"ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, მაპის გარეშეც მოხდეს - აღნიშნავენ ექსპერტები, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭება არ მოხდება. პოლიტოლოგთა ნაწილი აცხადებს, რომ ნატოს ახლანდელ სამიტზე გაფართოების საკითხი არ განიხილება და საქართველოს "საშინაო დავალება" ანუ არაფორმალური მაპი მიენიჭება შემდგომში სავარაუდო წევრობის გარანტიით - არსებობს იდეა, რომ საქართველოს მაპის გარეშე მისცენ გაწევრიანების პირობა, ანუ, როცა ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მას მაპი აღარ დასჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით "არაფორმალური მაპი" და ერთი ეტაპი ნატოს წევრობამდე.
"სიტუაციის დრამატიზებას აზრი არ აქვს, რადგან ქართული საზოგადოების ნაწილი მეტ-ნაკლებად მზად იყო ამისთვის - ვიცოდით, რომ მაპის მიღება ასე მარტივი არ იქნებოდა. რა შეიძლება გაკეთდეს მაპის მიუღებლობის შემთხვევაში, გამოითქვა ძალიან საინტერესო წინადადება: აშშ-ში საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა ნატოს შესთავაზა ასეთი ფორმულა -ვინაიდან საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არის, ხომ არაა შესაძლებელი, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები სექტემბერში შეთანხმდნენ, საქართველოს მაპის გარეშე მისცენ გაწევრიანების პირობა, ანუ, როცა საქართველო ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მას აღარ დასჭირდება მაპი. ეს მკაფიო სიგნალი იქნება საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლეთისკენ სვლა შეუქცევადი პროცესია. თავის დროზე მაპი საერთოდ არ არსებობდა. მაპი გაჩნდა, როცა სახელმწიფო მზად არ იყო გაწევრიანებისთვის და მისთვის დროის მიცემა უნდოდათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
"აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოების დაცვა შეუძლია, მაგრამ რამე ორმხრივი ხელშეკრულება რუსეთთან კონფლიქტამდე მიიყვანს. შესაძლებელია, რომ შეერთებულ შტატებთან გაღრმავდეს ურთიერთობა, რაც საქართველოსთვის გარანტი იქნება, მაგალითად, თავდაცვითი შეიარაღების თვალსაზრისით. რეალურად აშშ მზად არაა, რომ საქართველო თავის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოაქციოს, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთთან და ევრაზიასთან არსებული პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი ქვეყანაა - საქართველო არ შედის აშშ-ს ისეთ სასიცოცხლო ინტერესებში, რომ მან სპეციალური მზადყოფნა გამოთქვას, რადგან ასეთი ხელშეკრულების შემთხვევაში, ეს ნიშნავს პირდაპირ კონფრონტაციას რუსეთთან. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ისაა, რომ საქართველოს მიეცეს თავდაცვითი შეიარაღების შეძენის უფლება, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენს შემთხვევაში", - განაგრძობს პოლიტოლოგი
"თეორიულად და ისიც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ნატოს ჯარების როტაცია. საუბარი იყო, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები განათავსებდნენ დროებით მობილურ ჯგუფებს, მაგრამ ეს მაინც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ეხებოდა - ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. საინტერესო იქნებოდა თუ მოხერხდებოდა, მაგრამ როგორც ვიცი, ამ სისტემაში საქართველოს ჩართვა ჯერჯერობით არ განიხილება", - დასძენს კორნელი კაკაჩია.
"უელსის სამიტზე საქართველოს "არაფორმალურ მაპს" მისცემენ, რადგან ახლა ნატოს გაფართოების თემა დღის წესრიგში არ დგას. პირობითად ამას შეიძლება გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი დავარქვათ - `არაფორმალური მაპი~ ფაქტობრივად ეს არის. მასში იქნება კონკრეტულად თანამშრომლობის ის 5 საფეხური, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის არის საჭირო. როგორც იცით, მაპის აუცილებელი ეტაპია 5 საფეხური, პირველი - პროგრამა, მე-2-სამოძრაო გეგმა, მე-3 - ინტენსიური დიალოგის სტატუსის მინიჭება, მე-4 - მაპი ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და მე-5 - უშუალო წევრობა. თუმცა, ამ წევრობასაც დაახლოებით 2 წელი სჭირდება. ახლა ჩვენ უკვე მე-4 ეტაპზე ვართ, ინტენსიური მსჯელობის სტატუსი გვაქვს მონიჭებული", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
"გასათვალისწინებელია რატომ არ გვაძლევენ მაპს - საქმე იმაშია, რომ ნატოს ახლანდელ სამიტზე გაფართოების პოლიტიკა არ განიხილება, ახლა საუბარი უნდა იყოს სხვა აქტუალურ საკითხებზე - ავღანეთში არსებული სიტუცია, სირიაში პოლიტიკური ისლამი, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, უკრაინის ვითარება და სხვა. გაფართოების პოლიტიკა არ განიხილება და ბუნებრივია, არც ჩვენთვის მაპის მონიჭების საკითხზე იმსჯელებენ. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოსთვის მიცემული "საშინაო დავალება" და შემდგომ 2016 წელს იქნება სამიტი, რომელზეც სავარაუდოდ, გაფართოების საკითხს განიხილავენ", - ამბობს მაისაია.
"ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის 2009 წლის 20 იანვარს ხელმოწერილი საქართველო-აშშ-ს სტარტეგიული ურთიერთობის ქარტია. ამერიკელებმა შემოიღეს სპეციალური ტერმინი "ღერძული სახელმწიფო". ქარტიის მიხედვით, საქართველო "ღერძული სახელმწიფოა" ისევე, როგორც ეგვიპტე, ისრაელი, თურქეთი. იურიდიულად ეს დოკუმენტი მზადაა და მასში მთავარი საფუძველი უსაფრთხოების გარანტიებია. ამერიკა ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს უსაფრთხეობაზე იზრუნოს, მაგრამ ეს ვალდებულება არ სრულდებოდა, რადგან იმ პერიოდში ობამას ადმინისტრაცია თვლიდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიული არ იყო, ამიტომ მისთვის მსგავსი დახმარების აღმოჩენა საშიში იქნებოდა. ახლა ღარიბაშვილთან მაღალი დონის შეხვედრები ადასტურებს, რომ ამერიკას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე წინა რეჟიმის მიმართ. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზე ვართ, ამიტომ აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მომავალში იმის მიხედვით იმოქმედებს", - დაასკვნის ექსპერტი.