მეხორბლეებმა სხვადასხვა მოთხოვნებს მოუხშირეს

მეხორბლეებმა სხვადასხვა მოთხოვნებს მოუხშირეს

მეხორბლეთა ასოციაცია ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებს. ჯერ იყო ადგილობრივ ბაზარზე აზერბაიჯანულ მონოპოლიას აპროტესტებდა, შემდეგ ძველი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობას ითხოვდა, ახლა ფქვილის ბაზრის მკაცრად გაკონტროლების პირობას აყენებს და

იმპორტირებული ფქვილის ხარისხის გაკონტროლებას ითხოვს. საუბარია რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე, რადგან თავად რუსი ფქვილის მწარმოებლები აღიარებენ, რომ ამ ქვეყნის ფქვილის ბაზარზე პრობლემებია.

რუსული წყაროების ინფორმაციით, ამჟამად ბაზარზე კუსტარულად ფქვილის მწარმოებელთა ხვედრითი წილი 40%-ს შეადგენს. იქ პროდუქციას კუსტარული საამქროებიც აწარმოებენ, რომელიც ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, რადგან არ გააჩნიათ ტექნოლოგიური ლაბორატორიები და ასეთი საწარმოები უნდა აიკრძალოს. კუსტარული ფქვილისგან დამზადებული პური ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგანაც მასში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა დაუშვებელი ქიმიური ნივთიერებები.

არადა საქართვლეოში რუსული ფქვილის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ფქვილის იმპორტი გაიზარდა. 2011 წელს საქართველოში რუსეთიდან 0,9 ტონა ფქვილის (ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის) იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც 0,5 ათასი დოლარი იყო. 2012 წელს რუსეთიდან საქართველოში 24,5 ტონა ფქვილი შემოვიდა, 2013 წელს კი 4428 ტონა. რაც შეეხება 2014 წლის მიმდინარე პერიოდს (იანვარი მაისი) რუსეთიდან საქართველოში უკვე შემოტანილია 4978,7 ტონა ფქვილი.

შესაბამისად, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა აცხადებს, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთიდან საქართველოში უხარისხო ფქვილის იმპორტი არ ხდება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ფქვილის იმპორტი ხარისხობრივ კონტროლს დაექვემდებაროს. უკვე გვაქვს იმის მაგალითები, რომ თავად რუსები აღიარებენ იმას, რომ წარმოებული ფქვილის 40% უხარისხოა და გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს ფქვილი საქართველოში არ შემოდის. უკრაინაში და რუსეთში ჩრდილოვანი ეკონომიკაა და ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს“, - აცხადებს სილაგავა სააგენტო „ჯიეიჩენთან“ საუბრისას.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, წლების წინ საბაჟოზე ფქვილის შემოწმების რეჟიმი საერთოდ მოიხსნა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ფქვილის იმპორტმაც მოიმატა, რადგანაც იმპორტიორებმა იცოდნენ, რომ ხარისხი არ კონტროლდებოდა.

„ამის შემდეგ პრობლემაზე ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბარი მთავრობასთან და იყო გარკვეული მექანიზმი, როდესაც წინასაიმპორტო ნებართვებს თხოულობდნენ. ფაქტია, რომ ოდნავ დაცულები ვიყავით. ამის შემდეგ არის გარდამავალი პერიოდი, სურსათის უვნებლობის სამსახური მუშაობს ამ მიმართულებით და სურთ, რომ გაკონტროლდეს, როგორც ფქვილის, ასევე ყველა პროდუქტის ხარისხი. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობდნენ კვერცხის მწარმოებლებიც“, - აცხადებს სილაგავა.

„მეხორბლეთა ასოციაციაში“ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მიაჩნიათ.

„ვითხოვთ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას. საუბარი არ არის მხოლოდ იმპორტირებულ ფქვილზე, საუბარი გვაქვს ადგილობრივ წარმოებაზეც. რაც აწერია ფქვილს ის ხარისხი უნდა იყოს. ხშირად ხდება, როდესაც ტომარას აწერია უმაღლესი ხარისხი, თუმცა რეალურად პროდუქცია პირველი ხარისხისაა, თუმცა იყიდება უმაღლესი ხარისხის ფასად“, - ამბობს სილაგავა.

მეხორბლეებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ. 1-ლი ივნისიდან მსხვილი იმპორტიორებისთვის, ვისაც კი 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, ე.წ. შეღავათი გაუქმდა. მათ ისევე როგორც სხვა მეწარმეებს დღგ-ს გადახდა პროდუქციის შემოტანისთანავე უწევთ.

მეხორბლეები ამტკიცებენ, რომ მარაგების შექმნა სჭირდებათ, რადგან ამ პერიოდში რუსეთში ხორბლის მოსავალია, ხოლო ჭარბი მიწოდებისა და დაბალი ფასის გამო, მარაგები ივსება. სილაგავას თქმით, კრიზისული პერიოდის შემთხვევაში კომპენსირება სწორედ მარაგების საშუალებით ხდება. თუმცა, ახალი კანონის გამო მარაგები 18%-ით შემცირდება. ეს კი ადგილობრივი ბაზრისთვის სულაც არ არის კარგი, რამეთუ საქართველო დიდწილად ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა.

მართალია, ბოლო 2 წელიწადში ადგილობრივი მოსავლის რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ წელს ამ მხრივ რთული ვითარებაა. უამინდობამ წლევანდელი ხორბლის ნათესები დააზიანა და უკვე აშკარაა, რომ საერთო მოსავლიანობა შემცირდება. ზოგიერთ რაიონში ისეთი მძიმე ვითარებაა, შეიძლება, 1 ჰა-ზე 500-600 კგ ხორბალზე მეტი არ მოვიდეს. შესაბამისად, წელს ადგილობრივი მარცვლეულით ბეღელის შევსების იმედი არ უნდა გვქონდეს.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, მათ შეხვედრა ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესთან. ლევან სილაგავას თქმით, იყო დაპირება, რომ კანონს გადახედავენ, თუმცა რას აპირებს მთავრობა ამ ეტაპზე, უცნობია.