰქვია... საპირფარეშოში შეიხედა.
- რას ჰგავს აქაურობა, თქვე ყ.. ბო, დადგებით და გახეხავთ, საღამოს “პრაგულკაზე” აღარ იყოს ასე, თორემ დაგ.....თ ბაჭიებივით!
მოკლედ, ახლა ცემის გარეშე გადაწყვიტეს ჩვენი წამება - გუშინ კედლები, დღეს „პარაშა“, ხვალ კიდევ რას მოიგონებენ, კაცმა არ იცის.
ახლაც ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, კონტროლიორმა რომელიღაც “კამერას” სიჩუმისკენ მოუწოდა, ცოტა ხანში ამოვიდნენ და, სავარაუდოდ, იგივე “კამერაში” ნახევარი საათი ცემა-ტყეპა მიდიოდა.
- რატომ არ ხეხავ “პარაშას”, ბიჭო. ქურდი ხარ? - ისმოდა “რეჟიმის” თანამშრომლების ყვირილი და პატიმრების ბღავილი.
5 ოქტომბერი, 2011 წელი
დღეს “კამერას” ახალი სალაპარაკო თემა მოგვეცა - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის.
დაიწყო საუბარი მასზე, მითები, ლეგენდები თუ რეალობა. რადიოშიც და “კამერაშიც” საუბრობენ მის კარგ კაცობაზე, მის ქველმოქმედებაზე. ჯერ არავინ იცის, რომელ ფლანგზე იბრძოლებს - მიშასთან თუ მიშას წინააღმდეგ.
“ნაციონალთა” ლიდერები სდუმან.
ორ დღეში კი, მილიარდერის მიმართვას ელის ხალხი.
ორ დღეში გავიგებთ, რას აპირებს ბიზნესმენი.
ბიჭების იმედიან თვალებს შევხედე - მგონი, რაღაც შეიცვლებაო, ამბობენ.
რა უნდა შეიცვალოს, კრიმინალი არც მაგას უყვარსო, - გაჩნდა აზრი.
გამიკვირდა:
- შეიძლება, ხელისუფალს უყვარდეს კრიმინალი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განა ნორმალური სახელმწიფოს შექმნა?
მთელი საღამოა, “რეჟიმმა” და ოფიცრებმა სიმკაცრეს მოუმატეს, რადიოსაც კი არ გვართვევინებენ.
- რა იყოთ, რა გიხარიათ, თქვე “სირებო”, - შემოიხედა ოფიცერმა, - დაუწიეთ რადიოს და დაეტიეთ “ტრაკზე”.
დავუწიეთ - ჩუმად ვუსმენთ, ვუსმენთ და ვსაუბრობთ მომავალზე, მომავალსა და გაჩენილ იმედზე.
იმ ღამეს სამ “კამერაში” ჩაატარეს სადამსჯელო ოპერაცია.
6 ოქტომბერი, 2011 წელი
დღეს აბანოს დღეა, მაგრამ წყალი არ მოდის, არადა, ჯერ ისევ ცხელა... ჰაერი გვინდა. იმ ერთადერთი ფანჯრიდან შემოსული ჰაერი კი, რომელიც “კამერას” აქვს, ვერაფერს ცვლის.
ჯამებს ტუალეტის ქაღალდით ვწმენდთ - სხვანაირად საჭმელს ვერ ავიღებთ. წყლის მარაგს, რაც გვაქვს, დასალევად ვიზოგავთ.
პრესა ამოგვიტანეს, “თბილისელებს” ვათვალიერებდი და უცებ, ბიძაჩემის, გიორგი ცოცანიძის ინტერვიუს წავაწყდი - გვიყვება, თუ რატომ დანალეს ბახტრიონის აჯანყების დღეს ცხენები თუშებმა უკუღმა. ვნახე ინტერვიუ და საოცარი სიამაყე ვიგრძენი. გიორგი ცოცანიძე, თუშების ინტელექტუალური ლოკომოტივის ნაწილია და ამით ვამაყობ. თავმდაბალია, თბილი და გულისხმიერი. მახსოვს, როგორ ინერვიულა, შვიდი ნოემბრის ღამეს, 2007-ში, როცა მასთან მივედი გაზით დახუთულ-მოწამლული.
- რას ცდილობ, ირაკლი, მაგათ მაინც ვერ გადააგდებთო, - მითხრა მაშინ.
მართალი აღმოჩნდი, ძია, გადაგდება კი არა, ისე გაიდგეს ფესვები, ვინ დაძრავს, აღარ ვიცი!
ინტერვიუ სულმოუთქმელად ჩავიკითხე. მერე, ონკანთან მივედი, დავატრიალე, მაგრამ ამაოდ - არაფერი გამოვიდა.
დავჯექი და წერილის დაწერა დავიწყე, მინდა, ჩემებს შევეხმიანო, თან დაგროვილ ლექსებსაც გადავწერ და შინ გავგზავნი - შემინახონ, რომ გავალ, მერე გავიხსენებ აქ გატარებულ წლებს.
ჰო... რომ გავალ, მერე...
თუ გავუძელი ყველაფერ ამას.
დავფიქრდი.
გავუძლებ?
კი, აუცილებლად გავუძლებ - მოსაყოლი მაქვს ძალიან ბევრი.
აუცილებლად მოვუყვები ყველაფერს ყველას! - ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რასაც აქ ვნახავდი, ამის ნახვას ბევრი ვერ შეძლებდა!
თურმე, წინ “ციხეების რევოლუცია” იყო, ზუსტად ერთ წელში ეპოქა სრულდებოდა, წამების ეპოქა!
კინაღამ დამავიწყდა: დღეიდან, როგორც ჩანს, “კვირის პალიტრა” აკრძალეს ციხეზე, მხოლოდ ჟურნალები და კროსვორდები მოვიდა “ლარიოკიდან”.
შუქი ჩაქრა...
ახლა დავიძინებ...
ხვალ საინტერესო დღეა - სარკოზის ვიზიტი და ივანიშვილის განცხადება გველის.