მილიონობით ჯარიმა და შემოწმებები „ტავის“ თავს

მილიონობით ჯარიმა და შემოწმებები „ტავის“ თავს

თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორს „ტავ ურბან ჯორჯიას“ აშკარად რთული პერიოდი უდგას. სულ ახლახან გაირკვა, რომ შემოსავლების სამსახურმა „ტავ ჯორჯია“ დააჯარიმა. შემოსავლების სამსახურში კომპანიის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტი 2013 წლის 18 ოქტომბერს მოხდა.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „ტავ ურბან ჯორჯიას“ საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2009 წლის 1-ლი თებერვლიდან 2012 წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდი. შემოწმების შედეგად, 2013 წლის 18 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც საზოგადოებას დაეკისრა ჯარიმა. შემოსავლების სამსახურში ჯარიმის ოდენობას კონფიდენციალურობის გამო არ აკონკრეტებენ.

თუმცა „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ ჯარიმა 18 მილიონ ლარს შეადგენს და ამის გამო „ტავ ურბან ჯორჯიასთვის“ კონტრაქტის შეწყვეტაზეც იყო საუბარი, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ შეჩერდა, რაც მოლაპარაკებები „ტავ ჯორჯიას“ მიერ ახალი ვალდებულებების შესრულებაზე დაიწყო. გადაიხადა თუ არა ჯარიმიდან რამე თურქულმა კომპანიამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ეკონომიკის სამინისტროსა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს საუბარი „ტავ ჯორჯიას“ მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

„ტავ ურბან ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე რამე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ თვლიან და აცხადებენ, რომ ოფიციალურ ინფორმაციას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

ეს პირველი შემოწმება არ არის, თურქული ავიაოპერატორის წინააღმდეგ. სულ რამდენიმე დღის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (იატას) აუდიტორებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის შემოწმება დაასრულეს. ჯერჯერობით შემოწმების დეტალები არ ხმაურდება. ყველაფერი, დაახლოებით, 2 კვირაში გაირკვევა.

იატა-ს აუდიტორები „ტავ ჯორჯიაში“ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით მარტში შევიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მთავრობას ექნება სრული სურათი, რამდენად კარგად უვლიდა ან უვლის აეროპორტს „ტავი“ და რა პერსპექტივები აქვს თბილისის აეროპორტს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შემოწმება უკვე დასრულებულია.

სწორედ ასაფრენი ბილიკი და სხვა საინვესტიციო ვალდებულებები გახდა თურქული კომპანიასთან საქართველოს ახალი ხელისუფლების უთანხმოების მიზეზი. სულ ახლახან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღიარებდა, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„არ დავმალავ, რომ „ტავ ჯორჯიასთან“ ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოს ინტერესი მაქსიმალურად დავიცვათ და უახლოეს პერიოდში, ალბათ, რაღაც შედეგი გვექნება. ჯერჯერობით, ამ საკითხის გასაჯაროება რთული იქნება.

გვინდა, რომ ის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც „ტავ ჯორჯიას“ გადაეცა, მაქსიმალურად მოვლილი და იმ კონდიციაში იყოს, როგორიც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს შეესაბამება. მისი საერთაშორისო ფუნქციიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ეს ობიექტი არ იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს“, - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

რამდენად გამონახავს მთავრობა „ტავ ჯორჯიასთან“ საერთო ენას, ალბათ, სულ მალე გამოჩნდება.