უნებართვო მიშენებების პოლიტიკური დაკანონება

უნებართვო მიშენებების პოლიტიკური დაკანონება

თბილისში უნებართვო მიშენება-დაშენებების საკითხი, შესაძლოა, საბოლოოდ გადაიჭრას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინიციატივით გამოდის დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია. მისი გამარჯვების შემთხვევაში, ამ პროგრამის განხორციელება, სავარაუდოდ, დაიწყება კიდეც, თუმცა სპეციალისტები ნამინისტრალი კანდიდატის აზრს სულ ბოლომდე არ იზიარებენ,

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უნებართვო მიშენებებზე სამშენებლო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. მათ, ვისაც უნებართვო მიშენებებზე ჯარიმა აქვს დაკისრებული, მოეხსნებათ, ხოლო უკანონო მიშენება კი - დაუკანონდებათ. სამომავლოდ, მიშენებებზე შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვა ვერ გაიცემა.

მერობის კანდიდატმა სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და მზრუნველობას მოკლებული თითოეული ოჯახი თბილისის მერიის მხრიდან მიიღებს სოციალური დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

დედაქალაქელებს იმედი გაუჩნდათ, რომ სამომავლოდ, იქნებ, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხიც მოგვარდეს, თუმცა ამ მიმართულებით მერობის მთავარ კანდიდიატს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. საქმე ისაა, რომ დაუმთავრებელი მშენებლობების გადაწყვეტას დიდი ფულადი რესურსის გარდა, წარმოუდგენლად ჩახლართული იურიდიული საკითხების მოგვარებაც სჭირდება, უნებართვო მიშენების თემა უფრო ადვილი გადასაწყვეტია.

ამგვარი მიშენებებით თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც სარგებლობს. მათი თავნებობის აღკვეთა მაინც ვერ ხერხდება, თანაც ასეთი უნებართვო წარმონაქმნების დაკანონება მერიისგან თანხის დახარჯვას არ მოითხოვს, პირიქით, მუნიციპალიტეტმა დარეგისტრირების საფასურის სახით, შესაძლოა, გარკვეული სარგებელიც კი მიიღოს.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ სარგებლიანობაზე დაფუძნებული ინიციატივა, ისევე როგორც სხვა სექტორებში, ურბანულ სფეროშიც კანონმორჩილი მოქალაქეების დაზარალებას იწვევს.

მისი აზრით, საკითხი სპეციალისტების დონეზე, ინდივიდუალური მიდგომით უნდა დარეგულირდეს და არა საყოველთაობის პრინციპით. ამნისტიით მოგებული დარჩება ადამიანი, რომელმაც კანონის დარღვევით მოახდინა დაშენება, შეიქმნა ცხოვრების უფრო კომფორტული პირობები ან გაყიდა გაზრდილი ფართი და ფულადი მოგება მიიღო. ამ დროს, მის გვერდით მცხოვრები მოქალაქე არ წავიდა ასეთ კანონდარღვევაზე და შედეგად არც სარგებელი მიუღია.

როგორც როსტომაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, მსგავსი საკითხი პოლიტიკოსების განცხადებებით კი არა, კანონის (კერძოდ, გენერალური გეგმის) საფუძველზე უნდა დარეგულირდეს, რომელიც ქალაქმშენებლობით საკითხში კონსტიტუციის ძალით ისარგებლებს და არცერთ სახელმწიფო მოხელეს თუ სხვა თანამდებობის პირს არ ექნება მისი პრინციპების დარღვევის უფლება.

„საკითხს ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. შეიძლება, მიშენებების ნაწილის დაკანონება მისაღები იყოს, ნაწილის შენარჩუნება კი - დაუშვებელი. როგორც ამნისტიის დროს საპატიმროებიდან ყველა დამნაშავეს არ უშვებენ და ამას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე განსაზღვრავს, ასე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც. ურბანისტები სწორედ ამიტომ არსებობენ და მათი აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.